Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან დანახული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
7 ნოემბერს ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა და საქართველოში მოღვაწე სხვა ამერიკელებმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში” მოიყარეს თავი. ისინი სწორედ ამ ადგილიდან ადევნებდნენ თვალს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. მოწვეულმა სტუმრებმა აქვე, საელჩოს ორგანიზებით გამართულ საარჩევნო წვეულებაზე, მოისმინეს 57-ე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებიც. ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის ფაქტს ამერიკელებს ქართველი პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ულოცავდნენ, ყველა ერთად კი ლაპარაკობდა იმაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატების ზედიზედ მეორედ გამარჯვება მსოფლიოსა და საქართველოსათვის.

”ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილი სამშობლოდან შორს, საქართველოში მყოფი ამერიკელები აპლოდისმენტების თანხლებით ადევნებდნენ თვალს აშშ-ის უკვე მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლას ჩიკაგოში. ბოლო დროის ყველაზე დაძაბული და საინტერესო არჩევნები - ასეთი იყო მათი შეფასებები.

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელიც სხვებთან ერთდ ადევნებდა თვალს აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ როგორი იქნება ობამას ადმინისტრაციის ახალი საგარეო პოლიტიკა უკვე მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიო. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაცია ამის შესახებ იანვარში განაცხადებს. რიჩარდ ნორლანდისათვის კი, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ამერიკელებთან ერთად არჩევნების შედეგებს ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ მიღებაზე აკვირდებოდა, სასიამოვნო იყო ქართველების ასეთი დიდი ინტერესი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ:
რიჩარდ ნორლანდი
რიჩარდ ნორლანდი

”დღეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რამდენი ქართველი ახალგაზრდა მოვიდა აქ აკადემიური, პოლიტიკური, ეკონომიკური წრეებიდან, სამოქალაქო სექტორიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ერთი თვის წინ თქვენთანაც ჩატარდა მაღალკონკურენტული არჩევნები. მგონია, რომ ამ დარბაზში ყველა გრძნობს, თუ რას ნიშნავს, რა არის დემოკრატია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, როგორიც უნდა ყოფილიყო ის, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები იყო და მომავალშიც იქნება მჭიდრო. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვავითაროთ ეს ურთიერთობა და გავაღრმავოთ თნამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების საკითხებში, უბრალოდ, ხალხების მეგობრობის თვალსაზრისითაც... მით უმეტეს, წინ გველის მთელი რიგი მოვლენები, დაკავშირებული ნატოს მინისტერიალთან, რომელიც დეკემბერში გაიმართება”.

სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა ქალთა გლობალურ საკითხებში მელან ვერვეერიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ პარტნიორობის თვალსაზრისით აშშ-ის კურსი უცვლელი დარჩება და ამერიკა კვლავაც საქართველოს გვერდით იდგება იმ გამოწვევების დაძლევის გზაზე:
მგონია, რომ ეს შედეგი თქვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან საქართველოს ბოლო ოთხი წლის განმავლლობაში აშშ-თან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და, ვფიქრობ, ეს კურსი ასეც გაგრძელდება...
ემი დენმენი

”ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, ამერიკაში არჩევნებს ვგულისხმობ, საქართველოში ვიმყოფები. რასაკვირველია, სახლი მენატრება, მაგრამ თუ სადმე არის ადგილი, სადაც ვისურვებდი დღეს ყოფნას, ასეთი ადგილი საქართველოა, რადგან თქვენც სულ ახლახან ჩაატარეთ არჩევნები, რომლითაც თქვენი განწყობა დაადასტურეთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. თქვენ მთელი მსოფლიოსგან უზარმაზარი აღიარება მიიღეთ არჩევნების იმგვარად ჩატარების გამო”.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ემი დენმენი, რომლის თქმითაც, ახლა დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ერთად მოუწევთ საერთო საქვეყნო საქმის კეთება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება არჩევნების შედეგები ამერიკა-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე, ემი დენმენი საქართველოს მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებას არ ელის:

”პირადად მე არ ვფიქრობ, რომ რამე მსგავსი მოხდება, პირიქით, მგონია, რომ ეს შედეგი თქვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან საქართველოს ბოლო ოთხი წლის განმავლლობაში აშშ-თან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და, ვფიქრობ, ეს კურსი ასეც გაგრძელდება”.
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წვეულებაზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წვეულებაზე

ამერიკელ ხალხს არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა საარჩევნო წვეულებაზე მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის დღემდე არსებული მეგობრობა კიდევ უფრო გამყარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”გრასის” თანადამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების თვალსაზრისით, ობამას გამარჯვება საქართველოსათვის მნიშვნელოვანია:

”მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მდივანი იცვლება, როგორც თავად განაცხადა ჰილარი კლინტონმა, სავარაუდოდ, გუნდი იგივე დარჩება და, შესაბამისად, კურსიც. ჩვენთვის ეს ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ზოგადად კი, ძალიან საინტერესი არჩევნები იყო, დაძაბული, და აკადემიური თვალსაზრისითაც ასეთი არჩევნები კარგა ხანია არ ჩატარებულა”.

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, არჩევნების შედეგების მიუხედავად, არ შეფერხდებოდა, ახლა კი საქართველოს მოსალოდნელი პროცედურული დაბრკოლებებიც აღარ ექნება გადასალახავი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG