Accessibility links

გრძელდება მსჯელობა მოსამართლეთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოთქმული ინიციატივის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივას 26 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 29 აპრილს განაცხადეს, რომ ამჯერად ამ საკითხზე მხოლოდ დისკუსიის გახსნის ინიციატივით გამოდიან. უნდა დაწესდეს თუ არა მოსამართლის შეურაცხყოფაზე საგანგებო რეგულაციები და დაემუქრება თუ არა ასეთ შემთხვევაში საფრთხე გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში?

მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების თაობაზე გამოთქმული ინიციატივის შესახებ 29 აპრილს მოსამართლეებმა დამატებითი განცხადებები გააკეთეს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, განმარტა, სასამართლო ხელისუფლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის მკვეთრ ზღვარს მხოლოდ საკუთარი პრაქტიკითა და ეთიკური სტანდარტების გამოყენებით დაადგენს, ვინაიდან მოსამართლეები კანონმდებლები არ არიან. ამასთან, ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ ჟურნალისტთა კორპუსი და საზოგადოება „სწორად და მეგობრულად აღიქვამს“ ამ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა ეფექტური დაცვისკენაა მიმართული და, საბოლოოდ, ყველასთვის დადებითი შედეგები დადგება“:

„ჩემი კოლეგები არ ითხოვენ საჯარიმო სანქციებს. აქ დაზუსტება უნდა იმ საკითხებს, რომ თუკი მოსამართლე გადაწყვეტს სასარჩელო წარმოების გზით იდავოს შეურაცხყოფის ფაქტებზე, შეიძლება ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგები ითხოვენ ჯარიმებს. საპროცესო კანონმდებლობა ყველა მიმართულებით ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს. ეს შეიძლება იყოს მითითების, გაფრთხილების მიცემა, შეიძლება იყოს დაჯარიმება, შეიძლება იყოს გაძევება, თვით დაპატიმრებაც კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სასამართლო წარმოების პროცესში ურთიერთობებზე საუბრობს სასამართლო სისტემა და მოსამართლეები. მოსამართლეები საუბრობენ ასევე იმ ურთიერთობებზე, როდესაც სასამართლოსა და პროცესის მიღმა კეთდება შეფასებები“.

აქ საუბარია სასამართლოს პრესტიჟის და ავტორიტეტის დაზიანებაზე. დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და არავინ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, იქნებ რაღაცნაირად ავკრძალოთ ლანძღვა-გინება...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე კი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, საკითხი მრგვალი მაგიდის ფორმატში გადაწყდეს:

„მე არაფერს არ ვითხოვ. რატომ ვლაპარაკობთ სულ სანქციებზე, სულ დაძაბულობაზე, სულ დაპირისპირებაზე. სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სასამართლო სხდომის დარბაზში ისედაც არსებობს. აქ საუბარია სასამართლოს პრესტიჟის და ავტორიტეტის დაზიანებაზე. დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და არავინ ეხება გამოხატვის თავისუფლებას, იქნებ რაღაცნაირად ავკრძალოთ ლანძღვა-გინება“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგი მოსამართლე წევრი ფიქრობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საზღვრები საქართველოში არასწორადაა გაგებული და თმენის ვალდებულება მოსამართლეებს გარკვეულ შემთხვევებში დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. ამ საკითხის კომენტირებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, განმარტა, რომ სასამართლოს დავის წარმოების დროსაც მტკიცების ტვირთი არასწორადაა გადატანილი მოსარჩელის მხარეს და, ამასთან, სასამართლოს პროცესი მსგავს საქმეებზე დროში იწელება. შესაბამისად, მოსაფიქრებელია ახალი მექანიზმი:

„ეს არის რთული და, როგორც წესი, არაეფექტური გზა. არაეფექტურში ვგულისხმობ იმას, რომ დროში გაწელილი პროცესია. ეს მოითხოვს სარჩელის შეტანას, ამ სარჩელის განხილვის რამდენიმეთვიან ვადას, სხვადასხვა ინსტანციას და ა.შ. და მთავარი საკითხი ამ დროს არის მტკიცების ტვირთი - თუ მოსამართლეს დააბრალეს, რომ ის არის ცხოველი, მან უნდა ამტკიცოს თურმე, რომ ის არ არის ცხოველი. არა, მტკიცების ტვირთი აქ სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს“.

ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს პრივილეგირებული ჯგუფი, ვისი გაკიცხვაც კანონით დანაშაული იქნება და უნდა დაისაჯოს. მაგრამ, როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ამ თემაზე დისკუსიისა და მასზე მსჯელობისგან თავშეკავება არ იქნება სწორი:

„გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის დაშვება იმ გამონაკლისების გარდა, რასაც თავად კონვენცია უშვებს, რა თქმა უნდა, არ მოხდება, მაგრამ დისკუსიის გახსნაზე და საჯაროდ ამ თემებზე საუბრისგან თავშეკავება, ვფიქრობ, რომ პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ ვისაუბროთ“.

მოსამართლეებისა და მათი საქმიანობის შესახებ აზრის გამოხატვისა და გაშუქების განსაკუთრებული წესების შემოღების სურვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, ამბობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ არ ესმის თვითრეგულირების ორგანოს არსი:

ნატა ძველიშვილი
ნატა ძველიშვილი

“ჩვენ ვმუშაობთ ეთიკის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, მედიის ხარისხის გაუმჯობესებაზე და, მათ შორის, იმაზე, რომ არ არსებობდეს არც ცენზურა და არც თვითცენზურა. სამწუხაროა, რომ იმ განცხადებაში აბსოლუტურად გაუგებარი ფრაზაა - მაგალითად, ჟურნალისტისთვის ცენზურის ვალდებულება იყო ჩაწერილი. არადა, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მედია არის ცენზურისგან თავისუფალი და სამოქალაქო საზოგადოება სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რომ ამგვარი რამ არ არსებობდეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პირიქით, მიაჩნია, რომ თურმე თვითცენზურა უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ამის აღმოჩენა და გაანალიზება ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო“.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილი, მოსამართლეებთან დაკავშირებული თემების გაშუქება განსაკუთრებულად დარეგულირდეს, საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის. მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გაკვირვებას იწვევს საბჭოს მიერ 26 აპრილს გავრცელებულ საჯარო განცხადებაში საუბარი თვითრეგულირების არაეფექტურობაზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ წევრს განცხადებაში მოყვანილ არც ერთ ე.წ. ,,გამოხატვის თავისუფლებას გაცდენილ“ მედიაგაშუქებაზე თვითრეგულირების არც ერთი ინსტიტუციისთვის - არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის და არც თავად განცხადებაში ხსენებული მაუწყებლების თვითრეგულირების საბჭოებისთვის - დადგენილი წესით არ მიუმართავს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითხოვს ისეთი გამონათქვამების რეგულირებას, რაც თავისი არსით წარმოადგენს აზრს და არა ფაქტს (მაგალითად, „მანქურთი“). აზრი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასამართლოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირისთვის საკუთარი მოსაზრების ამ ფორმით გამოხატვის შესაზღუდად. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო განცხადების საფუძველზე რაიმე ტიპის საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას, მით უფრო მის მხარდაჭერას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმედოვნებს, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა კანონში შესატანი ცვლილებების სახეს მიიღებს, მას პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG