Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა, როგორც უელსის გაგრძელება


მზადება სამიტისთვის. ვარშავა
მზადება სამიტისთვის. ვარშავა

კვირის ბოლოს მსოფლიო მედიის ყურადღება მიპყრობილი იქნება ვარშავისაკენ, სადაც 8-9 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი, რომელზეც ალიანსი, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ გაფართოვდება. ბალკანეთის სახელმწიფო, ჩერნოგორია, ოფიციალურად მიიღებს დასავლეთის სამხედრო ბლოკის მოსაწვევს. ამას გარდა, ნატოს ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მთავარ პრინციპს, თავისი წევრების კოლექტიურ დაცვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის მზარდი რევანშიზმის პირობებში.

ვარშავის სამიტი, ამ კუთხით, მისი წინამორბედის დღის წესრიგის გაგრძელება იქნება. ბოლო სამიტზე, 2014 წლის სექტემბერში, უელსის ქალაქ ნიუპორტში, სადაც იმხანად ალიანსის წევრ სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ, რუსეთის მიერ ყირიმი ახალი ანექსირებული იყო, ამიტომ ბევრს კარგად არც კი ესმოდა ტერმინ „ჰიბრიდული ომის“ არსი.

თუ ორი წლის წინანდელი სამიტის მიზანი იყო კრიზისულ ვითარებაში მოსკოვის ქმედებებზე მეყსეული პასუხის მოძებნა, ალიანსის ვარშავის სამიტი კონცენტრირებული იქნება რუსეთთან დაპირისპირებაში სტაბილური და გრძელვადიანი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოსათვის მომდევნო ათწლეულებშიც არ დაკარგავენ აქტუალობას.

ეს არ არის საომარი ქვედანაყოფები. როგორი კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილიც უნდა იყვნენ, აქა-იქ გაფანტული ათასკაციანი ფორმირებები ვერავითარ გარდატეხას ვერ მოახდენენ რუსეთთან აპოკალიფსური ომის შემთხვევაში...
მარკ გალეოტი

„ეს სიგნალი ჩვენ გვაიძულებს გადავსინჯოთ დასავლეთის უსაფრთხოების სისტემა და მივუსადაგოთ იგი იმ ცვლილებებს, რომელთა მომსწრენიც გავხდით დღევანდელ სამყაროში“, - განაცხადა მაისში ესტონეთის პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

რას უნდა ველოდეთ ვარშავის სამიტისაგან? - აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის შეკავებას და ნატოს ფრონტის ხაზზე მდებარე ალიანსის წევრი ქვეყნების დარწმუნებას, რომ მათი საზღვრების დაცვა ამ სამიტის მთავარი თემა იქნება.

„ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის ლიდერებმა თვალი უნდა გაუსწორონ მკაცრ რეალობას: ევროპაში მშვიდობა, უსაფრთხოება და დემოკრატიის სტაბილურობა უკვე აღარ არის თავისთავად ცხადი მოცემულობა“, - აღნიშნავენ აშშ-ის ელჩი ნატოში ნიკოლას ბერნსი და ნატოს ძალების ყოფილი სარდალი გენერალი ჯეიმს ჯონსი ანალიტიკურ გამოცემა „ატლანტიკ ქოუნსილში“ გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში.

ორი წლის წინ უელსში ნატომ გადაწყვიტა ახალი სამხედრო ბაზები შეექმნა ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში; შეთანხმდნენ, ასევე, შეექმნათ ახალი სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც შეძლებდა ორი დღეში დახმარებოდა საფრთხეში ჩავარდნილ ალიანსის წევრ ქვეყანას.

მოსალოდნელია, რომ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის შემდგომი გაძლიერებისათვის, ვარშავაში გაფორმდეს შეთანხმება თითოეულში 1000 კაცამდე გაზრდილი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე. როგორც ცნობილია, აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ თითოეული ასეთი ბატალიონის მართვის ორგანიზებაზე.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სარდლობით მოქმედი ნატოს ბატალიონი განლაგდეს პოლონეთში, სუვალკის ყურესა ან მის მახლობლად. ამ ყურეს, რომელიც ასი კილომეტრით არის შეჭრილი პოლონეთ-ლიტვის საზღვრის გასწვრივ ბელორუსიასა და რუსეთს შორის მდებარე კალინინგრადის რეგიონში, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისათვის.

ამით ნატო ეუბნება რუსეთს, რომ თუ შენ ამ ქვეყნებში შემოჭრის სურვილი გაგიჩნდება, მაშინ არა მხოლოდ ესტონელებსა და ლატვიელებს დახოცავ, არამედ ამერიკელებსა და გერმანელებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია...
მარკ გალეოტი

ნატოს სამხედრო სტრატეგები შიშობენ, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია ხელთ იგდოს ეს ყურე და ალიანსს ეფექტურად მოსწყვიტოს მთელი ბალტიის რეგიონი.

ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი ბატალიონი განლაგდეს ლიტვაში, ბრიტანეთისა კი - ესტონეთში. რაც შეეხება ლატვიას, იქ გასაგზავნი მეოთხე ბატალიონის სარდლობის სურვილი კანადამ გამოთქვა.

ვაშინგტონი თანახმაა, რომ გააფართოოს რუმინეთში არსებული აშშ-ის საწვრთნელი ბაზა და განალაგოს იქ გაძლიერებული ბრიგადა, 3 500 კაცამდე პირადი შემადგენლობით, რომელიც იმოქმედებს როგორც ბალტიისპირეთის რეგიონის, ისე ბულგარეთისა და რუმინეთის მიმართულებით.

ამას გარდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის შესთავაზოს რუმინეთს 3-დან 5 000 კაცამდე სიდიდის ისეთი მრავალეროვნული ბრიგადის მასპინძლობა და მართვა, რომელიც წვრთნების საკოორდინაციო რგოლის ფუნქციასაც შეასრულებს და, საჭიროების შემთხვევაში, შემაკავებლისაც.

„ეს არ არის საომარი ქვედანაყოფები. როგორი კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილიც უნდა იყვნენ, აქა-იქ გაფანტული ათასკაციანი ფორმირებები ვერავითარ გარდატეხას ვერ მოახდენენ რუსეთთან აპოკალიფსური ომის შემთხვევაში“, - ამბობს მარკ გალეოტი, ჩეხეთში არსებული საერთაშირისო ურთიერთობათა კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთ გაძლიერებულ ბატალიონებს ნატოს აღმოსავლეთ ფრონტზე უფრო პოლიტიკური განზომილება აქვს. „ამით ნატო ეუბნება რუსეთს, რომ თუ შენ ამ ქვეყნებში შემოჭრის სურვილი გაგიჩნდება, მაშინ არა მხოლოდ ესტონელებსა და ლატვიელებს დახოცავ, არამედ ამერიკელებსა და გერმანელებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, - დასძენს გალეოტი.

ნატოს ჩრდილოეთი განზომილება

ჩრდილოეთ ევროპის გეოგრაფიის გათვალისწინებით, დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ ტერიტორიაზე ნატოს გაძლიერებული სამხედრო ძალების არსებობის შემთხვევაშიც კი, ძალიან დაუცველები არიან სამხედრო ძალების მხრივ ბევრად აღმატებული რუსეთის წინაშე.

ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის ლიდერებმა თვალი უნდა გაუსწორონ მკაცრ რეალობას: ევროპაში მშვიდობა, უსაფრთხოება და დემოკრატიის სტაბილურობა უკვე აღარ არის თავისთავად ცხადი მოცემულობა...
ნიკოლას ბერნსი, ჯეიმს ჯონსი

ანალიტიკური ცენტრ „რანდ კორპორეიშენის“ მიერ გათამაშებული საომარი სცენარის დროს ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად ნატოს ბალტიისპირეთის მიმართულებით დასჭირდება, სულ მცირე, შვიდი გაძლიერებული ბრიგადა, მხარდაჭერილი შესაბამისი საავიაციო ძალებითა და საჰაერო თავდაცვით.

სწორედ ასეთი შეფასება გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ნატო სულ უფრო ავითარებს თანამშრომლობას ფინეთსა და შვედეთთან, ალიანსის არაწევრ ქვეყნებთან, რომლებსაც, კოალიციის სამხედრო დახმარების შემთხვევაში, შეუძლიათ ალიანსის სასარგებლოდ შეცვალონ ძალთა თანაფარდობა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ეს ისტორიულად ნეიტრალური ქვეყანა ჯერ არ არის მზად შეუერთდეს ნატოს, ორივე ქვეყანაში - განსაკუთრებით კი შვედეთში - ალიანსის მიმართ მხარდაჭერა იზრდება. მთავრობის დავალებით, წელს ორივე ქვეყანაში ტარდება მასშტაბური კვლევა ნატოში გაწევრიანების ეფექტის შესასწავლად.

შვედეთისა და ფინეთის სწრაფვა ნატოსკენ ვარშავის სამიტზე ასევე ცხადად დადასტურდება. ნიშანდობლივია, რომ სამიტამდე ორიოდე კვირით ადრე ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ, რაც პირველად მოხდა ამ ფორმატის არსებობის განმავლობაში.

ამ შეხვედრაზე ალიანსის ლიდერებმა ასეთი ფორმულა მოიფიქრეს: 28 +2, ანუ ნატოს წევრი ქვეყნები პლუს შვედეთი და ფინეთი, და ასეთ ფორმატში მუშაობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

წინააღმდეგობა სამხრეთ ფლანგზე

მაგრამ ნატოს სამხრეთის ფლანგზეც აქვს დისკომფორტი და ეს უკავშირდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და, როგორც შედეგს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დომინანტურ მდგომარეობას. ამ ვითარების შეფასებისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შავ ზღავს „რუსეთის ტბა“ უწოდა.

ეს სიგნალი ჩვენ გვაიძულებს გადავსინჯოთ დასავლეთის უსაფრთხოების სისტემა და მივუსადაგოთ იგი იმ ცვლილებებს, რომელთა მომსწრენიც გავხდით დღევანდელ სამყაროში...
ტომას ჰენდრიკ ილვესი

შავ ზღვაზე პოზიციების დასაბრუნებლად, ნატოს სამიტზე რუმინეთი გამოვა ინიციატივით, რომ შავ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო პატრულირება მოეწყოს. ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი ვარშავის სამიტის დღის წესრიგში იქნებაო. მაგრამ ასეთი პატრულირების იდეა წინააღმდეგობას წააწყდა ნატოს წევრი ბულგარეთის მხრიდან, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება ასეთ ინიციატივას, რომელიც, ბორისოვის აზრით, „შავ ზღვას საომარ ტერიტორიად გადაქცევით“ ემუქრება.

ბორისოვის უარი ნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ვარშავის სამიტზე ერთ-ერთი ცხარე დისკუსიის საგანი იქნება.

დაბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებთ ჩვენს მკითხველებს, საქართველოს შემდგომი ინტეგრაციაა. ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელზეც, როგორც დასაწყისში ითქვა, ჩერნოგორიას ოფიციალურად დაპატიჟებენ, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ალიანსის ღია კარის პოლიტიკის უალტერნატივობას, ამბობს ნატოს სამხედრო სარდლის ყოფილი მოადგილე, ჯონ მაკოული. თუმცა როგორც ნატოს ყოფილი, ასევე მოქმედი მაღალჩინოსნებისათვის ძნელია იმის განჭვრეტა, როგორ შეძლებენ წინსვლას ნატოს პოტენციური კანდიდატები - საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი.

ერთადერთი, რაც ცნობილია, ვარშავაში უკრაინას შესთავაზებენ საგანგებო დახმარების პაკეტს, დაახლოებით ისეთ ინიციატივას, როგორიც იყო საქართველოსთვის ნატოს წინა, უელსის, სამიტზე „არსებითი პაკეტი“, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე მოქმედებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG