Accessibility links

ეუთოს ექსპერტები თბილისში: ვის სჭირდება მედიაომბუდსმენი?


პრესის გავრცელება თბილისის ქუჩაში

1-2 მაისს თბილისში შეხვედრებს მართავდნენ ეუთოს ექსპერტები: მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი აიდარ ბოტაგაროვი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე დანიუს რადზევიჩიუსი. ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საუბრის შედეგად ეუთოს ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით. საუბარია მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზეც, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ლაპარაკობდა, თუმცა ამ ეტაპზე მედიასაშუალებებისა და ექსპერტების დიდი უმრავლესობა ხელისუფლების სუბიექტურ ინტერესებზე ლაპარაკობს, ინიციატივას ბუნდოვნად მიიჩნევს და ვერ ხედავს მედიაომბუდსმენის კონკრეტულ როლს ქართულ რეალობაში.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი აიდარ ბოტაგაროვი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე დანიუს რადზევიჩიუსი თბილისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მარტში გახმოვანებული ინიციატივის საფუძველზე ესტუმრნენ. 6 მარტს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, გიორგი კვირიკაშვილმა გარკვევით მიანიშნა, რომ ოპონენტთა მედიაგარემოს განვითარებასთან დაკავშირებული შეფასებები ხშირად არ ემთხვევა რეალურ სურათს და რომ შექმნილი ვითარება მტკიცე რეპუტაციის მქონე უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მოითხოვს.

„ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა 6 მარტს პრემიერმა კვირიკაშვილმა.

1-2 მაისს, ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადებები გაკეთდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობის მხრიდანაც. მაგალითად, როგორც უშუალო მასპინძელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოში მედიაგარემო არსებითად გაუმჯობესებულია და ეუთოს ექსპერტების ჩამოსვლა მნიშვნელოვანია „ზუსტად იმიტომ, რომ არის გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები არსებობს“. მსგავსი შინაარსია გადმოცემული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნინო გოგუაძის, კომენტარშიც:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა როგორც მედიაპლურალიზმის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და მედიათავისუფლების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ისეთი ინსტრუმენტი ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელი, კომპეტენტური ინსტიტუტი იქნება, რომელიც, აი, ამ პროცესებს შეაფასებს ზუსტად ისე, როგორც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში“.

ჯერჯერობით არავინ იცის, შეიქმნება თუ არა საქართველოში მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის როლი და მიზნები ბევრისთვის კვლავაც გაურკვეველია. შეკითხვებს კონკრეტული პასუხები ვერც 1-2 მაისს გამართულ შეხვედრებზე გაეცა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ თემას ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის ფარგლებში განიხილავდნენ. კიდევ ერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა იყო რეაქცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რითაც ხელისუფლებას უნდოდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ზრუნავს ის მედიის განვითარებაზე, თუმცა შემდეგ ეს ინიციატივა აღარ დამუშავებულა.

როგორც ორშაბათს მესამე სექტორთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სახელისუფლებო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა თავად ეუთოს ექსპერტებსაც ეტყობოდათ:

„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ ჩვენ, რაზე ვმსჯელობდით. იყო ძირითადად ალბათობები: ამას ხომ არ გულისხმობს ხელისუფლება, იმას ხომ არ გულისხმობს?! ჩვენ შევეცადეთ დაგვენახვებინა მათთვის, რომ, რეალურად, ქვეყანაში არსებობს როგორც რეგულირების, ასევე თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ზუსტად იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაზეც, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ უნდა იქონიოს დადებითი გავლენა. თუკი ხელისუფლებას ნამდვილად სურს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო იყოს გაუმჯობესებული, მაშინ ამისათვის არ გვჭირდება ახალი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნა“.

ნატა ძველიშვილის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მედიაომბუდსმენს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: ის განიხილავს ჟურნალისტების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რასაც დღეს საქართველოში აკეთებს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, და ის იცავს ჟურნალისტთა უფლებებს, რაც დღეს საქართველოში სახალხო დამცველის ფუნქციებში შედის. ნატა ძველიშვილის თქმით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური ნების არარსებობა და ის, რომ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ადგილობრივ მექანიზმებს, მაგრამ თუკი მაინც უცხოელების ჩართვა სურს, ხელისუფლებას შეუძლია მოიწვიოს უცხოელი მედიაექსპერტები, მაგრამ აბსოლუტურად უსარგებლოა ახალი ინსტიტუტის შექმნა.

ამასთან, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი არ იზიარებს ხელისუფლების კმაყოფილებას საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით. ნატა ძველიშვილის შეფასებით, ამჟამად აშკარად გაუარესებულია 2013 წლისთვის მიღწეული შედეგი: „კატასტროფულ მდგომარეობაშია“, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი და ძალიან გართულებულია კომუნიკაცია ხელისუფლებასთან.

„2012 წლიდან იყო დადებითი ტენდენცია მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, თუმცა დღეს ეს აღარ გვაქვს სათქმელი, რადგანაც ბაზარზე კვლავაც გვყავს სამი ძირითადი მაუწყებელი, ისევე როგორც ეს იყო 2012 წელს. მაუწყებლები გაერთიანდნენ და ასევე გვაქვს ბევრი კითხვის ნიშანი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ორი წლის განმავლობაში იყო არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშების მთავარი თემა. ამიტომ მე ცოტა მიჭირს პოზიტიური ცვლილებების დანახვა ბოლო პერიოდში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატა ძველიშვილმა.

მედიაომბუდსმენის როლისა და ფუნქციების შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა დარჩათ 2 მაისის შეხვედრის მონაწილეებსაც. ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გამოიხატა სხვადასხვა სახის ეჭვები ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებით. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ნაკაშიძისთვის გაუგებარია, ვისგან უნდა დაიცვას ხელისუფლებამ თავის მიერ შევიწროებული მედია:

„ძირითადში, ყველა იმ პრობლემის წყარო, რომელიც აქ (შეხვედრაზე) იყო ჩამოთვლილი, ეს არის ან ხელისუფლების ზეწოლა, ან სასამართლოს გამოყენება მედიების წინააღმდეგ... ამიტომ ჩვენთვის მთავარია, რომ უკვე არსებულ ინსტიტუტებს მისცენ მუშაობის საშუალება“.

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებას სკეპტიკურად უყურებს სახალხო დამცველი, რომელიც ასევე შეხვდა ეუთოს ექსპერტებს. სკეპტიკური დამოკიდებულებაა საპარლამენტო ოპოზიციაშიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG