Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასშტაბური აქციის, აღლუმებისა და სამიტის კვირა


"ქართული ოცნების" აქცია
"ქართული ოცნების" აქცია
27 მაისის მასშტაბური სახალხო აქციით პოლიტიკურმა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანიის დაწყება აღნიშნა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 100 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც ვაკიდან, დიდუბიდან და ავლაბრიდან სამ კოლონად მიემართებოდნენ თავისუფლების მოედნისკენ, წინ კოალიციის ლიდერები მოუძღვებოდნენ.

”ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ”, - მიმართა სახალხო აქციის მონაწილეებს ”ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, ყველაფერი ”კარგად გააზრებული, მკაფიო გეგმის” მიხედვით მიდის სწორედ ისე, როგორც ეს მას თავიდანვე წარმოედგინა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” უკვე შემუშავებული აქვს ქვეყნის განვითარების ”დეტალური პროგრამა ყველა მიმართულებით” და საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, თანდათან ყველაფერი დაკონკრეტდება. თუმცა ის მაინც გამოყოფს ზოგიერთ პრიორიტეტს, მაგალითად: თითოეული მოქალაქის ”თავისუფლებისა და კეთილდღეობის” უზრუნველყოფა; უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის; პედაგოგების უზრუნველყოფა სოციალური დაცვითა და სათანადო ხელფასით; თითოეული გლეხის ”ფეხზე დაყენება” და ფერმერული, საოჯახო თუ კოოპერაციული მეურნეობების შექმნის ხელშეწყობა თუ სათანადო სოციალური შეღავათები ომისა და შრომის ვეტერანებისთვის.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პოლიტიკური ბრძოლა ”უგუნური ხელისუფლების” შესაცვლელად მისთვის არა ”სურვილს”, არამედ ”ვალდებულებას” წარმოადგენს, ეს საკითხი ”ღირსების” საკითხია და რომ პროცესებმა უკვე მიიღო ”შეუქცევადი ხასიათი”. ბიძინა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ შემდგომი სამოქალაქო აქტიურობისკენაც მოუწოდა. თავისუფლების მოედანზე განთავსებული სცენიდან აქციის მონაწილეებისთვის 27 მაისს სიტყვით არ მიუმართავთ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. მსგავსი აქციების გამართვა საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება და უკვე ცნობილია, რომ 7 ივნისს აქცია ქუთაისში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუთაისში
26 მაისს, ქუთაისში, პარლამენტის ახალ, ჯერ ისევ დაუსრულებელ შენობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სადღესასწაულო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზში სამშენებლო ჩაფხუტით ხელში შევიდა და ის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, გადასცა სიტყვებით - აი, გიორგი, ეს შენ, აქ ჯდომა რომ არ შეგეშინდესო...

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის - უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამოც, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სხდომის გამართვის აუცილებლობას პარლამენტის დაუმთავრებელ შენობაში. პარლამენტის საგანგებო სხდომაში მონაწილეობას თავდაპირველად არც ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მათი გადაწყვეტილება შეიცვალა. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს დეპუტატებმა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისთვის“.

ვიდრე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდოდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შენობის სახურავზე მინის ბოლო ფრაგმენტის მიმაგრებაში მიიღო მონაწილეობა და იქვე არცთუ სახარბიელო მოსალოდნელ რამეზე ილაპარაკა:

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საერთო ძალისხმევის შედეგად, იყოს ყველაზე სამართლიანი, სამაგალითო - დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით ...
მიხეილ სააკაშვილი
”არა უშავს, აქ წყალიც ჩამოვა აუცილებლად, რაღაცაც მოხდება... ახალი შენობები ასეა, ყველა უნდა შეეგუოს, რომ ყველა ახალ შენობაში აუცილებლად წყალიც ჩამოდის, ქარიც რაღაცას მოგლიჯავს... აი - თბილისის აეროპორტსაც რამდენჯერ მოგლიჯა... მაგრამ ეს არის ახალი შენობები, თანაც ექსპერიმენტული ტექნოლოგიით აშენებული... მაგრამ მთავარია, რომ არის...”

ოდნავ მოგვიანებით, როცა დეპუტატებს დაახლოებით 45-წუთიანი სიტყვით მიმართა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის დაუსრულებელი შენობა ახალ საქართველოს შეადარა და თქვა, რომ აღმშენებლობის გზაზე მტკიცედ მდგარ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა მომავალ არჩევნებზე და ჩასაფრებულ მეტოქეებზეც ილაპარაკა:

”საქართველო, რა თქმა უნდა, დაუმთავრებელი მშენებლობაა დემოკრატიის თვალსაზრისითაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საერთო ძალისხმევის შედეგად, იყოს ყველაზე სამართლიანი, სამაგალითო - დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც არჩევნებისთვის კი არ ემზადება, არამედ ემზადება არჩევნების გამოსაყენებლად იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოაშოროს განვითარების გზას.”

სრულიად ახლებური დიზაინის სხდომათა დარბაზში გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. მას შემდეგ, რაც ირაკლი აბაშიძის გამზირზე შეიარაღებული ძალების ქვეითთა პირადმა შემადგენლობამ ჩაიარა, ჯერი მძიმე ჯავშანტექნიკაზე, საარტილერიო სისტემებსა და საფრენ აპარატებზე მიდგა. დემონსტრირებული იყო საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკაც: მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ”ლაზიკა”; ჯავშანტრანსპორტიორი - "დიდგორი", ამერიკული „ემრაპის“ ტიპის საბრძოლო მანქანა “დიდგორი 3“, უპილოტო საჰაერო სისტემა თუ 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი. აღლუმის დასკვნითი ფაზა საავიაციო ძალების დემონსტრირებას დაეთმო - ცაზე საბრძოლო შვეულმფრენები და მოიერიშე თვითმფრინავები გამოჩნდნენ.

სამხედრო აღლუმი ქუთაისში
სამხედრო აღლუმი ქუთაისში
ითქვა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ტრადიციამ სამუდამოდ გადაინაცვლა ქუთაისში. თბილისში კი ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - სამრეწველო აღლუმის სახით. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს საქართველოში წარმოებული პროდუქციის დათვალიერების საშუალება მიეცათ. აღლუმზე სახელწოდებით -”დამზადებულია საქართველოში”, სამხედრო ტექნიკაც იყო წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში, და მათ შორის დედაქალაქში, არაერთი კონცერტი მიეძღვნა.

მიმოხილვა განვაგრძოთ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც ნატოს სამიტს უკავშირდება. სამიტზე, რომელსაც 20-21 მაისს შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო მასპინძლობდა, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც რამდენიმე პარაგრაფი საქართველოს შეეხება.

დეკლარაცია იმეორებს ნატოს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ შესრულებასა და ასევე მიესალმება ძალის არგამოყენების შესახებ თბილისის მიერ გაკეთებულ ცალმხრივ დაპირებას. დეკლარაცია „რუსეთს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს“ და აქვეა კიდევ ორი მოწოდება რუსეთისადმი: მან უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს „ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების თავისუფალი შესვლა” ამ რეგიონებში. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ალიანსი „შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების მატებით“.

ნატოს ლიდერთა ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია მიესალმება საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების საქმეში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ იმეორებს ალიანსის მიერ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ და მომდევნო სამიტებზე დადასტურებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

თუმცა თბილისის განსაკუთრებულ კმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ალიანსის ლიდერები საქართველოს მოიხსენიებენ ”ასპირანტთა” საგანგებო ჯგუფში, რომელშიც ასევე ერთიანდება ბალკანეთის 3 სახელმწიფო - მაკედონია, ჩერნოგორია და ბოსნია-ჰერცეგოვინა. როგორც ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ასპირანტობა” ნატოს ფარგლებში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანი:

”პირდაპირი თარგმანი, რა თქმა უნდა, იქნებოდა - ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ, მაგრამ ეს დატვირთვა ნატოში სულ სხვა შინაარსს იძენს, რადგანაც ამ სიტყვის ქოლგის ქვეშ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაერთიანდა ის 4 ქვეყანა, რომელთა მისამართითაც, პრაქტიკულად, ნატოში აზრი არის ჩამოყალიბებული, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები.”

თბილისი იმედოვნებს, და ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა ჩიკაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ ნატოს შემდეგი სამიტისთვის, რომელიც 2014 წელს გაიმართება, ალიანსის წევრობაზე საქართველოსთვის უარის თქმის მიზეზი აღარ იარსებებს. თბილისი იმედოვნებს, რომ ნატოს მომდევნო სამიტი გაფართოების სამიტი იქნება და ასეთი განწყობა ეფუძნება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას: მჯერა, რომ ჩიკაგოს სამიტი იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტიო.

ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
ამ შინაარსის განცხადება ჰილარი კლინტონმა გააკეთა 21 მაისს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ოთხი ასპირანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან და ამავე შეხვედრაზე მან საქართველოში მოახლოვებული არჩევნების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. სახელმწიფო მდივნის თქმით, – ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის იქნება დამატებითი შესაძლებლობა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულების საჩვენებლად. ეს საკითხი გამოკვეთილია ნატოს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაშიც, რომლის მიხედვითაც, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს.

თუმცა ამ ეტაპზე კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი - შეძლებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას ბიძინა ივანიშვილი. როგორც ცნობილია, 22 მაისს ”ქართული ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ ისარგებლებს პარლემენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ პატივი სცეს კონსტიტუციას, ხელი არ მოაწეროს პარლამენტის მიერ 22 მაისს დამტკიცებულ ცვლილებებს და თუკი ეს ასე იქნება, საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ისიც წავა დათმობაზე და მიმართავს პრეზიდენტს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.

მართალია, ”ქართული ოცნების” ლიდერად რჩება, ბრძოლას განაგრძობს და მის გვარს ამომრჩეველი საარჩევნო ბლოკის დასახელებაშიც იხილავს, მაგრამ ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობის გარეშე არჩევნები დასავლეთის თვალში არ ჩაითვლება ლეგიტიმურად. საკითხს სხვაგვარად ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. როგორც აკაკი მინაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი სულ სხვა შემთხვევაში დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ:

ჩვენს წუხილს იწვევს მიღებული ცნობები პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძალადობა - იქნება ეს მუქარა თუ მისი ფაქტობრივი გამოხატულება - ნებისმიერი პირის მხრიდან ...
ჯონ ბასი
”ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ანდა სხვანაირი შეზღუდვები დაწესდებოდა. ასეთი შეზღუდვები არ არსებობს - პოლიტიკურ პარტიებსა და ფიგურებს აქვთ უფლება სრულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ახლა, თუ ისინი გადაწყევეტენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ (რაც მათი თავისუფალი არჩევანია), ბუნებრივია, არავითარი ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგება”.

უშუალოდ ამ საკითხზე არაფერი უთქვამს, თუმცა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ვიდეომიმართვაში, რომელიც 24 მაისს გავრცელდა. ელჩის თქმით, ”უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“.

”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდება არჩევნების დღეს, არამედ ასევე წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე; ჩვენს წუხილს იწვევს მიღებული ცნობები პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძალადობა - იქნება ეს მუქარა თუ მისი ფაქტობრივი გამოხატულება - ნებისმიერი პირის მხრიდან, არ უნდა იყოს ამ კამპანიასა თუ საარჩევნო გარემოში; ისევე როგორც - შეუწყნარებლობის ხელშემწყობი განცხადებები თუ წინადადებები - ქართულ საზოგადოებაში”, - ეს არის ფრაგმენტი ჯონ ბასის ხუთშაბათის ვიდეომიმართვიდან, რომლითაც მან საზოგადოებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემენტის 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის ამსახველ ანგარიშზე, რომელიც უმთავრეს პრობლემებად სახელდება: 1. სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა და სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები საპატიმროებში; 2. ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით და 3. მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში, მათ შორის - ჩარევა გაფიცვის უფლებაში.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს, ანგარიშში საუბარია მაგალითად: უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, რასაც არ მოჰყოლია დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, განსაკუთრებით კი - 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლასთან მიმართებით; დაუსჯელობის სინდრომზე, რასაც იწვევდა ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების საქმეების გამოძიების გაჩერება თუ გაჭიანურება; გამჭვირვალობის ნაკლებობაზე ბიზნესის საკუთრებისა და სამთავრობო ტენდერების ჩატარების კუთხით. ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი მედია აქტიურობდა და გამოხატავდა აზრთა მრავალფეროვნებას, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამი უმსხვილესი სატელევიზიო მაუწყებელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთავრობასთან.

აქვეა საუბარი პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინებასთან დაკავშირებულ ცნობებზე; ხოლო პოლიტიკური უფლებების მიმოიხილვის ნაწილში აქცენტი კეთდება „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მაგალითად, აქ ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მილიარდერმა პოლიტიკაში ჩართვის და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამოქმედდა ივანიშვილთან ასოცირებული პირებისა და ბიზნეს-სექტორის წინააღმდეგ - ”პოლიტიკური მოტვივით შევიწროვების მიზნით”. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად დასახელებულია ის, რომ საბაჟოდან გამოტანის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა ივანიშვილის მიერ ბიზნესისა და პოლიტიკური მიზნებისთვის შემოტანილი საქონელი.

ანგარიშს მნიშვნელოვანს უწოდებენ, თუმცა მასში გამოვლენილ კრიტიკულ მოსაზრებებში ახალს ვერაფერს ხედავენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თუმცა ადამიანის უფლებადამცველების შთაბეჭდილებით, სახელმწოფო დეპარტამენტის ეს ბოლო ანგარიში განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა.

ჯონ ბასი
ჯონ ბასი
24 მაისს, ვიდეომიმართვაში, ჯონ ბასმა განმარტა, რომ წლევანდელი შემჭიდროებული ფორმატიდან გამომდინარე, ანგარიშში ყურადღება ძირითადად პრობლემებზე მახვილდება, თუმცა შეინიშნება პროგრესიც და ამ კონტექსტში დასახელდა სამი კონკრეტული მიმართულება. ესენია: 1.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგება; 2.ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება;
3. რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების შესაძლებლობის მიცემა.

24 მაისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლმა”. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2011 წლის მდგომარეობის მიხედვით შეფასებულ 155 ქვეყანას შორის არის საქართველოც. ”ამნესტი ინტერნეშნლის” თანახმად, გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ყურადღება სამმა ძირითადმა საკითხმა მიიპყრო. ესენია: დემონსტრაციების დაშლისას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება; იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა და სამართლიანი მართლმსაჯულების პრობლემები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG