Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივების ჯგუფები სოფლის დახმარებისთვის


საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერეთში
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერეთში
მერეთის ნახევრად დანგრეული კლუბის ერთ ოთახში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერეთელებს შეხვდნენ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია Nonviolent Peaceforce, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ და „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი ერგნეთი“ ერთობლივად ახორციელებენ პროექტს „სათემო ინიციატივის ჯგუფები“, რომლის მიზანია შიდა ქართლის ადმინისტრაციულ-გამყოფ ზოლთან მდებარე თემთა მობილიზაცია, ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებების გამოვლენა და საპასუხო მექანიზმების ადგილობრივ დონეზე შემუშავება.

მერეთში ასეთი საინიციატივო ჯგუფი უკვე შეიქმნა, ამ ჯგუფმა უნდა გამოკვეთოს უმთავრესი პრობლემები და დონორებთან დაიწყოს თანამშრომლობა. პრობლემები უკვე გამოკვეთილია: კონფლიქტის ზონის სოფლებს ამჟამად ყველაზე მეტად სარწყავი და სასმელი წყლის, მექანიზაციის, შხამ-ქიმიკატების და მიგრაციის პრობლემები აწუხებს. სოფელ კოშკაში მცხოვრები ლია მიქელაძე ამბობს, რომ საზოგადოების აქტიურობით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით სოფლისთვის არაერთი კეთილი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.

მერეთის სათემო ინიციატივების ჯგუფი აერთიანებს წარმომადგენლებს მერეთიდან, კარბიდან, კოშკადან, გუგუტიანთკარიდან და ზარდიანთკარიდან. ჯგუფის კოორდინირებას ახორციელებს „რეაბილიტაციის და განვითარების ცენტრი ერგნეთი“. ცენტრის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ სოფლებში ადგილობრივი ლიდერების და საზოგადოების გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ინიციატივების ჯგუფს ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროექტები აინტერესებდა. კახი მეცხვარიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან პასუხი ვერ მიიღო.

ინიციატივების ჯგუფები კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებშიც იქმნება. ამ ჯგუფებმა კი, ხელისუფლების გარდა, დონორ ორგანიზაციებთანაც უნდა დაამყარონ კონტაქტები და სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იმუშაონ.
XS
SM
MD
LG