Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ სირიის ხელისუფალი გააფრთხილა


ბარაკ ობამამ გააფრთხილა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომ თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ამას „შედეგები მოჰყვება“.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ სირია მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის კომპონენტების გადაადგილებას შეუდგა. გამოითქვა ვარაუდიც, რომ შეიძლება დამასკმა ეს იარაღი მის წინააღმდეგ ამბოხებულ შეიარაღებულ რაზმებთან საბრძოლველად გამოიყენოს. ამ ცნობის გავრცელებას მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გაფრთხილება, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მისამართით გამოითქვა:

„დღეს მინდა სრულიად მკაფიოდ ვთქვა ასადისა და მისი ხელქვეითების გასაგონად: მსოფლიო გიყურებთ. ქიმიური იარაღის გამოყენება არის და იქნება სრულიად მიუღებელი. და თუ ამ ტრაგიკულ შეცდომას დაუშვებთ, გამოიყენებთ ამ იარაღს, ამას მოჰყვება შედეგები და თქვენ პასუხს აგებთ“.
როგორც უწინაც არაერთხელ გვითქვამს, ამ იარაღის განთავსება მხოლოდ თავდაცვას ემსახურება ...

ადრეც აქვს გამოცხადებული თეთრ სახლს, რომ თუ სირია ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ამით ის „წითელ ხაზს“ გადაკვეთს. სირიის ქიმიური იარაღის შესახებ ცნობებს მოჰყვა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დამასკი არასოდეს გამოიყენებს თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს. რეჟიმს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია ამგვარი იარაღის ქონა. ამ ქვეყნის შესახებ ანგარიშებში წაიკითხავთ, რომ ის თავის არსენალში, სხვათა შორის, ფლობს სარინს, მაღალმომწამვლელ გაზს. ამ ფონზე, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსჯელობს იმაზე, შეუძლია თუ არა მას დააკმაყოფილოს თურქეთის მოთხოვნა, მის ტერიტორიაზე განთავსდეს „ხმელეთ-ჰაერის ტიპის“ რაკეტები, რათა, მეზობელი სირიიდან თავდასხმის შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, ალიანსი დააკმაყოფილებს თურქეთის სურვილს. რასმუსენმა ბრიუსელში დღეს განმარტა:

„როგორც უწინაც არაერთხელ გვითქვამს, ამ იარაღის განთავსება მხოლოდ თავდაცვას ემსახურება. ის არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს ფრენისგან თავისუფალი ზონის დაცვას ან შეტევით ოპერაციებს“.

გავრცელებული ცნობებით, აშშ და ნიდერლანდი ნატოს წევრ თურქეთს მოამარაგებენ „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით, რომლებიც სირიის საზღვრის პირას განთავსდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დაძაბავს ვითარებას. რუსეთი, სირიის ტადიციული მოკავშირე, გარედან სირიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია. მოსკოვმა გაეროში, სადაც ის უშიშიროების საბჭოს წევრია, დამასკზე ზეწოლის მიზნით შემუშავებული სამი რეზოლუცია შეაჩერა. კრემლი ასევე წინააღმდეგია დახმარება გაუწიონ სირიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს. თურქეთი, რომელმაც ათასობით ლტოლვილი მიიღო სირიიდან, ბაშარ ალასადს მოუწოდა გადადგეს. სამშაბათს სირიიდან კვლავ იუწყებოდნენ ბრძოლის შესახებ. ლონდონში მოქმედი სირიის სამეთვალყურეო სამსახურის თანახმად, ბრძოლები მიმდინარეობს დამასკის სამხრეთში, სხვათა შორს, აეროპორტის არეალში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG