Accessibility links

პოლონეთში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმ სამი სადავოდ ქცეული საკანონმდებლო შესწორებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, დანარჩენ ორს კი ვეტო დაადო. ანჯეი დუდას ეს ნაბიჯი გააკრიტიკა პოლონეთში პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ, რომელიც მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირებისათვის, შესწორებების მოწინააღმდგეები კი, პირიქით, მიესალმებიან ვეტოს დადებას და პრეზიდენტს მოუწოდებენ ასევე მოიქცეს დანარჩენი ორი დოკუმენტის მიმართაც.

24 ივლისს, როდესაც სადავო კანონპროექტებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას ღებულობდა, ქვეყნის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დასძინა, რომ საკანონმდებლო ცვლილება კი არ განამტკიცებს სასამართლო სისტემას, არამედ მას უფრო დამოკიდებულს გახდის პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. „პოლონეთის ტრადიციაში არ არის ის, რომ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე სახის ბერკეტი უზენაესი სასამართლოს მუშაობაზე გავლენის მოსახდენად, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსამართლეების დანიშვნაზე“, - განაცხადა სატელევიზიო მიმართვის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა.

„გადავწყვიტე დოკუმენტი დავუბრუნო სეიმს (პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატას), სხვაგვარად რომ ითქვას, ვეტო დავადო უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, ისევე როგორც კანონპროექტს იუსტიციის ეროვნული საბჭოს შესახებ, რომლებიც სეიმმა ერთმანეთთან დაკავშირებული გახადა. ჩემი აზრით, მოსამართლეებს არ უნდა ნიშნავდეს პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობით არჩეული იუსტიციის ეროვნული საბჭო, რაც ამ კანონპროექტით, სამწუხაროდ, შესაძლებელი გახდება და, როგორც პრეზიდენტი, მე ამას გადაჭრით არ ვეთანხმები“.

ანჯეი დუდამ, ფაქტობრივად, გაიმეორა ის სიტყვები, რომელთაც ბოლო კვირის განმავლობაში პოლონეთის ქალაქებში გამოსული დემონსტრანტები თუ პოლონეთის მთავრობის ჩანაფიქრით უკმაყოფილო ევროპარლამენტარები გამოთქვამდნენ მმართველი პარტია „სამართლისა და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკომისია ხმის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა ევროკავშირის წევრი პოლონეთის ხელისუფლებას, თუკი ეს უკანასკნელი გააგრძელებდა ძალისხმევას სადავოდ ქცეული საკანომდებლო ცვლილებების გასატანად.

როგორც ზემოთ ითქვა, უზენაესი სასამართლოს შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეების დანიშვნის უფლებას აძლევს იუსტიციის მინისტრს, რომელიც, იმავე დროს, ქვეყნის გენერალური პროკურორიცაა.

„12 ივლისს შევიდა კანონპროექტი სეიმში და 20 ივლისს უკვე გადაწყვიტეს მისი მიღება. მეორე დღეს პოლონეთის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შეხვედრას ერთ-ერთ ქალთან, კერძოდ, სენატორ ზოფია რომაშევსკასთან, რომელმაც ასე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს: „მე ერთხელ ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც უზენაესი სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა გენერალური პროკურორი და აღარ მინდა წარსულში დაბრუნებაო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირინა ტყეშელაშვილმა, ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტმა.

თუმცა პრეზიდენტ ანჯეი დუდას გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე ოპონენტებიც ჰყავს, ქვეყნის მთავრობისა და პოლონეთის მმართველი ძალის, „სამართლისა და სამართლიანობის“, სახით. პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ 24 ივლისს გააკრიტიკა პრეზიდენტის ნაბიჯი და საკანონმდებლო ცვლილებას უწოდა სასამართლო სისტემის რეფორმირებისათვის აუცილებელი ზომა, რომლის განხორციელებაც ვერ მოახერხეს პოლონეთის წინა ხელისუფლებებმა. შესწორებების მოწინააღმდგეები კი, პირიქით, მიესალმებიან ვეტოს დადებას და პრეზიდენტს მოუწოდებენ დაიცვას საკუთარი პოზიცია და არ წავიდეს კომპრომისზე მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის წარმომადგენელი პოლონეთის დღევანდელი პრეზიდენტიცაა. როგორც ზემოთ ითქვა, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ხელი მოაწერა ერთ კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილებას ანიჭებს დანიშნოს და გაათავისუფლოს საერთო იურისდიქციის მოსამართლეები ქვეყანაში:

„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აღიქმება როგორც მისი წინასაარჩევნო კამპანიის სამზადისი, რათა ქულები ჩაიწეროს და მომდევნო კადენციაზე წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა, და, მეორე მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც თავად იყო მმართველი პარტიის წევრი, მოახერხოს მთავრობასთან შეთანხმება ამ ვეტოს დასაძლევად“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რას დაუპირისპირებს პოლონეთის მმართველი „სამართლისა და სამართლიანობის“ პარტია პრეზიდენტის ვეტოს. მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები დაელოდებიან, რა ალტერნატიული წინადადებებს წარმოადგენს თავად ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ამისათვის, კონსტიტუციის თანახმად, ორთვიანი ვადა აქვს.

მანამდე კი ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას სადავო საკანონმდებლო ცვლილებაზე. „თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ბრძოლა კანონის უზენაესობისათვის პოლონეთში გრძელდება და ჩვენ პოლონელ ხალხთან ერთად ვართ“, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის ლიბერალური ალიანსის ლიდერი, ბელგიელი პოლიტიკოსი გაი ვერჰოფსტატი ანჯეი დუდას გადაწყვეტილებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG