Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციებისა და ფარული ჩანაწერების კვირა


პატიმართა წამების ამსახველი კადრებით გამოწვეული საპროტესტო მუხტი გასულ კვირასაც შენარჩუნდა. სტუდენტები და მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა წერტილში საპროტესტო აქციებს თითქმის მთელი კვირის მანძილზე მართავდნენ. უნდა ითქვას, რომ თუკი ერთი კვირის წინ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ცოცხი იყო, ამ კვირას ის სტუდენტურმა მოწოდებამ ჩაანაცვლა: „სისტემა უნდა დაინგრეს“ - ეს არის გასული კვირის აქციების მთავარი გზავნილი.

სტუდენტების მასობრივი გამოსვლები გასულ კვირას მთავრობისადმი მიმართვით მთავრობის კანცელარიის შენობასთან დასრულდა. მიმართვაში ვკითხულობთ, რომ, გარდა პატიმართა წამებაში ბრალდებული ადამიანების დასჯისა და რიგი მინისტრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა, სტუდენტები ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სთხოვენ: „ჩვენ არ გაპატიებთ გაყალბებულ არჩევნებს! ჩვენ გავიღვიძეთ და, ერთ მუშტად შეკრულნი, ვგმობთ უსამართლობას!“ - ნათქვამია მიმართვაში.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასევე ქვეყნის მასშტაბით სდევდა თან მასობრივი დაკავებები. გარდა საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილის დაკავებისა, გასულ კვირას კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეული აქტივისტი და წევრი დააკავეს. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - ამ ბრალდებებით დაკავებულთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაწილს კი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

გარდა დაკავებებისა, თითქმის მთელი კვირის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია და, ასე ვთქვათ, სისხლიანი კადრები კოალიციის წევრებზე თავდასხმებისა, თუმცა, თავდასხმების, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, ოღონდ ახლა უკვე „ქართული ოცნების“ მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც მიუთითებდა და ამბობდა, რომ კოალიციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით სდევნიან.
ფაქტები ამაზრზენი იყო, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა - ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა ...
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების შესახებ მოუწია საუბარი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 25 სექტემბერს. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სასტიკი წამების გავრცელების შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე დადგა. თავისუფალი საზოგადოება პრობლემების გარეშე არ არსებობს და იგი ადგილია, სადაც ცვლილებები ხშირად ხმაურიანი, მტკივნეული და ქაოტური პროცესებით მიიღწევა - ეს იყო ერთგვარი არგუმენტი, რითაც გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ციხის სკანდალზე გაამახვილა ყურადღება:

”ფაქტები ამაზრზენი იყო, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა - ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა: გამოვავლინეთ და დავაკავეთ ყველა პასუხისმგებელი პირი, ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელად ამ სისტემის უმწვავესი კრიტიკოსი, ადამიანის უფლებების დამცველი, საქართველოს ომბუდსმენი დავნიშნეთ. სწორედ ასე სწავლობენ დემოკრატიული სახელმწიფოები”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გასული კვირა ერთგვარად კომპრომატებისა თუ ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ომის კვირადაც შეიძლება გამოვაცხადოთ. ჩანაწერი ჩანაწერს ცვლის. ხელისუფლება „ქართული ოცნების“ გამორჩეულ ლიდერებს ქართველ კანონიერ ქურდებთან ურთიერთობაში სდებს ბრალს და კანონიერი ქურდების ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ საუბრობს, მაგალითად, კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ლევან რევიშვილი, რომელსაც ფარულ აუდიოჩანაწერებში რამდენიმე თანამოსაუბრე ჰყავს. ცალკეულ ფრაგმენტებში ლაპარაკია კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მობილიზებასა და შესაძლებლობაზე, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაბრუნდნენ საქართველოში:

”ლიჩნად მე გამოვუშვი 2 ავტობუსი, ბიძინა-ბიძინა ვაძახებინე.../ კი, კი, ჯიგრულად, შენ შემოგევლოს ჩემი თავი - ჯიგრულად, ძმაო, ყველაფერი საკაიფოდ, რა...”

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება კი მოჰყვა საქართველოს პროკურატურის მიერ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიის სახელით გამოქვეყნებულ მასალებს. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც საფრანგეთში მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტის გოგა ხაინდრავას შეხვედრაა აღბეჭდილი. აღნიშნული კადრების გამოქვეყნების გამო ქართულმა მხარემ საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკა დაიმსახურა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ის ”გაოცებულია” საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რომელიც ”საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის.”
მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ძალიან ვმეგობრობდი მასთან. ყველა ძალიან განვიცდით. ოჯახმაც განაცხადა, რომ ის გატაცებულია. მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მივაკვლიეთ ...
ბიძინა ივანიშვილი

თუკი კვირის მიმოხილვას ფარული აუდიოჩანაწერების თემით გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩანაწერების სერია, რომელიც უკანასკნელი დღეებია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით youtube-ის მეშვეობით ვრცელდება. ფარულ ჩანაწერებში კოალიციის წევრები, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთს უდიერად მოიხსენიებენ. ფარული ჩანაწერების განსაკუთრებით აქტიური გმირები კოალიციის წევრები გია ხუხაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გუბაზ სანიკიძე არიან. ისინი გავრცელებულ მასალებს ფაბრიკაციას უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ბესო სურმავამ 27 სექტემბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული. ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკვეთით აუდიოჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებული ვერსია 27 სექტემბერსვე უარყო, 28 სექტემბერს კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბესო სურმავა კარგი ადამიანია და მასზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

„მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ძალიან ვმეგობრობდი მასთან. ყველა ძალიან განვიცდით. ოჯახმაც განაცხადა, რომ ის გატაცებულია. მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მივაკვლიეთ. ეს ჩვენი ხელისუფლების ტიპიური ხელწერაა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ის არ დაუშვებს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას. ამის შესახებ მან 28 სექტემბერს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა:

“როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ პირველ ოქტომბერს, ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას.”
ჩვენ მტრებს უნდათ საქართველოში დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები და კრიმინალები ...
ვანო მერაბიშვილი

თავის მხრივ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დადო 28 სექტემბერს პირობა, თუმცა სხვა მიმართულებით. ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა მხარდამჭერებმა გარანტიები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღეს. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მათ შეახსენა ძირითადი პრიორიტეტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამიდან - ”მეტი სარგებელი ხალხს”. თუმცა პრემიერ- მინისტრმა ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ მხარდამჭერებს კიდევ ერთი გარანტია მისცა:

„ჩვენ მტრებს უნდათ საქართველოში დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები და კრიმინალები. ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან.“

ამ ფრაზის გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების წინაშე გააკეთა.
„სააკაშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა იმაში დაარწმუნოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები და კრიმინალები. დარწმუნებული ვარ, ამის უკვე აღარავის სჯერა. ამ სისულელის არ სჯერა თავად ხელისუფლებასაც“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის დაწყების შემდეგ ფოტო და ვოდეოგადაღებისათვის გადაადგილება თავისუფალი იქნება 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც კამერები განთავსდება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე. აღნიშნული რეგულაციების შემოღებამ მედიის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG