Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლება ვითარებას „საგანგაშოს“ უწოდებს


დაპირისპირება ერევანში
დაპირისპირება ერევანში

ვითარება კვლავაც დაძაბულია სომხეთის დედაქალაქში, სადაც წუხელ 45 კაცი დაშავდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებაში. დაძაბულობა სომხეთში მეოთხე დღეა გრძელდება მას შემდეგ, რაც, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში და მძევლები აიყვანა. 21 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „საგანგაშო“ უწოდა.

სომხეთის დედაქალაქში დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც 20 ივლისს ხელისუფლებამ უარი განაცხადა საკვები მიეწოდებინა შეიარაღებული პირებისთვის, რომლებმაც ოთხი დღის წინ მძევლად აიყვანეს პოლიციელები. ხელისუფლების მოქმედების პასუხად დემონსტრანტებმა, რომლებიც მხარს უჭერენ შეიარაღებულ თავდამსხმელებს, პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ძალა, მათ შორის, ხმოვანი ხელყუმბარებიც გამოიყენეს.

გადმოწერა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად დაშავდა და საავადმყოფოში იქნა მოთავსებული, სულ მცირე, 45 კაცი. ექიმთა თქმით, დაშავებულთა შორის 25 პოლიციის თანამშრომელია, სხვები კი სამოქალაქო პირები არიან. სომხური და რუსული მედია იუწყება, რომ მძიმედ არის დაშავებული სომხეთის სოციალისტური პარტიის ლიდერი, 64 წლის მოვსეს შავერდიანი .

„ვითარება ძალიან საგანგაშოა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი გამოსავლის მოსაძებნად“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა.

პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფს შორის შუამავლის როლს ასრულებს ნიკოლ პაშინიანი, ოპოზიციონერი კანონმდებელი, რომლის ფუნქცია ალყაშემორტყმულ შენობაში მყოფთათვის საკვებისა და წყლის მიწოდების ორგანიზებით შემოიფარგლება.

ერევანში ვითარება მას შემდეგ დაძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის გადადგომას. სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს შეიარაღებულ პირთა მოთხოვნების შესრულებას, თუმცა განაგრძობს მოლაპარაკებას, რათა მათ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. 18 ივლისს ერევანში სამი მძევალი გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცველებისა და შეიარაღებული პირების დაპირისპირებისას, თუმცა თავდამსხმელების ხელში რჩება კიდევ ოთხი ტყვე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG