Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მოკლეს ცნობილი სნაიპერი


ქრის კაილი
ქრის კაილი
აშშ-ში მოკლეს ელიტური სამხედრო შენაერთის, „SEAL”-ის ყოფილი წევრი, ქრის კაილი, რომელმაც სახელი გაითქვა შარშან გამოსული ბესტსელერით „ამერიკელი სნაიპერი“. უკვე დაკავებულია მის და კიდევ ერთი მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. იმის გამო, რომ ბესტსელერმა სახელი გაუთქვა ქრის კაილის, მკვლელობა დიდ ინტერესს იწვევს შეერთებულ შტატებში და მის საზღვრებს მიღმა.

ერაყის ომის ვეტერანს, 25 წლის ამერიკელ ედი რეი რაუთს, ბრალად ედება, რომ შაბათს ტეხასში, სასროლეთზე, მოკლა ორი მამაკაცი, მათ შორის, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სნაიპერი, 38 წლის ქრის კაილი.
„იყო ორი მსხვერპლი - 38 წლის ქრისტოფერ კაილი და 35 წლის ჩედ ლიტლფილდი. ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი იდენტიფიცირებულია როგორც 25 წლის ედი რეი რაუთი ლანკასტერიდან“, განაცხადა ტეხასის შტატის საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ლონი ჰეიშელმა.

ცნობების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპრალი ედი რეი რაუთი, 2007 წელს ერაყში, 2010 წელს კი ჰაიტიზე მსახურობდა. პოლიციის ცნობით, მას ჯერ არაფერი უთქვამს მკვლელობის მოტივზე, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომლებშიც საუბარია ეჭვმიტანილის სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ფსიქიკურ პრობლემებზე, მათ შორის, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ის უმუშევარი იყო.

რაც შეეხება მსხვერპლს, ქრის კაილის, ის ერაყში მსახურობდა, რაც აღწერილი აქვს ბესტსელერად ქცეულ ავტობიოგრაფიაში, „ამერიკელი სნაიპერი“. ცნობილია, რომ მას მოკლული ჰყავდა 150-ზე მეტი ადამიანი. ავტობიოგრაფიაში კაილი აღნიშნავს, რომ მეამბოხეებმა მას მეტსახელად „სატანა“ შეარქვეს და 20 000 დოლარი დააწესეს მის პოვნაზე. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ კაილი ეხმარებოდა ამერიკელ ვეტერანებს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავებაში.

ქრის კაილი 1999-დან 2009 წლამდე მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში, ნაწილობრივ, ელიტური შენაერთის, „SEAL”-ის შემადგენლობაში და ოთხჯერ იმყოფებოდა ერაყში სამხედრო მისიით, მინიჭებული ჰქონდა რამდენიმე სამხედრო ჯილდო. მედიასთან საუბარში ქრის კაილის არაერთხელ უთქვამს, რომ არ ნანობდა სნაიპერობის დროს ხალხის დახოცვას და რომ მას არ აწუხებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

გარდა იმისა, რომ გაწევრიანებული იყო ორგანიზაციაში ომში დაჭრილი და ტრავმირებული ამერიკელი ვეტერანების დასახმარებლად, ქრის კაილის დაარსებული ჰქონდა კერძო კომპანია, რომელიც, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, სროლას ასწავლიდა ამის მსურველ პირებს. პოლიცია ვარაუდობს, რომ შაბათს კაილი, მკვლელობის მეორე მსხვერპლი და მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთად წავიდნენ ტეხასის შტატში მდებარე რაფ კრიკ ლოჯის სასროლეთზე.

მკვლელობის ფონია შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ძალადობით გამოწვეული მზარდი შეშფოთება, ისევე როგორც შეშფოთება, რომელსაც იწვევს ერაყისა და ავღანეთის ომების მონაწილე ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეერთებული შტატების ვეტერანთა საკითხების დეპარტამენტმა გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც საუბარია სამხედრო კონფლიქტების ვეტერანებს შორის, 2010 წლის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 22 თვითმკვლელობაზე...
XS
SM
MD
LG