Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი და „სამი ზღვის ინიციატივა“


დონლად ტრამპი, ვლადიმირ პუტინი
დონლად ტრამპი, ვლადიმირ პუტინი

უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ვრცლად ვისაუბრებთ ვარშავაში, ე.წ. „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრებზე, რომელიც წინ უძღოდა „დიდი ოცეულის“ შეხვედრას ჰამბურგში.

ეთერში ჩვენი მიმოხილვის გასვლის დროს პუტინ-ტრამპის შეხვედრა უკვე დასრულებული იქნება და თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც გაეცემა პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც ამერიკის წამყვან მედიასა და ანალიტიკოსებს ჰქონდათ ჰამბურგის სამიტის დაწყების წინ, მათ შორის, ე.წ. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობად მორიგი ახალი გადატვირთვის შესახებ.

„ტრამპი მტკიცე პოზიციით უნდა წარდგეს პუტინის წინაშე“, - მიიჩნევს ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის საკითხების ექსპერტი დევიდ სატერი, რომლის სტატიაც 7 ივლისს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ დაიბეჭდა. „როდესაც პარასკევს ჰამბურგში შეხვდება ვლადიმირ პუტინს, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა დაივიწყოს ყოველგვარი ფიქრი აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების მორიგ „გადატვირთვაზე“. ეს აუცილებელია არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის როლის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ნებისმიერი კომპრომისი ამერიკის მხრიდან რუსეთის შეკავების პოლიტიკის მიმართულებით კიდე უფრო სახიფათოს გახდის საერთაშირისო პოლიტიკურ ვითარებას“, - წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“.

პუტინ-ტრამპის შეხვედრას „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში წინ უძღოდა პოლონეთში გამართული „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტი, ამ ორგანიზაციაში ზოგიერთმა ევროპულმა გამოცემამ ევროკავშირის ერთიანობისათვის სახიფათო ჩანაფიქრი დაინახა.

12 ევროპული სახელმწიფოსგან შემდგარი ეს რეგიონალური გაერთიანება ევროკავშირის შიგნით, კომენტატორების თქმით, მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს ბერლინისა და პარიზის გავლენა ევროკავშირის სივრცეზე.

„გარდიანში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პოლონეთი, სადაც გულთბილი მიღება გარანტირებულია ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს პირველ გაჩერებად შემთხევით არ აურჩევია. „დიდი ოცეულის“ სამიტის მასპინძელი ქვეყნის - გერმანიის - კანცლერი კარგა ხანია, რაც ღიად უპირისპირდება დონალდ ტრამპის შეხედულებებს, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების საკითხში. მეტიც, ქალბატონი მერკელი დონალდ ტრამპს გლობალური წესრიგისა და ევროპის ინტერესების საფრთხედ აღიქვამს. „თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი სამყაროს წინ მდგარი პრობლემების მოგვარება იზოლაციონიზმით და პროტექციონიზმით შეიძლება, თქვენ ძალიან, ძალიან ცდებით“, - განაცხადა ანგელა მერკელმა ჰამბურგის სამიტის დაწყებამდე. „გარდიანის“ თანახმად, დონალდ ტრამპისგან განსხვავებული ლიდერია ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც თვის ბოლოს პარიზში ელოდება აშშ-ის ლიდერს. „პარიზის დაჟინებული მოთხოვნა ვითანამშრომლოთ აშშ-თან არა იდეოლოგიური თანხვედრით, არამედ ანტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო მიზნის არსებობით არის განპირობებული“, - წერს გარდიანი“, რომელმაც შუა კვირაში იწინასწარმეტყველა, რომ დონალდ ტრამპს დიდი ზარ-ზეიმით მიიღებდნენ პოლონეთში, რომლის პოპულისტური მთავრობის მიერ გადადგმულმა ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა ევროკავშირში ნამდვილი განგაში გამოიწვია.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგნოზი გამართლდა 6 ივლისს ვარშავაში ვიზიტისას, როცა დონალდ ტრამპი შეხვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტის ფარგლებში. ეს არის პოლონეთისა და ხორვატიის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზნად სახელდება ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება სავაჭრო, ინფრასტრუქტურული კავშირების, ენერგეტიკისა და პოლიტიკის სფეროებში.

„ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ დაკვირვებით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტს გამოიყენებს ევროპაში არსებული დაპირისპირების გასაღრმავებლად. „ვარშავა „სამი ზღვის ინიციატივას“ განიხილავს როგორც ევროკავშირში გერმანია-საფრანგეთის დომინანტური მდგომარეობის საპირწონეს. ამიტომ არამხოლოდ ვარშავა ზის ნემსებზე ამ ვიზიტის მოლოდინში. არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გამოიყენოს ეს ვიზიტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩაარჭოს სოლი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ურთიერთობაში და გახლიჩოს ევროკავშირი, რომლის ერთიანობაზე იგი ასე ცოტას ფიქრობს“, - წერს შვეიცარიული ლიბერალურ-კონსერვატიული გამოცემა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“.

ამ აზრს იზიარებს იტალიური ლიბერალური გამოცემა „ილ სოლე 24 ორე“, რომელიც დარწმუნებულია, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტი პოლონეთის მთავრობამ სპეციალურად მოაწყო დონალდ ტრამპისათვის, რათა მიაღწიოს ორ მთავარ მიზანს: ამერიკის მძლავრი სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით შეძლოს თავიდან აიცილოს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც ფრონტის ხაზზე მყოფმა ქვეყანამ, რომელიც უპირისპირდება ბრიუსელის ბრძანებების მორჩილ დასავლურ ელიტებს“, - წერს გამოცემა „ილ სოლე 24 ორე“ და დასძენს: „შესაძლოა, ბევრი ბრიუსელელი დიპლომატი ჯეროვნად ვერ აფასებდეს „სამი ზღვის ინიციატივის“ მნიშვნელობას, მაგრამ ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობა ამ ევროპულ შეხვედრაში დააჩქარებს პოლონეთის „თვითგეტოიზაციის“ პროცესს, რომელიც, როგორც ჩანს, ვარშავამ აირჩია“.

უფრო საინტერესოა, როგორ ეხმაურება ასეთ შეფასებებს თავად პოლონური მედია. „ნუ ემლიქვნელები აშშ-ის პრეზიდენტს“, - ასეთი სათაური აქვს წამყვან პოლონურ გამოცემა „ჟეჩპოსპოლიტაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად, პოლონეთმა, ცხადია, ღირსეულად უნდა უმასპინძლოს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს. „თუ ტრამპი მოწოდებულია, რომ პოლიტიკურად გააძლიეროს პოლონეთი, ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ. კიდევ უფრო უკეთესია, თუ ეს ვიზიტი გააძლიერებს პოლონეთისა და აშშ-ის თანამშრომლობას. მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს არ მართებთ გადამეტებული მორჩილების გამოჩენა. ეს არავის თვალში არ შექმნის ჩვენზე კარგ წარმოდგენას და არც ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს ევროპაში. მნიშვნელოვანია ასპექტის გათვალისწინება, რადგან პრეზიდენტი ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდება აშშ-ში, ჩვენ კი აქ, ევროპაში, დავრჩებით“, - წერს პოლონური კონსერვატიული „ჟეჩპოსპოლიტა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG