Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი და თბილისი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება


ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია ანგარიშს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, რომელიც 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. საუბარია შეფასებებზე, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან მიმართებით. თბილისი დარწმუნებულია, რომ შეფერხება საქართველოს არ უკავშირდება და რომ „ტექნიკური“ მიზეზით გამოწვეული პრობლემა უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება. თუკი ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ევროკომისიის ანგარიში, მართლაც, უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.

15 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირები ცდილობდნენ რაც შეიძლება გასაგებად განემარტათ მოქალაქეებისთვის, რომ იმედგაცრუება უსაფუძვლოა და რომ, სამოქმედო გეგმის ზედმიწევნით კარგად შესრულების კვალდაკვალ, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს იმას, რასაც მოელოდა. „ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ კიდევ რამდენიმე დღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური შეფერხება და არა არსობრივი შეფერხება, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პროცესი წინ მიდის და საქართველოს მხოლოდ ხანმოკლე მოთმინება მოეთხოვება.

ყველაფერი რომ რიგზეა და საქართველოს გეგმები რომ არ შეიცვლება, ამას სამშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ასევე საგანგებოდ აღნიშნავდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აკონკრეტებდა, რომ ინფორმაცია ორშაბათს პირდაპირ ბრიუსელიდან მიიღო:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირში გუშინ საღამოს მქონდა უკვე საუბარი, სატელეფონო... და მე გეტყვით, რომ ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოშვებას, რაც უახლოეს დღეებში მოხდება“.

საქართველოს მოქალაქეებს დიდხანს ლოდინი რომ არ მოუწევთ, ეს ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს და, მაგალითად, ამ მხრივ ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სიტყვები, რომლებიც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ, ორშაბათს, გვიან საღამოს, წარმოთქვა. კომენტარი საქართველოსა და უკრაინას შეეხება:

„ჩვენი განზრახვაა, რომ ანგარიში დეკემბერში გამოქვეყნდეს და ასე იყო თავიდანვე. ევროკომისია მუშაობს ამ საკითხზე – ორი ქვეყნის ხელისუფლებებთან ერთად. ამ საკითხზე დღესაც ვიმსჯელეთ საბჭოს ფორმატში და აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, ვროკავშირის წევრი ქვეყნები ძირითადად დადებითად აფასებენ ამ პროცესს და რომ საჭიროა ამ კარგი სულისკვეთების შენარჩუნება, რადგანაც, ძალიან კარგად ვიცით, სავიზო ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რასაც ხელშესახები შედეგი მოაქვს ხალხისთვის და მყისიერად გასაგებს ხდის ევროკავშირთან დაახლოების არსს... ვიმეორებ, ევროკომისია მუშაობას განაგრძობს და, როგორც მოსალოდნელია, ანგარიშები გამოქვეყნდება მიმდინარე თვეში, დიახ, უახლოეს დღეებში“.

როგორც ჩანს, არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის გარანტია... საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ყველაზე რთული ნაწილი – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი... როგორ მიდიოდა, რანაირად ჩვენს საზოგადოებაში, იცით, უკრაინულ საზოგადოებაში წავიდა კიდევ უფრო მძიმედ...
ლევან ბერძენიშვილი

ფედერიკა მოგერინის ევროკომისიის ანგარიშის გადავადების მიზეზები არ დაუკონკრეტებია და ამის შესახებ პრაქტიკულად არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა ბრიუსელში. თუმცა არაოფიციალური წყაროების ვარაუდით, შეფერხება უკრაინას უკავშირდება. ამის შესახებ ორშაბათ საღამოს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკიც იტყობინებოდა და, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ევროკავშირი საჭიროდ თვლის უკრაინის პრეზიდენტთან საუბარს. წინასწარი ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოს ბრიუსელში 16 დეკემბერს ელოდებიან. ანგარიში უკრაინის მიზეზით რომ გადაიდო, ეს არაოფიციალური ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემაც და მოსაზრება ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც გამოითქვა. მაგალითად, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, შესაძლოა პრობლემა ანტიდისკრიმინაციულ კანონს უკავშირდებოდეს:

„როგორც ჩანს, არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის გარანტია... საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ყველაზე რთული ნაწილი – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი... როგორ მიდიოდა, რანაირად ჩვენს საზოგადოებაში, იცით, უკრაინულ საზოგადოებაში წავიდა კიდევ უფრო მძიმედ. როგორც ჩანს, მათ ამ მასშტაბის კანონი ვერ მიიღეს... როგორც ჩანს, (ევროკავშირში) სჭირდებათ მეტი გარანტია და ამიტომ ჩადის პოროშენკო და, მე ვვარაუდობ, პირადად მისგან მიიღებენ ამ გარანტიას“.

იმას, რომ სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში 15 დეკემბერს აღარ გამოქვეყნდა და მისი გამოქვეყნება ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, კიევის შეუთანხმებელი ქმედებებით ხსნის უკრაინული მედია. თუკი, მაგალითად, ინტერნეტგამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ გადავხედავთ, ეს წყარო ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლის ჭრილში განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კიევის გადაწყვეტილება – კვლავაც სახელმწიფოს დაუქვემდებაროს უკანონოდ გატანილი აქტივების დაბრუნებისა და მართვის ეროვნული სააგენტო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG