Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინში


ახალციხე
ახალციხე

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში, ვეტერანები ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინში ცხოვრობენ. რამდენიმე დღეში მათ დაკავებული ფართი უნდა დაცალონ. უკანონოდ შეჭრილ ოთხ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს.

აგვისტოს ომის ვეტერანის, გიორგი მიქელაძის, ექვსსულიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც ახალციხეში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ. ვეტერანი ორ შვილთან, მეუღლესთან, დედასა და დისშვილთან ერთად ორ ოთახში ცხოვრობს. პირობები გაუსაძლისია. არ არის ელექტროენერგია და სველი წერტილები. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებით კი, შესახლებულებმა შენობა უნდა დაცალონ და თითოეულმა მათგანმა 120 ლარის ოდენობით ბაჟი გადაიხადოს. ოთხივე ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის 17 ნომერში მდებარე შენობიდან ოჯახების გამოსახლებისა და ბაჟის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო. ვეტერანები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ.

ადვოკატი სოსო ხითარიშვილი განმარტავს, რომ ვეტერანებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონმდებლობით ეკისრებათ. უარის შემთხვევაში საქმე სააღმსრულებლო ბიუროს გადაეცემა, რომელიც მართლმსაჯულების ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებას იძულებით უზრუნველყოფს.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, 3 000-მდე ვეტერანია. აქედან ახალციხეში 1 212-ია რეგისტრირებული. რეგიონში მცხოვრები ვეტერანების, დაახლოებით, 15 პროცენტის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი დავით ფეიქრიშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ფართის მიუცემლად სამშობლოს ერთიანობისთვის მომსახურე პირების გამოსახლება დაკავებული ფართიდან დაუშვებელია.

ახალციხის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, ოჯახების ღია ცის ქვეშ დატოვება არც მათ ინტერესებში შედის, მაგრამ შენობა ა(ა)იპ–ი “სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს” უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. ამიტომ, კანონით, მათი შენობაში დატოვება შეუძლებელია. მერი გოგოლაურის თქმით, თვითმმართველობას ალტერნატიული ფართის მიცემის საშუალება არა აქვს.

ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა-ინტერნატის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა უკანონოდ 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. მათმა ნაწილმა შენობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამ დროისათვის აქ მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ვეტერანები აცხადებენ, რომ ვერც თანხას გადაიხდიან და ვერც შენობიდან გავლენ. იძულებით გასახლების შემთხვევაში კი ოთხივე ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.

XS
SM
MD
LG