Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი და კრემლის პასუხი


პენტაგონი
პენტაგონი

მოსკოვმა მკაცრად გააკრიტიკა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისათვის, „ძირის გამომთხრელი“ უწოდა პენტაგონის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც გასულ კვირაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონით კვლავ იკრძალება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა მანამ, სანამ კრემლი არ „შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიების“ ოკუპაციას. ბარაკ ობამამ ქვეყნის 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესმა, სადაც უმრავლესობაში რუსეთის მიმართ მკაცრი კურსის მომხრე რესპუბლიკელები არიან.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი და კრემლის პასუხი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:45 0:00
გადმოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვრცელი კომენტარი მიუძღვნა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ქვეყნის 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტს და თეთრი სახლი ანტირუსული ხაზის გატარებაში, გამალებულ შეიარაღებასა და სირიაში მოქმედი მეამბოხეებისათვის ეფექტური საზენიტო შეიარაღების მიწოდების მზაობაში დაადანაშაულა.

„ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით აღეკვეთათ ყველა ჯურის ექსტრემისტების პარპაში, როგორც ჩვენ დიდი ხანია ვვარაუდობდით, ვაშინგტონი ფსონს აკეთებს სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე სირიის ანტისამთავრობო ფორმირებებისთვის, რომლებიც დიდად არაფრით განსხვავდებიან სისხლიანი თავზე ხელაღებულებისაგან. ამჯერად მათთვის უკვე შეიძლება იარაღის, მათ შორის, როგორც კანონშია მითითებული, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდება“, - ამბობს მარია ზახაროვა 27 დეკემბერს გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარში და აფრთხილებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, რომ ე. წ. ზომიერი ოპოზიციური დაჯგუფებისათვის მიცემული შეიარაღება მალევე აღმოჩნდება ჯიჰადისტების ხელში, რაც „პირდაპირ საფრთხეს წარმომადგენს სირიაში მოქმედი რუსეთის სამხედრო-კოსმიური ძალების, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის“.

ამ კონტექსტში მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, არ ერიდება „მტრული“ უწოდოს ვაშინგტონის ნაბიჯს.

23 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი პენტაგონის 2017 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 618,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც პრეზიდენტის ხელმოწერამდე მხარი აშშ-ის კონგრესმა დაუჭირა, აშშ-ის წინაშე ხუთი მთავარი გამოწვევა სახელდება: რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო.

ბიუჯეტის კანონის თანახმად, პენტაგონს ეძლევა მითითება, რომ შეინარჩუნოს აკრძალვა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე მანამ, „სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას“, არ შეასრულებს „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“ და „არ შეწყვეტს ისეთ აგრესიულ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქადის ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა აშშ-ის ადმინისტრაციას ურჩევს თავი დაანებოს „მითიურ რუსულ აგრესიაზე“ საუბარს და აღიაროს ყირიმელი ხალხის გადაწყვეტილება რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, რაც წარმოადგენდა „კიევში სამი წლის წინ მომხდარი იმ სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირ შედეგს“, რომლის იდეოლოგი და კურატორი „აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია“ გახლდათ.

„მთლიანობაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, ბიუჯეტის კანონის მიღებით ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რომელიც ამ პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის, ცდილობს ძირი გამოუთხაროს დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, გაურთულოს მას საერთაშორისო არენაზე საქმიანობის წარმართვა, მათ შორის, თავს მოახვიოს ანტირუსული კურსი“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია რწმენა, რომ თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაცია უფრო ბრძნულად მოიქცევა.

თუმცა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის მიმართ სანქციების შერბილებას არ ელის ცნობილი ამერიკელი სენატორი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი. 27 დეკემბერს ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, ის „მძლავრ და გადამჭრელ პასუხს გასცემს რუსეთის იმ ნაბიჯს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის გაყოფისა და რეგიონის სხვა ქვეყნების დაშინებისაკენ არის მიმართული“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG