Accessibility links

ვაშინგტონი ფიქრობს, რომ სამხედრო დაპირისპირება ფხენიანთან გარდაუვალი არ არის


ჯოზეფ დანფორდი სამხრეთ კორეაში

გენერალი ჯოზეფ დანფორდი, აშშ-ის არმიის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, 14 აგვისტოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინს შეხვდა და აღუთქვა, რომ „აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დაიცვას აშშ და მისი მოკავშირეები“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საკონტინენტთაშორისო სარაკეტო თავდასხმის საფრთხისაგან.

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, აშშ-ის არმის სარდალი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი ჩინეთსა და იაპონიასაც ესტუმრება, რათა დაუდასტუროს მათ აშშ-ის მზადყოფნა, გამოიყენოს ყველა საშუალება ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადასაჭრელად. მანამდე კი სეულში გენერალმა დანფორდმა გაახმიანა ვაშინგტონის გზავნილი.

კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომელთაც ჩვენ ვაწყდებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს...
მუნ ჯაე-ინი

“მოველით, რომ პრობლემა ომის გარეშეც გადაწყდება, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ სამხედრო ვარიანტსაც, თუ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდებაო“, - განუცხადებია სეულში გენერალ ჯოზეფ დანფორდს.

თუმცა, როგორც გაირკვა, პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას კატეგორიულად გამორიცხავს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე-ინი, რომელიც დარწმუნებულია, რომ აშშ შექმნილ ვითარებას მოეკიდება „მშვიდად“ და „პასუხისმგებლობის“ მაღალი გრძნობით.

„კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ უნდა მოხდეს. მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომელთაც ჩვენ ვაწყდებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს“ , - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობამ სახიფათო მიჯნას მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ცეცხლითა“ და „რისხვით“ დაემუქრა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს, რომელმაც ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით მას უკვე შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს.

ასეთი ვერბალური დაპირისპირება საგანგაშო აღმოჩნდა მსოფლიოსათვის, თუმცა თეთრი სახლის უმაღლესი სამხედრო და უსაფრთხოების მრჩევლები სულაც არ მიიჩნევენ გარდაუვალად სამხედრო კონფლიქტს ჩრდილოეთ კორეასთან.

მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

„შექმნილი ვითარება არ წარმოადგენს ჩვენთვის გარდაუვალ საფრთხეს. თავდასხმა ჩრდილოეთ კორეისაგან არ არის გარდაუვალი. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია. პრეზიდენტმა უფლება მისცა დაზვერვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს უზრუნველვყოთ ამერიკელი ხალხის დაცვა ამ საფრთხისაგან“, - განაცხადა 13 აგვისტოს მაიკ პომპეომ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, თუმცა დასძინა, რომ აშშ აღარ მოეკიდება „სტრატეგიული მოთმინებით“ ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის გაგრძელებას.

როგორც ზემოთ ითქვა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი ჯოზეფ დანფორდი მიმდინარე კვირაში ესტუმრება ჩინეთს, რომლის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა, სიმშვიდისაკენ მოუწოდა ორივე მხარეს. ჩინეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, უკიდურესად არის იმედგაცრუებული ფხენიანის ბოლოდროინდელი ქმედებებით და ამიტომ გაეროს უშიშროების საბჭოს 5 აგვისტოს სხდომაზე მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სანქციებს. ამ ფონზე, 14 აგვისტოს პეკინმა განაცხადა, რომ წყვეტს ჩრდილოეთ კორეისაგან მეტალის, მინერალების, ქვანახშირის, თევზეულისა და სხვა პროდუქციის იმპორტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG