Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსახლკაროთა პრობლემები რუსთავში


პისარენკოების ოჯახის ქოხი
პისარენკოების ოჯახის ქოხი

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შელახული ტყის სიახლოვეს, ჩაღრმავებულ ადგილზე, ისე, რომ გზის სავალი ნაწილიდან ვერც კი შეამჩნევთ, ცელოფნებისა და ტომრებისგან გაკეთებულ ქოხს გადააწყდებით. იქ კასპიდან ჩამოსული პისარენკოების ოჯახი ცხოვრობს.

უსახლკაროთა პრობლემები რუსთავში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00
გადმოწერა

ერთი კვირის წინ, როცა ამ ოჯახს მედიამ მიაგნო და მათი ამბავი გააშუქა, ქოხში სამი ადამიანი ცხოვრობდა: 57 წლის ალექსანდრე პისარენკო, მეუღლე ლუდმილა და მათი ვაჟი, გიორგი. ალექსანდრე პისარენკო მაშინ ამბობდა, რომ კასპში ბინა დაკეტეს, რადგან იქ სამსახურს ვერ შოულობდნენ, და რუსთავში საცხოვრებლად გადმოვიდნენ. ქირით ცხოვრობდნენ, კერძო ბინის სარდაფში. ალექსანდრე ერთხანს ლილოში მუშაობდა მტვირთავად, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავი დაანება, მეუღლე კი დამლაგებლად მუშაობს, თუმცა ქირის გადახდა გაუჭირდათ და იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი აქ, ტყის სიახლოვეს, მოეწყოთ.

პისარენკოს თქმით, შვილი აქვე, ტყეში, საქონელს მწემსავს. მართალია, ცოტას უხდიან, მაგრამ, სამაგიეროდ, აღარც ბინის ქირის გადახდა უწევთ და აღარც დენის საფასურის. როგორც კი პისარენკოების ამბავი ქვეყანას მოედო, კეთილი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებმაც ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. თუმცა ორიოდე დღის წინ ლუდმილა პისარენკო გარდაიცვალა.

ალექსანდრე პისარენკო
ალექსანდრე პისარენკო

ალექსანდრეპისარენკოს თქმით, მათთან პოლიციაც იმყოფებოდა და ექსპერტიზაც. რუსთავის მერიის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი ნინო ქირია ამბობს, ლუდმილა პისარენკოს დაკრძალვის ხარჯებს მერია გაიღებს, იმის მიუხედავად, რომ ოჯახი კასპშია რეგისტრირებულიო:

„რადგან ჩვენს ტერიტორიაზე გარდაიცვალა ეს [ლუდმილა პისარენკო], მუნიციპალური პროგრამა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს... ჩვენ დავკრძალავთ ამ მიცვალებულს, მაგრამ საქმე ისაა და პარადოქსია, რო ჩვენთან ბენეფიციარები მოდიან, რაღაცებს ითხოვენ, როგორც წესი, და როცა მივედი, გავეცანი და ვუთხარი, რაში დაგეხმაროთო, ძალიან შორს დაიჭირეს ეს ამბავი, არაფრის დახმარება ჩვენ არ გვინდაო“.

ნინო ქირიას თქმით, ოჯახმა დახმარების მიღებაზე უარი უთხრა ერთ აბაშელ ბიზნესმენსაც, რომელმაც თავის ფერმაში მუშაობა და საცხოვრებელი შესთავაზა.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კი ამბობს, რომ ოჯახს დროებითი საცხოვრებელი რუსთავშიცშესთავაზეს, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს.
ირაკლი ტაბაღუას თქმით, ზოგადად, უსახლკაროთა პრობლემა რუსთავში მწვავედ დგას, ამიტომ მერია უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადებას აპირებს ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე. სოციალური საცხოვრისი 52 ოჯახზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა, დაახლოებით, მილიონ 300 ათასი ლარი ეღირება.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთავში 1500-მდე უსახლკაროა, რომელთა ნაწილისახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობებშია შეჭრილი.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG