Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „ნაციონალიზაცია“


მიხეილ სააკაშვილი, ეკატერინე ზღულაძე. 2012 წელი.
მიხეილ სააკაშვილი, ეკატერინე ზღულაძე. 2012 წელი.

უკრაინის პრეზიდენტი აპირებს მინისტრთა კაბინეტში მიიწვიოს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი. ლაპარაკია ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე ეკატერინე ზღულაძეზე. უკრაინული ტელეარხის „TV-24”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასაც შესთავაზეს თანამდებობა უკრაინის მთავრობაში, თუმცა შეთავაზებაზე უარი თქვა. რა განაპირობებს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრებისადმი უკრაინის მთავრობის მაღალ ინტერესს და როგორ უყურებს ამ პროცესს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება?

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ თავმჯდომარემ იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები შეიძლება დაიკავონ ამერიკის, ლიტვისა და საქართველოს სამმა მოქალაქემ, თუმცა, როგორცუკრაინულ საინფორმაციო სააგენტო „უნიან“-ს იური ლუცენკომ განუმარტა, ამისათვის, უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე კანდიდატმა უნდა მიიღოს უკრაინის მოქალაქეობა, რაც ხანგრძლივი, 2-წლიანი, პროცედურაა:

„ამის გამო ვაპირებთ კანონებში ცვლილების შეტანას და ამ ვადის შემცირებას, თუმცა ვიდრე ოფიციალური პროცედურები დასრულდება, ამ ადამიანებს მიეცემათ მთავრობაში მუშაობის საშუალება“.

ნიუ-იორკიდან ჩამოვფრინდი ალექსანდრე კვიტაშვილთან, ჩემ დიდი ხნის მეგობართან ერთად, რომელიც წარდგენილია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის...
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეიძლება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ალექსანდრე კვიტაშვილია და, როგორც ირკვევა, 2 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მას უკვე მისცა უკრაინის მოქალაქეობა. ტელეკომპანია TV24-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ილაპარაკა როგორც კვიტაშვილისა და ზღულაძის თანამდებობებზე დანიშვნაზე, ასევე პირადად მიღებულ შეთავაზებაზე:

„ნიუ-იორკიდან ჩამოვფრინდი ალექსანდრე კვიტაშვილთან, ჩემ დიდი ხნის მეგობართან ერთად, რომელიც წარდგენილია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ეკა ზღულაძეც ძალიან კარგი მინისტრის მოადგილე და მინისტრი იყო, სწორი შეხედულებებით. ასევე ლაპარაკია სხვა კანდიდატურებზეც, რომლებიც, რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლებამ შეარჩია. რაც შეეხება ჩემს ვიცე-პრემიერობას. ამის თაობაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ თავი იჩინა რამდენიმე პრობლემურმა საკითხმა - მაგალითად, მოქალაქეობის საკითხმა, რომელიც საკმაოდ ორაზროვანია. უნდა დავტოვო საქართველოს მოქალაქეობა და მივიღო უკრაინისა, მაგრამ მე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვარ და ჩემს ქვყანას, უკრაინასთან ერთად, გადარჩენა სჭირდება“.

აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, იყვნენ ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით...
კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების უპირველესი ამოცანა კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლაა, მისი წარმატებით დასრულება კი შესაძლებელია მხოლოდ ახლებური მიდგომით, რისი მდიდარი გამოცდილებაც აქვს საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გამოცდილების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულა აქვს საქართველოს დღევანდელ მთავრობას.

“აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, იყვნენ ძირითადი ავტორები იმ ძალადობრივი რეჟიმისა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მტკივნეული ჩვენთვის“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, გასაკვირი იქნება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც პრაქტიკულად ჩააგდეს რეფორმები საქართველოში და კოლაფსის წინაშე დააყენეს ქვეყანა იმდენად, რომ მოსახლეობას მოუწია სასწრაფოდ მათი გადაყენება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ამგვარი საკადრო პოლიტიკა ხელს ვერ შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას, თუმცა მთავრობის წევრების ამ განცხადების პასუხად პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ მისთვის მიუღებელი საკადრო პოლიტიკის გამო ურთიერთობა გააფუჭოს ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც უკრაინააო:

„ჩვენ უკრაინა უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას“.

ამასთან, კორნელი კაკაჩიას არ უკვირს, რომ უკრაინის მთავრობის ყურადღების ცენტრში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოექცნენ.

მნიშვნელოვანია მოხდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, კორუფციის დამარცხება, ძირეული რეფორმების გატარება ძალიან ბევრ სფეროში. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წევრებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამგვარი რეფორმების ჩატარების...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ძირითადი მიზეზი, ალბათ, არის ის რეიტინგები, რომლებიც ასახული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, განსაკუთრებით, ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით, რომელიც აღიარებული იყო მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, განსაკუთრებით - კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იგივე პოლიციის რეფორმა და სხვა, რომლებიც შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ როგორც წარმატებული მოდელი. უკრაინის ხელისუფლებას კი იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა. ამიტომ უკრაინის ხელისუფლება სისხლხორცეულად არის დაინტერესებული იმით, რომ ჰყავდეს ისეთი გამოცდილი ხალხი, რომელმაც გაიარა ეს გზა და იცნობს იმ პოსტსაბჭოთა რეალობას, რომელთანაც მოუხდათ გამკლავება“, უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ამბობს, უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთის აგრესიას შეუძლია დაუპირისპირდეს არამხოლოდ ძლიერი თავდაცვითო:

„მნიშვნელოვანია მოხდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, კორუფციის დამარცხება, ძირეული რეფორმების გატარება ძალიან ბევრ სფეროში. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წევრებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ამგვარი რეფორმების ჩატარების და, თანაც, სწორედ რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის პირობებში, ბუნებრივია, ყურადღება შეჩერდა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებზე“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, საფუძველი ეცლება მოქმედი ხელისუფლების რიტორიკას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაანგრია საქართველოს ეკონომიკა - ყველა რწმუნდება, რომ წინა ხელისუფლება წარმატებული იყო ბევრი მიმართულებითო.

„თუკი ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, აღიარებს ამას, ისევე როგორც აღიარებს ამას საერთაშორისო საზოგადოება, რომლის მთელი ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია უკრაინისკენ, მაშინ, ბუნებრივია, რომ საფუძველი ეცლება ივანიშვილისა და მისი მთავრობის არგუმენტებს“, უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG