Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი ციხის გარეთ და მეგის ქარდავა ციხეში?


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 1 ნოემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნება. უკრაინაში უკვე დაიწყო მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურა, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და მოითხოვს თუ არა ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინის მთავრობისგან. ქარდავას ექსტრადიციის პარალელურად თბილისში გააქტიურდა საუბარი ყოფილი პრემიერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე.

გადმოწერა

ყოფილი მაღალჩინოსანი, სამხედრო პოლიციის ყოფილი მეთაური მეგის ქარდავა ოთხ გახმაურებულ საქმეზეა მსჯავრდებული. ესენია ე.წ. ციხის ბუნტის საქმე, პატიმართა წამების, იგივე ნავთლუღის სპეცოპერაციის, საქმე, ე.წ „კასრების“ და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეები. დღესაც საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად განიხილება მეგის ქარდავას ბრალდების კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის, განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, მას უკვე შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა, დანარჩენს კი სასამართლო გადაწყვეტს:

„აქტიური კონტაქტი გვაქვს უკრაინულ მხარესთან, გუშინ უკვე ოფიციალურად დაგვიდასტურეს მისი დაკავების ამბავი, თუმცა რაც შეეხება ვადას, თუ როდის დასრულდება პროცესი, ძნელი სათქმელია, რადგან მას აქვს გასაჩივრების უფლება. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება“.

უკრაინისა და საქართველოს პროკურატურების თანამშრომლობით კმაყოფილია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მეგის ქარდავა
მეგის ქარდავა

სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა უკრაინაში, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ქარდავას ადვოკატს, მალხაზ ველიჯანაშვილს, როგორც ის მედიასთან საუბარში აცხადებს, იმედი აქვს, რომ უკრაინის სასამართლო არ დააკმაყოფილებს ექსტრადირების მოთხოვნას, რადგან ის საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ საქმეებზე დევნილად მიიჩნევს თავს. საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა, როგორც მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი ყველამ უნდა აგოს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში იყო, სწორედ ასეთი ადამიანების ხელით აწამებდა ადამიანებს და სხვა უამრავ საშინელებას სჩადიოდა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი, მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება. ამიტომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის იყოს ერთგვარი გამოსავალი...
ოთარ კახიძე

მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმის პარალელურად თბილისში გააქტიურდა საუბარი ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის, განმარტებით, ეს საკითხი ნოემბერში ავტომატურად დადგება დღის წესრიგში, რადგან სწორედ ამ დროისათვის ექნება მას მოხდილი სასჯელის ის ვადა, როდესაც მსჯავრდებულის საკითხს ე.წ. უდოს კომისია განიხილავს.

მერაბიშვილის კიდევე ერთი ადვოკატის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძის განცხადებით, მერაბიშვილს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვლება 2013 წლის 20 მაისიდან, ხოლო კანონით, მძიმე დანაშაულისათვის პირობით ვადამდე გათავისუფლება პატიმარს ეხება სასჯელის ორი მესამედის, ანუ 4 წლისა და 6 თვის გასვლის შემდეგ.

კახიძის განცხადებით, გასათვალისწინებელია, როგორ დასრულდება საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - საქმე კი შეეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, მერაბიშვილის შემთხვევაში კი, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას. სასამართლოს სექციამ ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს მასზე ზეწოლის მიზნით. ოთარ კახიძის თქმით, მე-18 მუხლის დარღვევა სულ მეშვიდედ დადგინდა ევროსასამართლოს ისტორიაში:

„ეს არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულების ეტაპზე სტანდარტულად ითხოვს აპლიკანტის გათავისუფლებას. საქართველოს მთავრობამ შარშან გაასაჩივრა სექციის ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში. განხილვა 8 მარტს გაიმართა, ველით საბოლოო ვერდიქტს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს ცნობილი“.

თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი, მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება. ამიტომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის იყოს ერთგვარი გამოსავალი“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება არ არის „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი საკითხი და რომ ამას როგორც მერაბიშვილის, ისე სხვა დამნაშავეების შემთხვევაში სპეციალური კომისია წყვეტს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით კი, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა მოხდილი ჯერ არ აქვს და, შესაბამისად, მის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება კი 28 ნოემბერს გამოცხადდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG