Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი ყველა პოტენციურ აგრესორზე ძლიერია


ვლადიმირ პუტინი ანდრეი კარლოვის დაკრძალვის ცერემონიაზე
ვლადიმირ პუტინი ანდრეი კარლოვის დაკრძალვის ცერემონიაზე

რუსეთში მიწას მიაბარეს თურქეთში 19 დეკემბერს მოკლული რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ვლადიმირ პუტინი დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის გაფართოებულ სხდომას დაესწრო და განაცხადა, რომ რუსეთი დღესდღეობით ყველა პოტენციურ სამხედრო აგრესორზე ძლიერია.

გადმოწერა

ელჩი ანდრეი კარლოვი 22 დეკემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს მოსკოვის ხიმკინის სასაფლაოზე. თურქეთში მოკლულ დიპლომატთან გამოთხოვების სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს სმოლენსკის მოედანზე მდებარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებოდნენ. ვლადიმირ პუტინმა 21 დეკემბერს, საკუთარი განკარგულებით, სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა რუს დიპლომატს, რომელიც ანკარაში 19 დეკემბერს პოლიციელმა მევლუთ მერთ ალტინტაშმა იმ დროს მოკლა, როდესაც ის ანკარაში მოწყობილ ფოტოგამოფენაზე სიტყვას წარმოთქვამდა.

ვინაიდან ბრალდებებს უარყოფს რუსეთი, რომელიც ამ ინციდენტს ყველაზე სერიოზულად აღიქვამს, თურქეთის ხელისუფლება ვერ შეძლებს ასეთ ბრალდებებში მსოფლიოს დარწმუნებას...
ფეთულა გიულენი

თურქეთი აცხადებს, რომ მკვლელობის უკან იდგა აშშ-ში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირი, ფეთულა გიულენი. თურქეთის ხელისუფლებას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ თურქი პოლიციელი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა, იყო მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, „ქსელის“ წევრი. თურქეთის ხელმძღვანელობა აშშ-ში მყოფი ფეთულა გიულენის მომხრეებს უწოდებს „გიულენის ტერორისტულ ქსელს“ (FETO-ს). 21 დეკემბერს, უფრო ადრე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 დეკემბერს, სატელეფონო საუბრის დროს, უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, თურქეთმა და რუსეთმა ვიცით, რომ რუსეთის ელჩზე თავდასხმის უკან გიულენის ქსელი დგასო. თავად გიულენმა, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, „საზიზღარ ტერაქტად“ მოიხსენია რუსი ელჩის მკვლელობა და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სასაცილო უწოდა:

"ვინაიდან ბრალდებებს უარყოფს რუსეთი, რომელიც ამ ინციდენტს უაღრესად სერიოზულად აღიქვამს, თურქეთის ხელისუფლება ვერაფრით ვერ შეძლებს მსოფლიო დარწმუნოს, რომ ამ ბრალდებებს მართებულად გამოთქვამს“.

დაკრძალვამდე ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, ცხედარი გადაასვენეს კრემლთან ახლოს მდებარე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც რუსეთის პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. წირვაზე არ ყოფილა რუსეთის პრეზიდენტი. ის ამ დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული სამხედრო კოლეგიის მუშაობაში, კერძოდ, უსმენდა თავდაცვისუნარიანობის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, წლის შემაჯამებელ მოხსენებას. რუსი მინისტრის თქმით, რუსეთისათვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის პროგრამა, რომელიც ბირთვული საავიაციო ბომბებისა და ევროპაში მათი განთავსების პროგრამის მოდერნიზებას შეეხება.

სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ

„საქმე ეხება, დაახლოებით, 200-მდე განახლებულ ამერიკულ საბრძოლო მასალას, რომელიც ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდში, გერმანიასა და თურქეთშია განთავსებული“, - თქვა შოიგუმ. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო თვალსაზრისით დღესდღეობით რუსეთი ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე ძლიერია. ამასთან, რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეფერხება რუსეთის არმიის მოდერნიზებისა და ჯარების მომზადების გეგმებში და დასძინა, რომ „მსოფლიოში დიდი სისწრაფით განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაცია, შესაძლოა, ძალიან სწრაფად შეიცვალოს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG