Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ინიციატივების, სოციალურად დაუცველთა და მსჯავრდებულთა პრობლემების კვირა


საქართველოს მთავრობის კანცელარია
საქართველოს მთავრობის კანცელარია
იუსტიციის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების სერვერების გათავისუფლება, მთავრობის გეგმა სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების პრობლემების მოსაგვარებლად, პენიტენციარულ სისტემასა და მის გარეთ მიმდინარე მოვლენები - ასეთია ძირითადად გასული კვირის მნიშვნელოვანი თემები.

გასული კვირის პოლიტიკური ცხოვრება იუსტიციის ახალი მინისტრის, თეა წულუკიანის, ერთი მნიშვნელოვანი განცხადებით დაიწყო: იუსტიციის სამინისტრო არ უნდა ახორციელებდეს სხვა უწყებათა სერვერების, ქსელების მართვას. საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს ქსელურ მომსახურებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სმარტ ლოჯიკი“ უწევს. იუსტიციის სახლშია განთავსებული პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტისა და სამინისტროების სერვერებიც. ამგვარი ცენტრალიზაციის მიზნად ორი წლის წინ, როცა „სმარტ ლოჯიკი“ იქმნებოდა, სხვათა შორის, დასახელდა სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა. იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა სერვერებისა და ქსელების ცენტრალიზებული მართვის სულ სხვა მხარე დაინახა:

„ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების სერვერების, ქსელების, პროგრამებისა და კომპიუტერების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელი უწყება აკონტროლებდეს ხელისუფლების სხვა შტოს ან შტოებს“.

იუსტიციის მინისტრამდე ამგვარი ვითარების გამო უკმაყოფილება პარლამენტის აპარატის ახალმა უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ გამოთქვა. სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მარაქველიძემ განაცხადა, რომ არაორდინარულია, როცა პარლამენტის ელექტრონულ საქმიანობას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ უწყებას შეეძლო ეკონტროლებინა ყველაფერი, რაც ელექტრონული მიმართულებით პარლამენტში ხორციელდებოდა.

თუმცა, ზურაბ მარაქველიძის ამ განცხადების პასუხად, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არც სამინისტრო და არც „სმარტ ლოჯიკი“ პარლამენტისა და სხვა უწყებების გაკონტროლებით დაკავებული არ ყოფილა. ოთარ კახიძემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„როგორც იუსტიციის სახლი იყო მოწინავე ოფისი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებისთვის და აერთიანებდა ერთ სივრცეში არაერთ მომსახურებას, იგივე მიმართულება იყო აქაც აღებული. „სმარტ ლოჯიკი“ (SMART LOGIC) სთავაზობდა საკუთარ მომსახურებას, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ფოსტის კითხვას და სხვა ტიპის კონტროლს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქსელი მუშაობდეს გამართულად, რომ დაზოგილი იყოს სახსრები. ფინანსები მართლაც მნიშვნელოვნად დაიზოგა, რადგანაც ყველა უწყებას აღარ სჭირდებოდა ცალ-ცალკე IT სამსახურები. ამას ითავსებდა SMART LOGIC“.
ისინი აღწერენ დასჯის ფორმებს. ეს იყო ცემა ხელით, ფეხით, ხელკეტით. ლაპარაკობენ ე.წ. ”აკენწვლის” მეთოდზე ...

გასული კვირა საზოგადოებისათვის ერთი მეტად პრობლემური თემის შეხსენებითაც დაიწყო. საქმე ეხება არასრულწლოვან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ავჭალის ნომერ მეთერთმეტე სპეციალურ დაწესებულებაში ხდებოდა და რასაც მიმდინარე წლის აგვისტოში ე.წ. ”ბუნტი” მოჰყვა. წამება ”კენწვლის” მეთოდით. აი, რას ჰყვებიან არასრულწლოვანი პატიმრები მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ სექტემბრის შუა რიცხვებში ციხეში არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრები იხილა და რაც, ფსიქოლოგთა თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები დასჯის შიშისგან გათავისუფლდნენ და გადაწყვიტეს სიმართლე ეთქვათ:

”ისინი აღწერენ დასჯის ფორმებს. ეს იყო ცემა ხელით, ფეხით, ხელკეტით. ლაპარაკობენ ე.წ. ”აკენწვლის” მეთოდზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხუთი ან ოთხი ადამიანი შუაში მოიქცევს მოზარდს და აქეთ-იქით აბურთავებენ”.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი მოითხოვს ავჭალის სპეციალურ დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის ხელახალ და ობიექტურ გამოძიებას. ცენტრის მოთხოვნებს შორისაა ე.წ. ”ბუნტის” ორგანიზატორებს მოეხსნათ წაყენებული ბრალდებები, რადგან, როგორც ცენტრის წარომადგენლები მიუთითებენ, ”ბუნტის” ორგანიზატორობის ბრალდებით სამართალში ხელახლა მიცემული თერთმეტივე არასრულწლოვანი მოქმედებდა გარდაუვალი თავდაცვის ფარგლებში, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სხვა საშუალება თავიანთი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ხმა მიეწვდინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე არ აღდგენილა არეულობის დროს დაზიანებული ავჭალის მეთერთმეტე დაწესებულება, რის გამოც არასრულწლოვანი პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

აღნიშნული მოთხოვნების პასუხად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი, სოზარ სუბარი, აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დროულად გადავიდნენ ავჭალის სპეციალურ დაწესებულებაში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გადაიხედოს ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებული პატიმრების საქმეებიც.

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
პირველი სამუშაო დღე ჰქონდა გასული კვირის სამშაბათს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რომლის პირველი ინიციატივის შინაარსი ასე იკითხება: მან ყველა პროკურორს დაავალა ორი კვირით გადადონ იმ საქმეების არსებითი განხილვა, რომელიც ამ დროისათვის საერთო სასამართლოშია დანიშნული. მიზანი ერთია - რაც შეიძლება ნაკლები უკანონო განაჩენი, აცხადებს არჩილ კბილაშვილი და ადვოკატებსაც მოუწოდებს შემდგომი ორი კვირა გამოიყენონ და ბრალდების მხარეს დამატებითი ახსნა-განმარტებებით მიმართონ:

”მიმდინარე რეჟიმის პირობებში არ შეიძლება, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნოს პირი, რომლის მიმართაც საქმის წარმოება სამი-ოთხი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა და, სავარაუდოდ, იგივე ხელწერით ხასიათდება ბრალდება, რომელიც, საერთო ჯამში, ჩვენ მიერ დაგმობილია. სწორედ ამიტომ, განახლებული პროკურორები ხელახლა გადახედავენ იმ ბრალდებებს, რომლებიც წარდგენილია ამა თუ იმ ბრალდებულის მიმართ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას - ან დავუჭერთ მხარს ბრალდებას და გავაგრძელებთ სასამართლო განხილვას, ან მოვხსნით ბრალდებას და პირს პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლებთ”.

გეტყვით იმასაც, რომ არჩილ კბილაშვილმა ერთკვირიანი ტაიმ-აუტი ითხოვა საკადრო ცვლილებების გატარებისთვისაც - ეს დრო, მისი თქმით, ამ ორგანოს განახლებისათვის სჭირდება. განახლებაში კი იგულისხმება წამყვანი თანამდებობის პირთა სამსახურებიდან დათხოვნა - მათ შორის, ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების, საოლქო პროკურორების, თბილისის პროკურორის და მისი მოადგილის შეცვლა. რაიონებში პროკურორების შეცვლის საკითხი კი ინდივიდუალურად გადაწყდება.
მთავარი ამოცანაა, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ და მრავალ მათგანს თავშესაფარიც კი არ აქვს, უკვე დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება ბინის ქირის გადახდით ...
დავით სერგიენკო

მედია დაინტერესდა, გამოიძიებენ თუ არა ხელახლა ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორიც, მაგალითად, ფოტოგრაფების ან დემეტრაძის საქმეები იყო, რაზეც არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნით თავად დაზარალებულმა უნდა მიმართოს პროკურატურას. თუ ის არ მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონო განაჩენი გამოიტანეს, საქმე ვერ გადაისინჯება.

საკითხი, რომელიც გასულ კვირას მთავრობის სხდომის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, იმ სამოქმედო გეგმის დამტკიცება იყო, რომელიც სხვადასხვა შენობებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების აღრიცხვასა და მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფლებას გულისხმობს. აღნიშნული მოთხოვნით გასულ კვირას სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა შიმშილობაც დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი პირობა დადეს, რომ მათი პრობლემების მოგვარებას უახლოესი დღეების განმავლობაში შეეცდებოდნენ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამოქმედო გეგმაც, რომლის შინაარსიც ოთხშაბათს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა დავით სერგიენკომ გააცნო:

”მთავარი ამოცანაა, რომ გამოვყოთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ და მრავალ მათგანს თავშესაფარიც კი არ აქვს, უკვე დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება ბინის ქირის გადახდით, რათა მყისიერად, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჰქონდეთ თავისი ჭერი, სადაც ოჯახთან ერთდ იცხოვრებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს რეალური დიფერენცირება - რამდენია რეალურად სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული”.

და სანამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს დაპირებებს აძლევდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათთან შეხვედრის იმედით, მთავრობის კანცელარიის ფოიეში იდგნენ:

”ვითხოვთ თავშესაფარს. ვცხოვრობ ქირით უკვე მეექვსე წელია. აღარ შეგვიძლია, ვეღარ ვიხდით ბინის ქირას. ნათესავებიც აღარ გვღებულობენ. გულისმანკიანი ბავშვი მყავს - აი, ნახეთ. მეორე დღეა ვშიმშილობთ და ვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, მაგრამ ჩვენი მომხედავი არავინაა...”

გასული კვირის ხუთშაბათს დაასახელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე. მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გამოცდილი დიპლომატი გამოიყენებს თავის მდიდარ გამოცდილებას და შეძლებს რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენას:

ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე
ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე
„ძალიან სერიოზული თანამდებობაა. პირდაპირ მე მექვემდებარება. ბატონმა ზურაბმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი. ჩვენ ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი გაკეთდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ის ფორმატი, რაც არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის (ჟენევის ფორმატს ვგულისხმობ), აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის უფრო მაღალი საფუხური და ახალი გზა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები შეიცვალოს და დაბალანსდეს“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლოგიკურია, რომ ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს შედარებით მარტივი და ნაკლებად მტკივნეული საკითხებით და რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე აღდგეს კულტურული და ეკონომიკური კავშირები, რაც, ივანიშვილისვე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გაცხადებულ საგარეო კურსსა და პრიორიტეტებზე:

„ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი. ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ევროპაზე უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, ნატო, უსაფრთხოების მხრივ, და ა.შ. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მესმის, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ“.
გადავწყვიტეთ, რომ სანამ მოკვლევა დასრულდება და გამოიკვეთება რა ხდება, დირექტორს შევუჩეროთ უფლებამოსილება ...
სოზარ სუბარი

სამუშაო კვირის მიწურულს, რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმართა ოჯახის წევრების 3-დღიანი პროტესტისა და თავად პატიმართა მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების დირექტორს, ლევან აბურჯანიას, უფლებამოსილება შეუჩერდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პატიმართა განცხადებები იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი მათ რეჟიმის გამკაცრებით და დასჯით ემუქრებოდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა:

”ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, გენერალურმა ინსპექციამ, და გადავწყვიტეთ, რომ სანამ მოკვლევა დასრულდება და გამოიკვეთება რა ხდება, დირექტორს შევუჩეროთ უფლებამოსილება. პარალელურად ვსწავლობთ იმ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა”.

დაძაბულობა, ოღონდ ახლა უკვე რელიგიურ ნიადაგზე, გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი შუღლის განმუხტვის მიზნით, პარასკევს მოლაპარაკება გამართეს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებმა და საქართველოს მუსლიმანთა წინამძღოლმა ჯემალ პაქსაძემ, რომელმაც განმარტა, რომ მუსლიმანებს პარასკეობით და წელიწადში ორი დიდი დღესასწაულისთვის სჭირდებათ ჯგუფური ლოცვა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნიგვზიანში სამლოცველოს გახსნა, რომელსაც ადგილობრივი მართლმადიდებლური მოსახლეობა სასტიკად ეწინააღმდეგება. როგორც პარასკევსვე გაირკვა, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება.

გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი ისიც, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება თბილისელთა სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აღდგება 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებული ვითარება და აღნიშნულ ხარჯს (წლის განმავლობაში დაახლოებით 80 მილიონ ლარს) თბილისის მერია დაფარავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისის მერი, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თუ პარლამენტი ბიუჯეტის არსებულ პროექტს დაამტკიცებს, თბილისის მასშტაბით 600 ათასი ადამიანი სოციალური შეღავათების გარეშე დარჩება.
XS
SM
MD
LG