Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ახალი მთავრობის შექმნაზე ბჭობენ


არსენი იაცენიუკი, პეტრო პოროშენკო, ვლადიმირ გროისმანი
არსენი იაცენიუკი, პეტრო პოროშენკო, ვლადიმირ გროისმანი

უკრაინაში გრძელდება ძალისხმევა ახალი მთავრობის შესაქმნელად, რათა ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს და განახლდეს უკრაინისათვის უცხოეთიდან ფინანსური დახმარება. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკის გადადგომის შემდეგ, მის მემკვიდრედ განიხილება პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანი. ამასობაში, ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა უკრაინის ახალი მთავრობის შექმნის პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და მთავრობას მოუწოდებს, შექმნან ხალხის ნდობით აღჭურვილი კაბინეტი. ორშაბათს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა რეფორმების დაყოვნება და დასძინა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან არსენი იაცენიუკის გადადგომა საქმეს ვერ უშველისო.

„პრობლემა არ არის მარტო იაცენიუკი და არაიმდენად იაცენიუკი! პრობლემა არის პოლიტიკური კლასი და პრობლემა არის ქვეყნის შიგნით პრობლემებისა და რეფორმირების პროცესის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის მიდგომაც“, - განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის პოსტს, მე როგორც ვიცი, ბატონმა გროისმანმა გადაწყვიტა მისი შეთავაზება ალექსანდრ დანილიუკისათვის...
მუსტაფა ნაიემი

უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მისი ღია კრიტიკის ფონს ქმნის უკრაინის პარლამენტის მზადება კენჭისყრისათვის, რომლითაც, სავარაუდოდ, დაამტკიცებს ახალ მთავრობას და ამით გააძლიერებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პოზიციებს: 38 წლის ვლადიმირ გროისმანი, რომელიც, ალბათ, გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი, პოროშენკოს მოკავშირეა. მეორე მხრივ, მოელიან, რომ მთავრობას დატოვებს რეფორმისტად მიჩნეული ფინანსთა მინისტრი, შეერთებულ შტატებში დაბადებული, ეთნიკურად უკრაინელი ნატალია იარესკო.

პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა, პარლამენტარმა მუსტაფა ნაიემმა 12 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ იარესკოს შეცვლის ალექსანდრ დანილიუკი, ინვესტიციების ყოფილი მენეჯერი, ამჟამად პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.

„რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის პოსტს, მე როგორც ვიცი, ბატონმა გროისმანმა გადაწყვიტა მისი შეთავაზება ალექსანდრ დანილიუკისათვის“, - უთხრა ჟურნალისტებს მუსტაფა ნაიემმა.

ვარაუდობენ ასევე, რომ ნატალია იარესკოსთან ერთად კაბინეტს დატოვებენ სხვა ტექნოკრატებიც, რომლებიც 2014 წელს უცხოეთიდან მიიწვიეს უკრაინაში იმის იმედით, რომ მათი, როგორც კომპეტენტური ექსპერტების, სტატუსი და უცხოეთში მუშაობის გამოცდილება უკრაინას დაეხმარებოდა რეფორმების განხორციელებაში. ამასთან, ფინანსთა მინისტრის პოსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალი პრობლემით - მათ შორის, რუსეთსა და სეპარატისტებთან დაპირისპირებით - დასუსტებული უკრაინისათვის უცხოელ დონორებთან ურთიერთობის პროცესში.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

​პოროშენკომ და გროისმანმა საჯარო განცხადებებით დაუჭირეს მხარი რეფორმების პროგრამას, რომლის შესრულებასაც სავალუტო ფონდი მოითხოვს და პირობა დადეს, რომ ამოძირკვავენ კორუფციას, მაგრამ აქამდე, მაგალითად, პროკურატურის რეფორმის ნელმა ტემპმა ბევრი დააეჭვა პოროშენკოს ნებაში, შეცვალოს სტატუს კვო.

და მაინც, უკრაინაში ახალი, სტაბილური მთავრობის შექმნამ შესაძლოა გზა გაუხსნას საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარების მორიგი, მესამე ტრანშის - 1,7 მილიარდი დოლარის - მიღებას. ფული დაბლოკილია ოქტომბრიდან, კიევში პოლიტიკური კრიზისის გამო.

12 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ პარლამენტში პოროშენკოს მხარდამჭერ ფრაქციას, რომელიც „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ და „სახალხო ფრონტის პარტიას“ აერთიანებს, შეუერთდა ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლების საკმარისი რაოდენობა მოგროვდა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად, მაგრამ, დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის შემადგენლობაზე ცხარე დისკუსიების შემდეგ, პარლამენტმა გადადო კენჭისყრა. მიზეზად სახელდება ვლადიმირ გროისმანის უარი ითანამშრომლოს მთავრობის წევრობის ზოგ კანდიდატთან, რადგან ისინი არ გამოთქვამენ მტკიცე მხარდაჭერას მომჭირნეობის ზომებისადმი, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს. უკრაინის ახალი მთავრობის შესახებ კენჭისყრა ოთხშაბათის ან ხუთშაბათისათვის არის მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG