Accessibility links

საარჩევნო კოლეგიის რამდენიმე წევრი არჩევნებში რუსეთის ჩარევით დაინტერესდა


დონალდ ტრამპი

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის რამდენიმე წევრმა ქვეყნის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დეტალური მტკიცებულება წარმოადგინოს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმად, რესპუბლიკელთა კანდიდატ დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია. აღნიშნული მიმართვა წინ უძღვის 19 დეკემბრის კენჭისყრას, რომელზეც საარჩევნო კოლეგიის 538-მა წევრმა საბოოლოდ უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ბედი.

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის რამდენიმე წევრს სურს ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ რამდენად მყარია მტკიცებულებები, რომ სწორედ რუსეთი დგას დემოკრატიული პარტიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან.

„ჩვენ გვჭირდება დაზვერვის ხელმძღვანელობისაგან იმის გაგება, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება დონალდ ტრამპის, მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებისა და პარტნიორების რუსეთთან კავშირებზე, არჩევნებში რუსეთის მთავრობის ჩარევაზე. გვაინტერესებს ვიცოდეთ ამ გამოძიების მასშტაბები და ის, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს გამოძიება და ვინ არის მასში ჩაბმული“, - ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საარჩევნო კოლეგიის ათმა წევრმა მიმართა ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ჯეიმს კეპლერს.

ხელმომწერთა შორის 9 დემოკრატი, ხოლო ერთი რესპუბლიკელი ამრჩევია.

აშშ-ის დაზვერვის დასკვნას გამოეხმაურა პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ტრევორ ნოას კომედიურ სატელევიზიო შოუში 12 დეკემბერს განაცხადა, რომ მან შესაბამის უწყებას ასეთი ცნობების გადამოწმებისაკენ მოუწოდა.

„მიზეზი, რის გამოც ამ ცნობების გადამოწმებისაკენ მოვუწოდე, ძალიან მარტივია: საჭიროა იმ გამოძიების ყველა ძაფის თავმოყრა და ერთ დოკუმენტში გაერთიანება, რომელზეც სადაზვერვო უწყება მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს. ეს დოკუმენტი უნდა გადაეცეს კონგრესის წევრებს, შესაბამის სპეცსამსახურებს და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული პირის, დონალდ ტრამპის, ჯგუფს, რათა ისინი მიხვდნენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რათა საზოგადოებამ და ჩვენმა არჩეულმა წარმომადგენლებმა დაასწრონ მოვლენებს და გამონახონ საშუალება, თუ როგორ აიცილონ თავიდან მომავალში ისეთი ჩარევა, რომელიც არჩევნებზე მოახდენს გავლენას“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

საარჩევნო კოლეგიის რამდენიმე ამრჩევის მიერ საკითხის ასე დასმა მოჰყვა გასული კვირის ბოლოს ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებს, რომელთა თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევაში რუსეთი დაეხმარა იმით, რომ ჰაკერული გზით იქნა მოპარული დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტაცია, რაც შემდეგ „ვიკილიკსში“ გამოქვეყნდა.

ზემოხსენებული წერილის ავტორები ფიქრობენ, რომ სადაზვერვო უწყებისაგან ასეთი ჩარევის შესახებ ინფორმაციის მიღება არსებითი ფაქტორი იქნება 19 დეკემბრისათვის დაგეგმილ განხილვაზე, რომელზეც საარჩევნო კოლეგიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, შეესაბამება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგია მარტივად ახდენს ხოლმე შტატებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების რატიფიკაციას, თუმცა ქვეყნის კონსტიტუცია ამრჩევებს აძლევს გარკვეულ დისკრეციულ უფლებას, მხედველობაში მიიღონ ისეთი ექსტრაორდინარული ფაქტორები, რამაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის ათი წევრიდან, როგორც ითქვა, 9 დემოკრატია, მათ მიერ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელობისადმი მიმართვის უკან კი დგას ჰილარი კლინტონის საარჩევნო კომისია და კონგრესში დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი.

კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ჯონ პოდესტა და მისი გუნდი მოუწოდებენ თეთრ სახლს, გაასაჯაროოს ინფორმაცია მათ ხელთ არსებული დაზვერვის ანგარიშიდან, რომლის თანახმად, რუსი ჰაკერების მიზანს არჩევნებში ტრამპის დახმარება წარმოადგენდა.

დონალდ ტრამპმა ამ დასკვნას უწოდა „სასაცილო“, თუმცა კონგრესის წამყვანმა წარმომადგენლებმა ეს ცნობა სერიოზულად აღიქვეს და განაცხადეს, რომ ისინი ამ საკითხზე თავადაც ჩაატარებენ გამოძიებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG