Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მიმოსვლის დამრღვევთათვის წესები გამკაცრდება


საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, 5 მარტს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი სამინისტროს წარმომადგენლები პირადად შეხვდებიან იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. შეხვედრებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის წესებსა და იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული წესების დარღვევას.

უვიზო მიმოსვლა

  • 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს დაახლოებით 240 000-ჯერ.
  • ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97 % არ კმაყოფილდება.
  • ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს საიმისოდ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნეს აღიარებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს, დაახლოებით, 240 000-ჯერ. სამინისტროს განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაციას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, საქართველოს მოქალაქეთა მიერ წესების დარღვევისა და თავშესაფრის მიღების პროცედურით ბოროტად სარგებლობის ფაქტების შემდგომი ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ნოზაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის. თორნიკე ნოზაძის ინფორმაციით, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების 97 % არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე და სამშობლოში აბრუნებენ.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, განცხადებით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მნიშვნელოვანია მოგზაურთათვის, ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, სამედიცინო მომსახურების მიმღები მოქალაქეებისთვის და სხვა სახის მოკლევადიანი ვიზიტის მსურველთათვის, რაც ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ზვიად დევდარიანის შეფასებით, სავიზო ლიბერალიზაციის წლისთავზე, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული წესების გამკაცრება და მოქალაქეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.

ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმირებულნი არიან რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტები. მათი ნაწილი ამბობს, რომ ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა, ნაწილი კი ამას მომავალში აპირებს და სხვებსაც მოუწოდებს, ევროპული ქვეყნების უვიზოდ მონახულების შესაძლებლობა წესების დაცვით გამოიყენონ. ზოგიერთი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ პირადად იცნობს უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევებს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კამპანიის ამოცანაა დაიცვას საქართველოს მოქალაქეები არასწორი მოლოდინებისაგან და თავიდან ააცილებინოს ის საფრთხეები და პრობლემები, რაც მათ მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას მოჰყვება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს საიმისოდ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნეს აღიარებული და გამარტივდეს საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა განცხადებების განხილვისთვის საჭირო პროცედურები. იგეგმება, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები გვარის შეცვლისა და სხვა წესების გასამკაცრებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG