Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორია


ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. კენჭისყრის მეორე ტურის შედეგებით, მას სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მხოლოდ 2 ხმა ერგო მის უშუალო კონკურენტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თინათინ ბერძენიშვილს. ვასილ მაღლაფერიძე ახალ პოსტზე საქმიანობას ორშაბათიდან, 9 იანვრიდან, შეუდგება. იგი თავის პრიორიტეტად მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ლიდერის პოზიციის დაკავებას და, შესაბამისად, ამ ტელევიზიისადმი საზოგადოებრივი ნდობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას სახავს, თუმცა ოპონენტების აზრით, მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმოჩნდა, მისი ახალი გენერალური დირექტორის პოლიტიკური სიმპათიებია, რის შედეგადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა როგორც მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა, ისე მისი ობიექტურობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე არჩევის შემდეგ გაკეთებულ თავის პირველივე კომენტარში ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ მისი პოლიტიკურ წარსული დანაშაული არ არის, მასში საჩოთირო არაფერია და, შესაბამისად, დროა ამ თემაზე საუბარიც დასრულდეს. რაც შეეხება მის სამუშაო გეგმებს, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ იგი გარკვეულ რეორგანიზაციას არ გამორიცხავს, თუმცა მისი ძირითადი დასაყრდენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი კოლექტივი იქნება:

“მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ კოლექტივს, ამ კოლექტივს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალური რესურსი და ჩემი ძირითადი საყრდენი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები იქნებიან. თუმცა რაღაც ცვლილებები, ბუნებრივია, მოხდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი პროცესია ტელევიზიებიდან ტელევიზიებში გადასვლა. თქვენ ყველა, ალბათ, ჟურნალისტები, რამდენიმე ტელევიზიაში ხართ ნამუშევრები და ეს არის მხოლოდ კარგი, მუდმივი როტაცია, მაგრამ ძირითადი საყრდენი ჩემი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები“.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 6 ხმით და 6 წლის ვადით აირჩია. მისი უშუალო კონკურენტი ამ პოსტზე, თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც გადამწყვეტ კენჭისყრაში სამჯერ ნაკლები ხმა მოაგროვა, იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების პროცესი გაგრძელდება და ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს:

“გადაწყვეტილება მიღებულია და მე პატივს ვცემ ყველა გადაწყვეტილებას, ვფიქრობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კვლავ გაგრძელდება, ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელზეც არაერთი დღეა ვსაუბრობ, შენარჩუნდება და ყველა ის მიზანი, რომელიც ჰქონდა დასახული მენეჯმენტს, განხორციელდება“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის მოვალეობას ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ თანამდებობიდან თავისივე ნებით გადადგომის შემდეგ, ნოემბრიდან ასრულებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი სულ 14-მა ადამიანმა გამოთქვა. მათგან სამეურვეო საბჭომ ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი დაუშვა. კენჭისყრის შედეგებით, ერთმანეთის პირისპირ ბოლოს სწორედ თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე აღმოჩნდნენ. იმ ფაქტს, რომ სამეურვეო საბჭომ დიდი უმრავლესობით უპირატესობა სწორედ ვასილ მაღლაფერიძეს მიანიჭა, ცალსახად ნეგატიურად აფასებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მისი აზრით, სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია და არ არის გამორიცხული საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც პარტიული კუთვნილება შეიძინოს:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ჩამოყალიბებაა გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და თუ ეს სარედაქციო პოლიტიკა იქნება სრულ თანხვედრაში მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ხედვებთან, მაშინ სწორედაც რომ მივიღებთ პოლიტიკურ დამოკიდებულებას და პოლიტიკურ მიკერძოებულობას. ეს არის პრობლემატური ამ შემთხვევაში და ამიტომ ვსაუბრობ ამ გადაწყვეტილებაზე ნეგატიურ კონტექსტში და არა იმიტომ, რომ პერსონალურად ვინმე არ მომწონს. ჩვენ შეიძლება მივიღოთ არა მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ ერთ-ერთი რიგითი ტელევიზია, რომელიც დადგება უკვე ამ გაერთიანებული კონგლომერატის გვერდით, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის ხელდასხმით იქმნება დღეს მედიაბაზარზე“.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაიზიარებს „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS- ის გაერთიანების პოლიტიკურ დღის წესრიგს. მისი სკეპტიციზმის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ფიქრობს, რომ წინასწარ იმის თქმა, შეუშლის თუ არა პოლიტიკური პრეფერენციები ადამიანს ხელს მის საქმიანობაში, შეუძლებელია. იგი ფიქრობს, რომ როდესაც პირი საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას იღებს, პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე უნდა გადადოს:

“არ მართავს თვითნებურად საზოგადოებრივ მაუწყებელს გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი იმართება კანონებით, რეგულაციებით, რეგლამენტებით, სტანდარტებით და ამას აკონტროლებს გარედან საზოგადოება და შიგნიდან სამეურვეო საბჭო. თუ იქნება გადაცდომა, იქნება კანონის დარღვევა, რეგულაციების დარღვევა და სტანდარტების დარღვევა, მაშინ ვალდებულია სამეურვეო საბჭო მიიღოს გადაწყვეტილება და შეუჩეროს გენერალურ დირექტორს... ამიტომაც ეს არ არის ისე, რომ ერთი ადამიანი აიღებს ახლა და თავის მსოფლმხედველობას გაატარებს“.

გრიგოლ გოგელია ერთ-ერთია იმ 6 ადამიანს შორის, რომელთაც მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირეს. ვასილ მაღლაფერიძის მომხრეთა რიგში არ ყოფილა სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, სულხან სალაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართულ მედიასივრცეში დღეს შემთხვევით არაფერი ხდება და საბჭოს უმრავლესობის 6 იანვრის გადაწყვეტილება არის სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესების გაგრძელება. სულხან სალაძე ვარაუდობს, რომ სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის შესახებ გარკვეული ზეწოლის, ანუ „რჩევის“, პირობებში მიიღო:

“რეალურად თუ ჩვენ შევხედავთ, მაღლაფერიძე არის გენერალური დირექტორი, რომელიც დაკავშირებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის ტელევიზიასთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ტელევიზიაში, იყო იმ გადაცემის პროდიუსერი, რომელსაც არ ჰქონდა რეიტინგი და როდესაც მე გუშინ დავუსვი მას კითხვა, რატომ იყო მისთვის საინტერესო ისეთი გადაცემის პროდიუსერობა, რომელსაც რეიტინგი არ ჰქონდა GDS-ზე, პასუხი იყო, რომ საინტერესო იყო. წარმოუდგენელია და ადამიანურად თუ შევხედავთ, გაუგებარია, რატომ შეიძლება დაუჭირო მხარი ასეთ კანდიდატს გენერალური დირექტორის პოსტზე, თუკი აქ არ იყო რაიმე ტიპის ჩარევა და თუკი აქ არ მოხდა გარკვეული გავლენის მოხდენა სამეურვეო საბჭოს წევრების შინაგან რწმენაზე“.

სულხან სალაძე ფიქრობს, რომ სამეურვეო საბჭომ გააკეთა შესაძლო ვარიანტებს შორის ყველაზე ცუდი არჩევანი და ამით დიდი ნაბიჯი გადადგა რეგრესისაკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG