Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში უცხოეთის პრესა ქალაქ ალეპოზე სირიის მთავრობის იერიშის შესახებ წერდა, გამოქვეყნდა ასევე კომენტარები ტრამპის მიერ მინისტრთა კანდიდატურების შერჩევის თემაზე.

ლონდონის „ტაიმსი“ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარტნიორობაზე წერს და ვარაუდობს, რომ, მათი მოლოდინით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, ტრამპი, სირიაში ოპოზიციას კი არ დაუჭერს მხარს, არამედ რუსეთთან ერთად ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლებს. ეს რუსეთს თანასწორუფლებიან პარტნიორად გადააქცევს, თვლის გაზეთი. ამასთან, დე ფაქტო ასადის რეჟიმი ჯიჰადიზმთან ბრძოლაში პარტნიორი გახდება. ამდენად, „ტაიმსის“ თანახმად, ალეპოსთვის ბრძოლა შემობრუნების წერტილად იქცევა არა მხოლოდ სირიის ომში, არამედ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და, აქედან გამომდინარე, ასევე დასავლეთსა და არაბული სამყაროს სუნიტურ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ეს სტრატეგიული რეორიენტაცია იქნებოდაო, მსჯელობს ლონდონის გაზეთი.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ ალეპოს გერნიკას ადარებს: „ალეპო გვახსენებს გერნიკას, სადაც ქალაქის განადგურება და მისი მოსახლეობის დემორალიზება მიზანს წარმოადგენდა. მაშინ უცხო ძალა დაეხმარა მოკავშირეს და, ამავე დროს, შეძლო თავისი სამხედრო შესაძლებლობის გამოცდა. ალეპო გროზნოსაც გვახსენებს, როცა სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის განსხვავება აღარ იყო, სადაც ტერორიზმთან ბრძოლა ყველა საშუალებას ამართლებდა და სადაც ჯუნგლის კანონი მოქმედებდა, დანარჩენმა მსოფლიომ კი მომხდარს წაუყრუა“. ციურიხის გაზეთის აზრით, „ალეპოელი მეამბოხეებისთვის საათის ზარმა ჩამოკრა“.

სირიის გაზეთი „ვატანი“, რომელიც მთავრობასთან ახლოსაა, სხვა აზრისაა: „სირიის არმია ალეპოში სახელმწიფო სუვერენიტეტს აღადგენს. მას მერე, რაც ტერორისტებმა უარი თქვეს მოლაპარაკებაზე და უცხოეთიდან დახმარებას მოელოდნენ, მთავრობა მათ წინააღმდეგ საბოლოო იერიშზე გადავიდა. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ქალაქის დაკავებული ნაწილის ნახევარი გათავისუფლებულ იქნა. სირიის არმია მოსახლეობას მძევლობისგან ათავისუფლებს. ალეპოს დაცემა იმ ტაქტიკის აღსასრულიცაა, რომელსაც დასავლეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ჰუმანიტარული დახმარების საბაბით წარმართავდა“, თვლის სირიის გაზეთი.

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკისა და, კერძოდ, ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრების შესახებ წერს პოლონეთის გაზეთი „რეჩპოსპოლიტა“: „აშშ-ის ახალი ფინანსთა მინისტრი ბანკირი მნუჩინი, ხოლო ვაჭრობის მინისტრი რესტრუქტურიზაცის სპეციალისტი, მილიარდერი როსი გახდება“. 78 წლის როსზე არჩევანის შეჩერება მოულოდნელი არ ყოფილა, თვლის გაზეთი. „ის ბიზნესის პატრიოტია, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მრჩეველი იყო. მაგრამ მნუჩინი იმ ამომრჩეველთაგან, რომლებიც ტრამპს ისტებლიშმენტის მიმართ მისი უარყოფითი პოზიციის გამო მიემხრნენ, უარყოფილი იქნება, რადგან, როგორც „უოლ სტრიტის ინსაიდერი“, მნუჩინი ისტებლიშმენტის წარმომადგენელია. ის 17 წელიწადი მუშაობდა „გოლდმან-საქსში“, ხანგამოშვებით თანამშრომლობდა სადავო მილიარდერ სოროსთან და, ამასთან, ბინძური საბანკო გარიგების შედეგად გამოწვეულ სკანდალში იყო გახვეული, რის გამოც მილიონობით დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დასჭირდა“, წერს „რეჩპოსპოლიტა“.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ ასევე კრიტიკულია ტრამპის საკადრო პოლიტიკისა და, კერძოდ, აქტიური და გადამდგარი გენერლების საკვანძო პოზიციებზე დანიშვნის მიმართ. „ტრამპს უნდა სჭირდებოდეს იმ მრჩეველთა კრებული, რომლებსაც სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებით შეეძლებოდათ დიპლომატიური, კულტურული და ეკონომიკური ასპექტების გამოხატვა. მას სჭირდება ხალხი, ვინც აზიის საკითხებშია ჩახედული და იცნობს არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთს, სადაც კანდიდატების უმეტესობა მსახურობდა. აშშ სხვა ქვეყნებს აფრთხილებდა საფრთხის შესახებ, რომელიც პოლიტიკურ მმართველობაში ბევრი სამხედრო პირის ყოფნას უკავშირდება. რა სიგნალს უგზავნის ტრამპი სამყაროს იმით, რომ ამდენი გენერალი შეჰყავს კაბინეტში?“, კითხულობს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG