Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში შემუშავებული პროექტი მნახველს „გულაგის“ ვირტუალურ ტურნეს სთავაზობს


ჩეხეთში შექმნეს ახალი ვებსაიტი, რომელიც მნახველს საბჭოთა „გულაგის“ ვირტუალურად მონახულებას სთავაზობს. პროექტზე მუშაობისას ავტორები სამჯერ ეწვივნენ ციმბირის ყველაზე მოშორებულ ადგილებს და აღრიცხეს სტალინის პერიოდის იძულებითი შრომის ბანაკებისგან შემორჩენილი სურათები. მაღალტექნოლოგიური პანორამული ფოტოგრაფიის გამოყენებით ვებსაიტის ავტორებს სურთ მნახველებს აჩვენონ, როგორი იყო ცხოვრება ციმბირის „გულაგში“, სადაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაიღუპნენ.

საბჭოთა კავშირის „გულაგის“ - იძულებითი შრომის ბანაკების სისტემის - შესახებ არაერთი კვლევა არსებობს. იქ არსებული საზარელი გარემოსა და არაადამიანური პირობების შესახებაც ვიცით, თუმცა სრული სურათი, თუ რა ხდებოდა იქ, სადაც მილიონობით ტუსაღი სიკვდილის პირას მიჰყავდათ მუშაობით, მაინც არ გვაქვს.

ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ასპექტია ე.წ. „სიკვდილის გზა“ - შეწყვეტილი პროექტი, რომელიც 1947 წელს წამოიწყეს. ეს პროექტი ნაწილი იყო გრანდიოზული გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ ციმბირის გავლით, შორეული აღმოსავლეთისკენ რკინიგზის გაყვანას.

მშენებლობა 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, შეჩერდა, თუმცა იმ დროისთვის რკინიგზა უკვე 700-მდე კილომეტრზე იყო გაყვანილი, რამაც ათასობით სიცოცხლე და მილიარდობით რუბლი წაიღო. ბანაკების დიდ ნაწილს პოლარულ ტაიგაში, უბრალოდ, დაცარიელებულს ტოვებდნენ და სხვაგან ინაცვლებდნენ მშენებლობის გასაგრძელებლად.

ამ ადგილების გარშემო მნიშვნელოვანი კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

ჩეხი მკვლევარი სტეპან ჩერნოუშეკი სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად:

გულაგის მკვლევარი შტეპან ჩერნოუშეკი ერთ-ერთი ბანაკის ტერიტორიაზე
გულაგის მკვლევარი შტეპან ჩერნოუშეკი ერთ-ერთი ბანაკის ტერიტორიაზე
„ამ ადგილების ასეთი შორეული მდებარეობისა და სრული სიცარიელის გამო, ბანაკები ისევეა შემორჩენილი, როგორებიც იყო. მათი ნარჩენები პირველად სატელიტურ რუკებზე ვნახე და ძალიან დავინტერესდი. მინდოდა მენახა შიგნიდან როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილები. ინტერნეტში მათ შესახებ პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ იყო“.

ჩერნოუშეკი, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ამ ბანაკების მოსანახულებლად პირველად 2009 წელს ჩავიდა და მას შემდეგ იქ კიდევ ორჯერ იყო.

მონახულებული ადგილების ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, მკვლევარი ამბობს, რომ ადგილობრივი ხალხი ამ ადგილების მიმართ დიდ ინტერესს არ ავლენს. ჩერნოუშეკი წუხს, რომ ბანაკების ნარჩენები შეიძლება გარშემო არსებული ტყეების გახშირებას შეეწიროს, სანამ მათი სათანადო შესწავლა და აღრიცხვა მოხდება.

„ტაიგაში მდებარე „გულაგის“ ეს ბანაკები უკვე 60 წელია ნადგურდება. მათ არავინ უვლის. მეტიც, ისიც კი არავის მოსდის თავში აზრად, რომ ამ ადგილებს გარკვეული ღირებულება აქვს და ისინი შეიძლება საინტერესო იყოს. დღეს ისინი, უბრალოდ, ტყის შუაგულში მდებარე ბანაკებია, რომელიც არავის არ აინტერესებს, გარდა რამდენიმე ადგილობრივი მონადირისა, რომლებიც ამ ადგილებში დროდადრო მიდიან და მათ, მაგალითად, შეშისთვის იყენებენ, რაც, ცხადია, კიდევ უფრო მეტად აჩქარებს მათი განადგურების პროცესს. ეს ბანაკები თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, არანაირი საგანგებო ნებართვა არ გჭირდებათ. ჩვენ იქ, უბრალოდ, ჩავედით და, მგონი, ადგილობრივმა ხალხმა ჩათვალა, რომ დასავლელი ტურისტები ვიყავით, ვისაც ამ ადგილების მონახულება სურდა“.

გარკვეული თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ბანაკები ასე უყურადღებოდ იყო მიტოვებული, ჩერნოუშეკის მიზნებზე დადებითად აისახა. კოლეგებთან ერთად ტაიგის სივრცეში გზის დიდი ძალისხმევით გაკვალვის შემდეგ მან იქ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მტკიცებულებებს მიაგნო, რომლებიც ამ დრომდე პრაქტიკულად არავის ჰქონდა შესწავლილი:

ერთ-ერთ ბანაკში შემორჩენილი პატიმართა ნივთები
ერთ-ერთ ბანაკში შემორჩენილი პატიმართა ნივთები
„ის ყველაფერი, რაც იქ აღმოვაჩინეთ და აღვრიცხეთ, ჯერ არ გვაქვს სრულად შესწავლილი, მაგრამ ემოციურად საოცრად იმოქმედა საკუთრივ ამ გამოცდილებამ - ტაიგაში ღრმად შესვლამ და ტუსაღების პირადი ნივთების აღმოჩენამ, იქნებოდა ეს დანის ნატეხი, სამართებელი თუ დოკუმენტები - პატიმრების პირადი წერილები. ბანაკის საავადმყოფოს შენობის ტუალეტში ერთ-ერთი პატიმრის დღიურს მივაგენით, რომელშიც მისი ლექსები იყო ჩაწერილი. აღმოჩენილი დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ ტუსაღები ხშირად ინტელიგენციის რიგებიდან იყვნენ და იმ გაუსაძლის პირობებში აბსოლუტურად უსამართლოდ იყვნენ მოხვედრილები“.

აღმოჩენილი ნივთებისა და დოკუმენტების დიდ ნაწილს ჩერნოუშეკი ინტერნეტში, თავისი პროექტის ვებსაიტზე განათავსებს. ამ პროექტის მიზანია ხალხს ბანაკებში არსებულ ვითარებაზე რეალისტური წარმოდგენა შეუქმნას, იმ ადგილებში უშუალოდ ჩასვლის გარეშე.

ვებსაიტზე შესვლის შემდეგ შესაძლებელია ბანაკებში აღმოჩენილი ოფიციალური და პირადი დოკუმენტების ნახვა, ისევე როგორც ტუსაღებისგან შემორჩენილი ნივთების დათვალიერება - მაგალითად, წამლების, ნახატების, გიტარის.

პროექტი თანამედროვე პანორამული ფოტოგრაფიის ტექნოლოგიას იყენებს საიმისოდ, რომ მომხმარებელს ბანაკის ბევრი ადგილის „ვირტუალური ტურის“ საშუალება მისცეს.

პროექტი ამჟამად გაფართოების პროცესშია და საიტზე მუდმივად იტვირთება ახალ-ახალი მასალები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG