Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე ფოტო-გამოფენა მიმდინარეობს


გამოფენა გაეროში
გამოფენა გაეროში

"ფოტოზე აღბეჭდილი იძულებითი გადაადგილების ისტორია" - ამ სახელწოდებით ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. უცხოელი ფოტორეპორტიორების მიერ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გადაღებული ფოტოები 1990 წლიდან დღემდე არსებულ ვითარებას ასახავს. გამოფენა 2 ივნისამდე გაგრძელდება. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

სიმართლე საქართველოში მიმდინარე აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შესახებ მსოფლიომ უფრო მეტად უცხოელი ჟურნალისტების რეპორტაჟებით შეიტყო. ფოტოებმა, რომელმაც საკუთარ სამშობლოში იძულებითი დევნილების სახეები შემოინახა, ბრიტანელ მალკოლმ ვუტონს, ამერიკელ ჯონ ჯონსს და პოლონელ ჯუსტინა მიელნიკევიჩს ეკუთვნის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციას წარმოადგენს. სწორედ ამ ორგანიზაციის საკუთრებაა საქართველოში კონფლიქტურ სიტუაციაში გადაღებული ფოტოები, რომელიც 26 მაისიდან გაეროს მთავარ ოფისშია გამოფენილი. საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე გამოფენის მთავარ გზავნილზე საუბრობს.

კახა იმნაძე: თვითონ საკითხი-იძლებით გადაადგილების პროლემა- გლობალური საკითხია. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 50 მლნ-მდე ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული და ხშირად როდესაც ომი არ მიდის და ბომბები არ სკდება ერთგავარად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქცენტი ნაკლებია ასეთ რეგიონებზე. ცხადია, სადაც ომია, მასმედიაც უფრო აქტირუად აშუქებს მას. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო გაეროში გაგვეზარდა ცნობადობა საქართველოში არსებული ამ პრობლემისა, რომელიც ეხება ადგილნაცვალ პირებს. ამიტომ გაიხსნა ასეთი გამოფენა, რომელიც პირველია 2008 წლის შემდეგ.

ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გახსნა, რომელიც დილით უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, სადაც მავთულხლართებთან დაკავებული ჟურნალისტების საკითხზე მოხსენება გააკეთა.

კახა იმნაძე: სხდომა ეხებოდა ჟურნალისტების დაცვას კონფლიქტურ რეგიონებში. თავის გამოსვლაში, მან უშიშროების საბჭოს უმაღლესი ტრიბუნიდან მავთულხლართებთან დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება.

დევნილთა ფუნდამენტური უფლებების თაობაზე გაეროს წესდებაში სპეციალური მუხლი არსებობს. არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, საკუთარ მიწა-წყალზე დევნილთა დაბრუნების პროცესი საქართველოში ჯერ არ დაწყებულა. აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ 200 ათას ადამიანს, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ათასი დევნილი შეემატა.

ხატია ესართია გაგრელია. ის მხატვარია და ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ომის დროს ხატია იძულებული გახდა მშობლებთან ერთად აფხაზეთიდან გაქცეულიყო. ეს ისტორია მან გამოფენაზე მოყვა.

ხატია ესართია: სიტუაცია აფხაზეთში მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც საქართველომ რუსეთის გავლენიდან გამოსვლა დაიწყო. გარკვეულ ძალებს აფხაზეთის რუსეთთან ყოფნა სურდათ. არანაირი ხედვა არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამომავლოდ სიტუაცია. შეიძლება ეს იმათ ჰქონდეთ, ვინც არ გაიქცა ჩვენსავით და იქ დარჩა. მე ვიცი, რომ არ იყოს ამ კონფლქიტში მესამე მხარე გარეული ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა ექნებოდათ.

ფოტო-გამოფენა გაეროს ოფისში ორ ივნისამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG