Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმბერტო ეკოს ბოლო კონსპირაცია


გამომცემლობა "დიოგენემ" ცოტა ხნის წინ დაბეჭდა უმბერტო ეკოს მეშვიდე და უკანასკნელი რომანი "საცდელი ნომერი", გამოცემული მის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. წიგნი იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა. ეკოს ეს რომანიც კონსპიროლოგიაზეა, თუმცა კი, თუ ადრინდელ რომანებს შევადარებთ, ავტორის ეს აკვიატებული თემა შეთქმულების თეორიაზე მის ბოლო ტექსტში აღარაა ისეთი მასშტაბური, როგორიც ადრე იყო. "საცდელ ნომერში" ორი ხაზია: მოდელირებული ჟურნალისტიკა, როგორც გავლენების მოპოვების საშუალება, და ვერსია ბენიტო მუსოლინის სიკვდილ-სიცოცხლეზე. მოქმედება 1990-იან წლებში ვითარდება. მილანში მაგნატი ვიმერკანტე, რომელსაც კომანდორად მოიხსენიებენ, იწყებს გაზეთ "ხვალეს" საცდელ ნომრებზე მუშაობას. გაზეთის რედაქტორი, სიმეი, თავის ირგვლივ სულ ექვსიოდე ხელმოცარულ, ყვითელ პრესაში მომუშავე ჟურნალისტს შემოიკრებს. მათ შორისაა კოლონა, რომელსაც სიმეი თავის თანაშემწედ აიყვანს და მიზნებსა და ხრიკებსაც გაანდობს. სიმეი მხოლოდ კოლონას ეუბნება, რომ გაზეთი "ხვალ" არასოდეს გამოვა, და იგი კომანდორს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ფინანსების, ბანკებისა და გაზეთების მაღალ წრეებში შეაღწიოს. ის აპირებს 12 საცდელი ნომერი დაბეჭდოს მცირე ტირაჟით და აჩვენოს მხოლოდ ამ მაღალი წრის წარმომადგენლებს და აგრძნობინოს, რომ გაზეთის გამოცემით მათ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, რის შემდეგაც მოხდება გარიგება: კომანდორი აღარ გამოსცემს ამ გაზეთს და სანაცვლოდ ამ ელიტის წევრი გახდება. გაზეთის მთავარი ხრიკი, რამაც, მაგნატისა და რედაქტორის აზრით, უნდა იმუშაოს, არის ის, რომ გაზეთი ვითომდა დაწერს იმაზე, თუ რა არის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი, გააკეთებს სწორ პოლიტიკურ პროგნოზებს და ამას მოახერხებს ძალიან იოლად: საცდელ ნომრებს გამოუშვებს უკანა თარიღით, ანუ უკვე მომხდარ მოვლენებს ჟურნალისტები შესაძლო ვერსიების ფორმით დაწერენ. ვინაიდან გაზეთი ქსელში არ გადის და იბეჭდება მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისათვის საჩვენებლად, ისინი ვერ მიხვდებიან ამ ოინს და ირწმუნებენ "ხვალეს" პოტენციალს. რედაქციაში ახალი შემართებით მოსული ჟურნალისტები პირველივე დღეს იგებენ, რომ მხოლოდ "მოდელირებული ქრონიკა" უნდა თითხნონ და ეგუებიან საკუთარ ბედს, თუმცა არის ერთი, გვარად ბრაგადოჩო, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს ბენიტო მუსოლინის შესახებ. მაგრამ ამაზე ქვემოთ, ახლა კი იტალიურის სპეციალისტს, მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს მოვუსმინოთ.

უმბერტო ეკოს ბოლო კონსპირაცია
please wait

No media source currently available

0:00 0:09:11 0:00
გადმოწერა

ხათუნა ცხადაძე
ხათუნა ცხადაძე

ხათუნა ცხადაძე: ამ წიგნზე სხვადასხვა აზრებია. გაკრიტიკებულია ათასნაირად, როგორც ყველაზე სუსტი ნაშრომი ეკოსი, თუმცა საინტერესოდაც მიაჩნია ბევრს. თვითონ ეკო ამბობდა, სხვა ჩემს რომანებს არ გაუმართლა, იმიტომ რომ პირველს ერგო ძალიან დიდი წარმატება და რაღაცნაირად დაჩრდილა სხვებიო. სინამდვილეში ყველა შემდეგი ჯობია წინასო. ეკოზე ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, მის რომანებს რომ მოაშორო მისი ერუდიცია, დაგრჩება სულ რამდენიმე პწკარი სიუჟეტი და ეგ არის სულო. ამაში არის, ცხადია, სიმართლის ნაწილი, მაგრამ ეს რომანი ამითაც გამოირჩევა: ის ერუდიცია, ის დიდი ტანი მისი რომანებისა, რომელიც არის სხვა რომანებში, აქ არ არის. ეს არის "გამხდარი წიგნი" და სრულიად სხვა სტრუქტურის. ამ წიგნზე ბევრი რამ დაიწერა. თქვეს, რომ ეს არის გარომანებული პაფლეტი უპატიოსნო, უნამუსო ჟურნალისტიკაზე, ეს არის რომანი იმაზე, თუ როგორ ხდება ახალი ამბის შექმნა ხელოვნურად. ანუ ეკო წერს: დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ამბები ქმნიან გაზეთს? სინამდვილეში არის პირიქით, ამბობს ის: გაზეთები ქმნიან ახალ ამბავს და გაწვდიან იმას, რაც უნდათ, და შენ ამას იღებ როგორც ახალ ამბავს. ეკოს არაერთხელ აქვს გამოთქმული ჟურნალისტიკაზე, ტელევიზიაზე თავისი მოსაზრებები, სკანდალის შექმნის ფენომენზე. მაგალითად, "პრაღის სასაფლაოში" აქვს ძალიან საინტერესო პასაჟი ამაზე და ეს ყველაფერი მაინც "ფუკოს ქანქარით" იწყება.

ახლა რაც შეეხება რომანის მეორე ხაზს. ბრაგადოჩოს აქვს ვერსია, რომ ადამიანი, რომელიც შვეიცარიაში გადასვლის მცდელობისას დაიჭირეს, დახვრიტეს და მერე მილანში, ლორეტოს მოედანზე ფეხებით დაკიდეს მისი საყვარლის, კლარა პეტაჩის, ცხედართან ერთად, იყო არა დუჩე, არამედ მისი ორეული, ხოლო თავად დუჩე ან არგენტინაში გადაიყვანეს ფარულად, ან ვატიკანში. ის მწყობრად ავითარებს თავის ვერსიას, ამაგრებს არგუმენტებით, აგრძელებს გამოძიებას და დეტალების დაზუსტებას და ყოველივე ამას პერიოდულად უყვება კოლონას. ეს თემა საშუალებას აძლევს ავტორს, აღწეროს მეორე მსოფლიო ომის და შემდგომი პერიოდის იტალია მთელი თავისი რეალური თუ სავარაუდო სახელმწიფოებრივი საიდუმლო გარიგებებით თუ მაქინაციებით. თუმცა თუ კიდევ უფრო ღრმად შევხედავთ, რისთვის დასჭირდა ეკოს მუსოლინის თემა? მოვუსმინოთ კვლავ ხათუნა ცხადაძეს.

ხათუნა ცხადაძე: მუსოლინის ორეულის თემა, მგონი, ზუსტად იმიტომ აქვს, რომ ადამიანები რაღაცნაირად წამოეგებიან, მეტიც, ეძებენ კიდევაც ასეთ ამბებს. ამ თემას უკავშირებს ის, თუ როგორ ხდება ადამიანების წარმოსახვაზე და მათ მოლოდინებზე თამაში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრით მანიპულირება და, საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც არის, მართლა არის, თუ ჩვენ გვგონია, რომ არის. საერთოდ, სად არის ამ ფიქციასა და რეალობას შორის ზღვარი? სად მთავრდება ეს რეალობა და სად იწყება? და მუსოლინის ამბავი და, ზოგადად, ეს ისტორია წიგნში ზუსტად ამ ცარიელი საიდუმლოს თემაა, რომელსაც ის თავის არაერთ რომანში ავითარებს. ანუ ისტორია ის კი არ არისო, რაც იყო, არამედ ისტორია ის არის, რაც დაგვაჯერეს, რომ იყო.

ეს წიგნი რამდენიმე ასპექტით არის რთული სათარგმნი, იმიტომ, რომ ცოდნა უნდა იტალიურ ამბებს: მუსოლინის ამბებიდან დაწყებული და მის სიკვდილთან დაკავშირებული ვერსიები, მერე 70-იანი წლების იტალია, რომელიც იყო საოცრად საინტერესო და დღემდე ამოუხსნელი და ურთულესი ბევრი თვალსაზრისით, სადაც უამრავი მოქმედი მხარე იყო ჩართული, ითხოვს მთარგმნელისგან იტალიის თანამედროვე ისტორიის კარგად ცოდნას...
ხათუნა ცხადაძე

ამ ორ ხაზს, გაზეთ "ხვალესი" და მუსოლინის, საბოლოო ჯამში, ეკო ადამიანის პირად განცდებსა და ბედისწერაზე კვეთს, გვაჩვენებს, თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ადამიანზე იმ აზრით ცხოვრებამ, რომ ის მუდამ კონსპიროლოგიის ტყვეა. ნაჩვენებია, თუ როგორ ცვლის სამყაროს ხედვას სპეკულაციური აზროვნება, როგორ აგდებს ადამიანს უმწეობასა და სასოწარკვეთაში და, მეორე მხრივ, იმავე სპეკულაციურმა აზროვნებამ როგორ შეიძლება იხსნას იგი ამ უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი: ამ წიგნს თავისი პროტოტიპები ჰყავს და აღწერილი სიტუაციები გამოძახილია იმ რეალური მოვლენებისა, სხვადასხვა პერიოდის იტალიაში განმსაზღვრელ როლს რომ თამაშობდა. მაგრამ თუ ამ კონტექსტს კარგად არ იცნობ, ცხადია, ვერც მიხვდები, რის უკან რა იგულისხმება, ამიტომ მოვუსმინოთ ერთხელაც ხათუნა ცხადაძეს.

ხათუნა ცხადაძე: წიგნში ძალიან კარგად ჩანს, თუმცა ეკო არ ახსენებს ბერლუსკონის გვარ-სახელით, მაგრამ ამ წლების იტალია. ეპიზოდებიც კი აქვს მოყვანილი ამ რომანში ეკოს, ზუსტად ბერლუსკონისთან დაკავშირებით. მაგალითად, მოსამართლე, რომელმაც საბრალდებო განაჩენი გამოუტანა ბერლუსკონის, მას ბერლუსკონის არხებმა თუ საინფორმაციო საშუალებებმა იქით შეუტიეს. რადგან შესატევი დიდი არაფერი ჰქონდათ, რაღაც ეჭვის ჩაწვეთების მცდელობები იყო, რომ ეს ადამიანი რაღაც უცნაურ წრეებში ტრიალებს. ეს წიგნი რამდენიმე ასპექტით არის რთული სათარგმნი, იმიტომ, რომ ცოდნა უნდა იტალიურ ამბებს: მუსოლინის ამბებიდან დაწყებული და მის სიკვდილთან დაკავშირებული ვერსიები, მერე 70-იანი წლების იტალია, რომელიც იყო საოცრად საინტერესო და დღემდე ამოუხსნელი და ურთულესი ბევრი თვალსაზრისით, სადაც უამრავი მოქმედი მხარე იყო ჩართული, ითხოვს მთარგმნელისგან იტალიის თანამედროვე ისტორიის კარგად ცოდნას. სხვათა შორის, ვფიქრობდი, ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, რომ აი, ვინც ასე კულტურულად ახლოს არ არის თანამედროვე ისტორიასთან, რამდენად მოეჩვენება ან საინტერესოდ, ან თუნდაც გასაგებად რაღაც ამბები, ვთქვათ, "წითელი ბრიგადების" და ტყვიის წლების იტალია, რაც იყო 70-იანი წლების ტერორიზმის ხანა, მისი შემდგომი 80-იანი წლები, მერე კიდევ მისი შემდგომი 90-იანი წლები, რასაც მოჰყვა ლამის 20-წლიანი ბერლუსკონის ეპოქა.

თუკი შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ, ერთი მხრივ, ეკოს არ დაუწერია მრავალპლანიანი რომანი თავისი ლაბირინთებით, ისტორიული, ფილოსოფიური თუ ოკულტური მისტიფიკაციებით, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს შეთქმულების თეორიის ყველაზე აქტუალურ და მწვავე რაკურსს შეეხო ზედმეტი მხატვრული გართულებების გარეშე და ეს ტექსტი თავისებურ ანდერძად დაუტოვა მაქინაციებსა და სპეკულაციებში გლობალურად ჩაძირულ სამყაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG