Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ კაპანაძის წარმატების კოდი


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეიძინეს გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ხოლო საქართველოს ისტორიით დაინტერესებულმა მკვლევარებმა - მოვლენა, რომელიც შეუძლიათ უკვე შეიტანონ ანალებში.


ერთი და იმავე მდინარის გენერალი

გენერალ ვახტანგ კაპანაძეს შეუძლია დაიტრაბახოს, რომ ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლით მან დრო გააჩერა.

22 ნოემბერს, მხედრულ კარიერაში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, ოფიცერმა მეორედ დაიკავა არმიის გენერალური შტაბის უფროსის პოსტი.

რადგან იღბალი მნიშვნელოვანია ყველ საქმეში და, მით უმეტეს, სამხედრო კარიერაში, ბევრმა მისი ასეთი აღმასვლა, შესაძლოა, მართლაც, ბედისწერას მიაწეროს. თუმცა ამ შემთხვევაში გენერალ კაპანაძის წარმატების კოდი თუ საიდუმლო, ალბათ, თავად მის ცხოვრების წესშია საძიებელი. როგორც ნამდვილი ოფიცერი, ვახტანგ კაპანაძე მკაცრად იცავს პროფესიულ ეთიკას, კანონმორჩილია, არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკოსებისაგან იცავს თანამებრძოლებს და არ ყრის ფარ-ხმალს მაშინაც კი, როცა საფრთხე რეალურია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე საკმაოდ ახალგაზრდა ოფიცერი პირველად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2004 წლის 26 აგვისტოს დანიშნა, თუმცა მალევე, 8 თვეში, თავადვე მოხსნა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის დაჟინებული თხოვნით, ოქრუაშვილისა, რომელსაც თვალში არ მოსდიოდა ის ოფიცრები, საქართველოს არმიაში ედუარდ შევარდნაძის დროიდან რომ აგრძელებდნენ სამსახურს.

„რაც დროულად წავლენ ასეთი ადამიანები ჯარიდან, მით უფრო უკეთესია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ეს არის შევარდნაძის დროს საქართველოს ჯარში მოსული ხალხი და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ხალხი ჯარში მოსული იყო ხელფასისთვის და მეტი არაფრისათვის“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 2005 წლის სექტემბერში „სამთავრობო საათზე“ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ არმიიდან ოფიცერთა მასობრივი დენადობის თაობაზე დასმულ შეკითხვებს.


„მაჯლაჯუნების“ თავდასხმის სამიზნე

ეს ის დროა, როდესაც, გავლენიანი ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით, სამხედრო პოლიციამ „უვარგისი უკრაინული ჯავშანმანქანების საქმე“ გახსნა. ამ რეზონანსულ საქმეზე გამოძიება სწრაფად წარიმართა. თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდალსა და თავდაცვის სამინისტროს კიდევ სამ მაღალჩინოსანს. მალევე სამხედრო პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც იმხანად პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო მრჩევლად მუშაობდა.

ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაშინდელი ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებში გაჟონა ცნობამ კაპანაძის შესაძლო დაპატიმრების თაობაზე. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ საკუთარი სამხედრო მრჩევლის დასაცავად სიტყვა არ დასცდენია პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც მთლიანად ენდობოდა, როგორც თავად უწოდებდა, „ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრს“.

ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი აქტიური მოქმედება იყო და, სამხედროთა ენაზე თუ ვიტყვით, კაპანაძემაც ბრძოლით სცადა ალყის გარღვევა. სამხედრო პოლიციაში დაკითხვის დროს გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეძენილი ტექნიკა ვარგისი იყო, ხოლო ოფიცრების მიმართ წაყენებული ბრალდება - პოლიტიკური ანგარიშსწორება. მეტიც, 2005 წლის ოქტომბრის ბოლოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და რადიო თავისუფლებას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

რადიო თავისუფლება: „ ვუბრუნდები რა „უკრაინული იარაღის სკანდალის“ თემას, მინდა გკითხოთ, ხომ არ მზადდება ნიადაგი იმისათვის, რომ პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი მისცენ პასუხისგებაში?“

ვახტანგ კაპანაძე: „თქვენ მე მგულისხმობთ? ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ახლა, ვის რა მაჯლაჯუნები დაესიზმრება ღამე და რას მოიფიქრებს, ეს სხვა რამეა. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ის დოკუმენტები, რაც არსებობს, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სურვილს, რომ პასუხისგებაში ვიყო მიცემული. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ჩემს სიმართლეს დავიცავ“.

და, როგორც აღმოჩნდა, ეს შეძლო კიდეც!


გენშტაბის უფროსი ანალიტიკოსის ამპლუაში

გენერალმა კაპანაძემ ამ ინტერვიუს შემდეგ, პროტესტის ნიშნად, დატოვა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი. მაღალი რანგის ქართველი ოფიცერი, რომლის ზურგს უკან იყო მდიდარი საბრძოლო გამოცდილება და ორი პრესტიჟული სამხედრო სკოლა, ოქროს მედალზე დამთავრებული უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიისა და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის სახით, უმუშევარი დარჩა და, ძირითადად, პედაგოგიური საქმიანობითა და პუბლიცისტიკით ირჩენდა თავს.

და ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ირაკლი ალასანიამ, იმხანად დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, თავისთან არ წაიყვანა გამოცდილი გენერალი. 2006 წელს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა აფხაზეთის მთავრობის აპარატში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოკრძალებულ პოსტზე დაიწყო მუშაობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი გამოცდილი გენერალი საგარეო დაზვერვაში თავის მოადგილედ გადაიყვანა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც, ირაკლი ალასანიას მსგავსად, ცდილობდა არ დაეშვა საკადრო ექსპერიმენტების შედეგად არმიიდან დათხოვნილი პროფესიონალი ოფიცრების მარგინალიზება.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თავდაცვის მინისტრად დანიშნული ირაკლი ალასანია, ცხადია, სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული გენერალი კაპანაძის დანიშვნით იმ დროისათვის ჯერ კიდევ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე.

იგივე სურდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის თემატიკით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობას და, კერძოდ, ორგანიზაცია „გენერალთა კლუბს“, რომლის პრეზიდენტი გენერალი კობა კობალაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-იან წლებში გადახდილი ბრძოლებიდან იცნობს გენერალ კაპანაძეს:

„დაზვერვის ქვედანაყოფში იყო ვახტანგი, შემდეგ იყო ამ ქვედანაყოფის მეთაური. საკმაოდ პასუხისმგებლობით ეკიდებოდა იმ ამოცანებს, რაც მის წინაშე იყო დასმული. საკმაოდ ორგანიზებული და მებრძოლი ადამიანია და, პლუს ამას, გაამაგრა ეს ყველაფერი იმ თეორიული ცოდნით, რომელიც მიიღო როგორც უკრაინის, ისე ევროპისა და აშშ-ის სამხედრო დაწესებულებებსა და აკადემიებში, და საკმაოდ კარგად ესმის ის ფუნქცია, რაც მას ეკისრება, ანუ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის და გენერალური შტაბის დამოუკიდებელი ფუნქცია შეიარაღებულ ძალებში“.


ერთწლიანი კოჰაბიტაციის ჩრდილში

მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ დაამტკიცა ალასანიას მიერ შერჩეული კანდიდატურა. მაშინდელი მთავარსარდალი უკიდურესად განარისხა „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ არმიის შტაბის უფროსის პოსტიდან მისი ფავორიტი ახალბედა გენერლის, გიგი კალანდაძის, მოხსნამ და, ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, მისმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ. საბოლოოდ, კოჰაბიტაციაში მყოფი მხარეები დათმობაზე წავიდნენ და შეთანხმდნენ პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეზე, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნამდე უკრაინაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოვალეობას ასრულებდა. კაპანაძე კი პირველი მოადგილის პოსტზე დარჩა, რაც არმიის სამხედრო მმართველობაში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობის დაკანონებას ნიშნავდა.

თუმცა საიდუმლო არაა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებასა და ოპერატიულ მართვაზეც გენერალი კაპანაძე იყო პასუხისმგებელი და, საჭიროების შემთხვევაში, მედიასაც იგი ელაპარაკებოდა, მართალია, ზოგჯერ საკმაოდ ხისტად და მოურიდებლად, როდესაც მედია ქართველ ჯარისკაცებს უსამართლოდ აკრიტიკებდა.

„მე თუ მკითხავთ, მე, მაგალითად, ამ გაზეთს გადავაყლაპებდი მის დამწერს. თუ რა რეაქცია უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ, ეს უკვე პოლიტიკური ნაწილის გადასაწყვეტია“, - ასე გამოეხმაურა გენერალი კაპანაძე გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ 7 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ლამის „მაროდიორებად“ იყვნენ გამოყვანილნი.

ასეთი მკვახე, არადიპლომატიური პასუხი საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს, ალბათ, არ მოეწონებოდა, მაგრამ ჯარისკაცებს სწორედ ასეთი მეთაური უყვართ - ოფიცერი, ვინც არ თამაშობს სიტყვებით, ვინც მომთხოვნია, მკაცრია, სამართლიანი და მზრუნველი.

„ უკანა გზაზე გორის ჰოსპიტალში შევირბინე, მოვინახულე ჩვენი დაჭრილი სამხედროები. განსაკუთრებით შემძრა ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცრის მდგომარეობამ. ეს ბიჭი ავღანეთში გაფრენის წინა ღამით, საცოლესა და დასთან სეირნობისას, ვიღაც მთვრალი მძღოლის მსხვერპლი გახდა: ფეხი დაკარგა. შემდგომ თავის ტრავმა გაურთულდა და დღეს სიკვდილს ებრძვის. ღმერთო, მაპატიე, და ჯობდა ავღანეთში დაჭრილიყო, ვიდრე ასე უაზროდ გაუბედურებულიყო. რეანიმაციის კართან ატუზული დედის, საცოლისა და დის ნახვამ ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა. ამ დღეებში დაგროვილი პოზიტივი ხელის ერთი მოსმით გაიფანტა. არადა, ამ საღამოს დღიურების ჩაწერაზე უნდა წავიდე. არ ვიცი, დაღლილი, ხმაჩახლეჩილი და დათრგუნვილი, როგორ გავართმევ თავს. ერთი კი თამამად შემიძლია ვთქვა: ეს ჩანაწერები გავაკეთე გულწრფელად და პატიოსნად“.

აღელვებული და ოდნავ გაბზარული ხმით ჰყვებოდა სამუშაო კვირის ყველაზე მძიმე შთაბეჭდილებაზე ცოტა ხნის წინ ჩვენი რადიოს თხოვნით დაწერილ თავისუფლების დღიურებში ვახტანგ კაპანაძე, გენერალი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან გულწრფელად და პატიოსნად ემსახურება საკუთარი სამშობლოს თავდაცვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG