Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ კრავჩუკი: უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა


კიევი, 2014 წლის 29 იანვარი
კიევი, 2014 წლის 29 იანვარი
უკრაინის პარლამენტში მსჯელობენ ორი თვის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტებისთვის შესაძლო ამნისტიის შესახებ. პარლამენტარებს „მთელი პასუხისმგებლობით“ მოქმედებისაკენ მოუწოდა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა, რომელიც თავის ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავს.

უკრაინის პირველმა პოსტსაბჭოთა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა ოთხშაბათს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხები იყო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტებისათვის შესაძლო ამნისტია და საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებაზე ზრუნვა, მიმართა დეპუტატებს.

„ვითარება, გულახდილად რომ ითქვას, დრამატულია. მთელი მსოფლიო აღიარებს და უკრაინაც აღიარებს, რომ სახელმწიფო დგას სამოქალაქო ომის ზღვარზე. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, ქვეყანაში დე ფაქტო ამბოხებაა“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მოიპოვეთ სრული და საბოლოო გამარჯვება. თუ ახლა შეჩერდებით, სრული გამარჯვების გარეშე, ამაო იქნება ყველა მსხვერპლი, რომელიც უკვე გაიღეს უკრაინელებმა, თავიანთი თავგანწირული ბრძოლით...
იულია ტიმოშენკო

ოთხშაბათს პარლამენტის სხდომა დროებით შეჩერდა - ოპოზიცია და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ კომპრომისის მიღწევას ცდილობენ. ოპოზიცია მოითხოვს დაკავებული დემონსტრანტების უპირობო ამნისტიას, მაშინ როცა „რეგიონების პარტიის“ წინადადებით, ამნისტია მისაღები იქნება, თუ მანამდე ბოლო მოეღება ქუჩებში საპროტესტო აქციებს, ისევე როგორც მთავრობის შენობების ოკუპაციას. ოპოზიცია უარყოფს ამ ვარიანტს.

ამნისტიაზე საპარლამენტო დებატების წინა დღეს, ანუ სამშაბათს, იანუკოვიჩმა მიიღო პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გადადგომა, ხოლო პარლამენტმა გააუქმა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონები, რომლებიც მანამდე ორი კვირით ადრე იქნა მიღებული.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო დემონსტრანტებს მოუწოდებს, გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი მოთხოვნების შესრულების მისაღწევად. ამ მოწოდებას შეიცავს მიმართვა, რომელიც კიევში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენიამ.

„არ შეწყვიტოთ წინსვლა! ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავსა და თქვენს ერთობას. მოიპოვეთ სრული და საბოლოო გამარჯვება. თუ ახლა შეჩერდებით, სრული გამარჯვების გარეშე, ამაო იქნება ყველა მსხვერპლი, რომელიც უკვე გაიღეს უკრაინელებმა, თავიანთი თავგანწირული ბრძოლით“.

ვიტალი კლიჩკო
ვიტალი კლიჩკო
სამშაბათ საღამოს დემონსტრანტებს მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომაც. მან ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის აუცილებლობაზე: „უნდა დავუბრუნდეთ 2004 წლის კონსტიტუციას და ყველა ზომას მივმართოთ, რათა ძალაუფლება არ იყოს ერთი ადამიანის ხელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! რადგან არც ერთ ჩვენგანს არ სურს დამოკიდებული იყოს ერთ ადამიანზე და ერთი ადამიანის წარმოდგენებზე და იმაზე, თუ დილას რომელი ფეხით ადგა ლოგინიდან“,- განაცხადა კლიჩკომ.

კიევში ჩავიდნენ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, კრიზისის მოსაგვარებლად შუამავლობის მიზნით.

უკრაინაში შექმნილ ვითარებას ვაშინგტონიდან გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომელიც სამშაბათ საღამოს გამოვიდა ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

„უკრაინაში მხარს ვუჭერთ პრინციპს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვისა და თავისი ქვეყნის მომავალში წვლილის შეტანის უფლება“, - განაცხადა ობამამ კონგრესის წინაშე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG