Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველის ევროპული დიალოგები - კონფერენცია ევროპის კონტინენტის გამოწვევებისა და მომავლის შესახებ


თორნიკე გორდაძე
თორნიკე გორდაძე

მიმდინარე კვირის დასაწყისში პრაღის თანამედროვე ხელოვნების ცენტრ DOX-ში შეიკრიბნენ ჟურნალისტები, აქტივისტები, მკვლევრები და დიპლომატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. მიზეზი ევროპული დიალოგებია - ჩეხოსლოვაკიის ბოლო პრეზიდენტის, დისიდენტისა და დრამატურგის, ვაცლავ ჰაველის სახელობის კონფერენცია, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა მის სამშობლოში. რუსმა, ფრანგმა, პოლონელმა, ჩეხმა, სლოვაკმა და ქართველმა მომხსენებლებმა ევროპის კონტინენტის საზღვრების საკუთარი ვერსია წარმოადგინეს და ევროპის კონტინენტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მომავალზე იმსჯელეს. „სად იწყება და სად მთავრდება ევროპა?“ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია კონფერენციის ქართველ მომხსენებლს, თორნიკე გორდაძესაც, ევროატლანტიკურ სტრურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილ მინისტრს, რომელიც ახლა საფრანგეთში უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში მოღვაწეობს. კონფერენციის დასასრულს მას რამდენიმე კითხვა დაუსვა ჩვენმა კოლეგამ სალომე აფხაზიშვილმა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს.

რადიო თავისუფლება: როგორ გესმით დღევანდელი კონფერენციის მთავარი კითხვა - სად იწყება და მთავრდება ევროპა? როგორ უპასუხებთ ამ კითხვას? ეს აიხსნება საზღვრებით, იდეოლოგიით თუ კულტურით?

თორნიკე გორდაძე: პირველ რიგში, ევროპის საზღვრები არის პოლიტიკური და ასევე კულტურულიც, მაგრამ კულტურული საზღვრები, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად პოლიტიკურია, იმიტომ რომ, კულტურა ძალიან მარტივად შეიძლება იყოს პოლიტიზებული. ჩემს გამოსვლაშიც ვამბობდი, რომ ისინი, ვინც ამბობს, რომ ბოსფორზე გადის საზღვარი ან ურალზე, თუ ჩავუღრმავდებით, ეს გეოგრაფიული საზღვრებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად იქნა მიღებული. ურალზე საზღვრის გაყვანა უნდოდა პეტრე პირველს, იმიტომ რომ მას სურდა რუსეთი ყოფილიყო ევროპის ნაწილი, ბოსფორი კიდევ, კონტინენტს კი არა, ერთ ქალაქსაც არ ყოფს. ამიტომ, როდესაც ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: სად იწყება და მთავრდება ევროპა, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა არის იდეა, საზღვარი არის პოლიტიკური და ეს საზღვრები მეტ-ნაკლებად ცვალებადია. დღესდღეობით ევროპის საზღვრები არ ემთხვევა მთლიანად ევროკავშირის საზღვრებს. თვითონ ევროკავშირის ლექსიკა რომ მოვიშველიოთ, არსებობენ ევროკავშირის ევროპელი მეზობლები, რომელთა შორის არიან, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც. ის არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ აღიქმება ევროპულ სახელმწიფოდ. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ცდილობს დაუახლოვდეს რაღაც კრიტერიუმებს, შეიძლება ჩაითვალოს ევროპულ სახელმწიფოდ. და ევროპას, რომელსაც აქვს ამბიცია არ გახდეს ევრაზიის კონტინენტის დანამატი, მისი პერიფერია, ყოველთვის უნდა ჰქონდეს აღქმა, რომ ის შეიძლება გაფართოვდეს.

რადიო თავისუფლება: ერთია საზღვრების პოლიტიკური განმარტება და მეორეა, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც ამბობენ, რომ ამბიცია აქვთ გახდნენ ევროპული საზოგადოება და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ქართულ საზოგადოებაში? ევროპასთან დაახლოება უფრო მეტად იდეოლოგიური პროექტი იყო, თუ, მართლაც, არსებობდა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა?

თორნიკე გორდაძე: საქართველოში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის და არა მხოლოდ აქ, ასევე უკრაინაში, მოლდავეთში და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში ევროპა დისტანცირების ფორმაა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს იმყოფებიან, იმ გავლენების მიმართ, რომელიც მათ დღეს აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან კარგი და მკაფიო წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დასავლეთ ევროპაში ან ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ მათ აქვთ მისწრაფება, იმიტომ რომ მათთვის ევროპა, პირველ რიგში, არის კანონიერების, კორუფციის არარსებობის ან მცირედით არსებობის, ასევე ადამიანის უფლებებისა, კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების სინონიმი, ამიტომ არსებობს მისწრაფება ევროპისკენ.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ იდენტობის კრიზისი ევროპაში. თქვენი აზრით, რატომ დადგა ეს პრობლემა ამ კონტინენტზე, იქ, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ერი-სახელმწიფოები შეიქმნა?

თორნიკე გორდაძე: დღეს ევროპაში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ტრადიციული ელიტები გამოეყვნენ საზოგადოებას. ეს უკანასკნელი მათ ნაკლებად ენდობა და ცდილობს, რომ ასეთი ელიტები შეცვალოს, იმიტომ რომ თვითონ ამ ელიტებმა რაღაც მომენტში დაკარგეს ურთიერთობა საზოგადოებასთან. ეს აიხსნება აგრეთვე დასავლეთ ევროპაში არსებული ტრადიციული პოლიტიკური პარტიების კრიზისით. საფრანგეთის ბოლო არჩევნებს თუ შევხედავთ, მეხუთე რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ორი კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში გავიდა, ანუ ფინალში გასული არც ერთი კანდიდატი არ წარმოადგენდა მეინსტრიმულ პოლიტიკურ პარტიას, მაშინ როდესაც ყველა არჩევნებში დაპირისპირებული მხარეები მემარჯვენეები და მემარცხენეები იყვნენ. ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ რა კრიზისი უდგათ დღეს ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს ევროპაში. იგივე პროცესები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში. თუ ძირეულად არ გარდაიქმნებიან, ისინი დაკარგავენ აქტუალობას.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ საკითხს, რომელიც თქვენს გამოსვლაში დასვით - დასავლეთი მეტად უნდა დაინტერსდეს საქარველოთიო, ახსენეთ. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. იქ უწყვეტად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მომზადება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს არის ის, რაზეც ახლა ყველაზე მეტად უნდა კონცენტრირდეს დასავლეთი?

თორნიკე გორდაძე: არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ რუსეთისთვის დღეს, რუსეთისავე გაგებით, საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ ნატო, რომელზეც უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, არამედ ევროკავშირიც და რატომ არის ასე? იმიტომ, რომ რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპეიზაცია, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, იწვევს არა იქ არსებული პოლიტიკური სისტემის, არამედ საზოგადოების ძირეულ ცვლას. დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებისა და ელიტისთვის ეს წარმოადგენს საშიშროებას, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს გადამდები. სწორედ ეს იყო რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია და არა ის, რომ რუსეთს დამატებითი ტერიტორიები სჭირდებოდა. თვითონ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც გენერალ გერასიმოვის დაწერილია, ძალიან ნათლად არის ახსნილი, რომ უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასამხედრო კომპონენტებს. ეს არის ინფორმაცია, ეს არის კიბერუსაფრთხოებაში მათი მეთოდების გამოყენება, კულტურულ ფრონტზე ბრძოლა, სპორტი. ამიტომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს ამ ინფორმაციული რესურსის გამოყნებას. ის ცდილობს დაამკვიდროს ისეთი შეხედულება, რომ არ არსებობს ერთი სწორი ინფორმაცია, მაგრამ არსებობს უამრავი სხვადასხვა ვერსიები, სადაც სწორი ინფორმაცია იკარგება. ჩნდება შეფარდებითობის ცნებაც. თუკი დააკვირდებით რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, ისინი აღარ ამბობენ, რომ რუსეთი უკეთესია, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. ახლა პროპაგანდა, შედარებით, უფრო დაიხვეწა და მივიღეთ, რომ არავინ უკეთესი არ არის, ყველა ერთნაირად ცუდია. ამისთვის ისინი ცდილობენ გამოიყენონ ყველა სისუსტე, თვითონ ის კრიზისი, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირში. არ ვამბობ, რომ ეს კრიზისი რუსეთის გამოწვეულია. ეს კრიზისი არსებობდა, მაგრამ რუსეთი ამას ძალიან კარგად იყენებს მის გასაღრმავებლად. ის მოქნილობა, რომელიც დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია ამ სფეროში, აიხსნება იმით, რომ თვით შიგნით რუსეთში არ არსებობს პლურალიზმი. არსებობს ულტრაცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ამას ევროკავშირის ქვეყნებში ვერ ნახავთ, რადგან იქ დემოკრატია და პლურალიზმია. ამას ძალიან აქტიურად და თავის სასარგებლოდ იყენებს რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG