Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხუცესთა საბჭოს საგანგებო მიმართვა ძალოვნებსა და ხელისუფლებას


უხუცესთა საბჭოს წევრები
უხუცესთა საბჭოს წევრები

პანკისელები ძალოვან უწყებებსა და ხელისუფლებას ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. საქმე ეხება 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც სპეცრაზმელებმა 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პარალელურად თელავის პროკურატურაში მიმდინარეობს სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ოჯახის წევრთა დაკითხვა.

პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციიდან მეორე დღეს ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები დუისის კულტურის ცენტრში საგანგებოდ შეიკრიბნენ და როგორც სახელმწიფოს, ასევე ძალოვან უწყებებს სპეციალური განცხადებით მიმართეს. პანკისში მოქმედი უხუცესთა საბჭოს წევრმა ზაურ გუმაშვილმა განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგნი არ არიან ძალოვანმა სტრუქტურებმა წესრიგის დაცვის მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარონ და ზომები გაამკაცრონ, მაგრამ მათთვის მიუღებელია სპეცოპერაციის იმგვარად ჩატარება, რომ ადამიანს ღირსება შეულახონ და შეურაცხყონ.

პანკისელების შეკრება სოფელ დუისში
პანკისელების შეკრება სოფელ დუისში

ზაურ გუმაშვილის თქმით, მისი ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით განხორციელდა, ამიტომ მოთხოვნაა გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

დუისში გამართულ შეხვედრას დაესწრო უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ხასო ხანგოშვილი. მას კითხვები აქვს, თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს? ხანგოშვილმა თქვა, რომ ჯერ გამოძიების შედეგებს დაელოდებიან, შემდეგ კი მოქმედების სხვა გეგმებს დასახავენ. უხუცესთა საბჭოს შეკრების შემდეგ პანკისში დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მიმართა. ზაურ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ბოლომდე გაჰყვება.

პანკისელების შეკრება სოფელ დუისში
პანკისელების შეკრება სოფელ დუისში

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ადგილზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, ლია ხუროშვილი. მისი თქმით, ახლა მთავარი შეკითხვაა: ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების დროს.

სოფელ დუისში სპეცრაზმელების მიერ სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტადრა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თემირლან მაჩალიკაშვილს უკვე ჰყავს ადვოკატი. ცირა ჯავახიშვილი სპეცოპერაციის დროს არსებულ გადაცდომებზე ლაპარაკობს.

დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს...
ოფიციალური ინფორმაცია

თელავის პროკურატურაში უკვე დაკითხეს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა გვითხრა, რომ ოჯახის მოთხოვნა ერთია: დადგინდეს სიმართლე.

სპეცრაზმის წევრების მხრიდან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე. ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG