Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური ვიზიტებისა და დაკავებების კვირა


ბიძინა ივანიშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ
ბიძინა ივანიშვილი, ჟოზე მანუელ ბაროზუ
გასულ კვირაში ქართული და არამხოლოდ ქართული მედიის ყურადღება საქართველოს პირველი პირების, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, პრაღასა და ბრიუსელში ნატოსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელობასთან მაღალი რანგის შეხვედრებისაკენ იყო მიპყრობილი. პარალელურად, სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები საქართველოშიც, სადაც ამ კვირაში შსს-ს 12 მაღალჩინოსანი დააკავეს.

გასული კვირის პირველივე სამუშაო დღის მთავარ ფრაზად ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვები იქცა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა - მან მკაცრად შეაფასა საქართველოში შექმნილი ვითარება და „შემაშფოთებელი“ უწოდა „პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების“ კამპანიას.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით".

თავად მიხეილ სააკაშვილს საჯარო გამოსვლების დროს ახალი მთავრობა არ გაუკრიტიკებია.

პარალელურად ბრიუსელში 12-13 ნოემბერს შეხვედრებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ეს ივანიშვილისათვის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი იყო უცხოეთში. 12 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.

”ჩვენი მთავარი ამოცანაა ვილნიუსის სამიტამდე მოვახერხოთ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ასევე უნდა მოვახერხოთ ევროკავშირთან გავაფორმოთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დაწესება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თავის მხრივ კი, ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, თუმცა ისიც თქვა, რომ დემოკრატიული პროცესები არჩევნების დღის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება დაიცავს ადამიანის უფლებებს და არ განახორციელებს შერჩევით სამართალს:

”კონკრეტული გზები, რომელთა დახმარებითაც საქართველო ევროკავშირს უნდა მოუახლოვდეს, არის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, 2013 წელს”.

14 ნოემბერს ბრიუსელში კიდევ ერთი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა - ამჯერად ნატოს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, რის შემდეგაც ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოხატა ნდობა და გამოთქვა იმედი, რომ მართლმსაჯულება საქართველოში პოლიტიკისგან გამიჯნული იქნება.

”1 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მოვუწოდებ ყველა მხარეს საქართველოში შეინარჩუნოს ეს იმპულსი და მოახდინოს დემოკრატიული პროგრესის კონსოლიდირება. მათ შორის ეს გულისხმობს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების სრულ აღიარებას”, -
განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა 14 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვიზიტების თემა რომ გავაგრძელოთ, აქვე უნდა ვახსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის საქართველოში ვიზიტიც, რომლის ფარგლებში ფილიპ გორდონი 15-16 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის - ასე შეაფასა მან საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და განაცხადა, რომ ეს პროცესი შესაძლოა ერთგვარი მოდელიც იყოს რეგიონისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც 16 ნოემბერს ფილიპ გორდონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა, არის უკანასკნელ დღეებში ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების თემა. როგორც ფილიპ გორდონი ამბობს, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისათვის მსოფლიოს თვალში. მისი თქმით, ეს არის გზა ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს.

”ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე დაკავებების შესახებ. დღეს ეს ჟურნალისტებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. მინდა ვთქვა, რომ უკიდურესად აუცილებელია, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ყველამ უნდა ნახოს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღსრულებულია და ყველამ, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ, ამავე დროს, გამორიცხული უნდა იყოს შერჩევითი სასამართლო დევნა”, - ამბობს ფილიპ გორდონი.

მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, 40 წუთიანი შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული არჩევნების შემდეგ, ეს იყო საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი შეხვედრა, რაც, მისი თქმით, ახალი ხელისუფლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია:

”ბატონი გორდონი განსაკუთებით დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტის და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის მქონე მთავრობისა. მე კიდევ ერთხელ მოვახსენე მას ჩვენი კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და აღვნიშნე აუცილებლობა იმისა, რომ ყველა თანამდებობის პირმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი მოვალეობა”.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გაიზრდება როგორც მთლიანად ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები, ასევე ცალკეული დარგებისა და სამინისტროების დაფინანსება. ბიუჯეტით გათვალისწინებულია პენსიების გათანაბრება საშემოსავლო მინიმუმთან და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის შემოღება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დაფინანსებას. ამასთან, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითვე, დაფინანსება შეუმცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო რწმუნებულებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის აზრით კი, წარმოდგენილი ბიუჯეტი დაუსრულებელი და ბუნდოვანია.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანა საპარლამენტო უმცირესობამ და ბრალდებულის ოჯახმა გააპროტესტეს. მათი თქმით, იმ საპყრობილეში მოთავსებით, სადაც სასჯელს იხდიან ე.წ. „კანონიერი ქურდები“, ბაჩო ახალაიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ყოფილი მინისტრის ოჯახი ასევე არ გამორიცხავს ფიზიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობასაც, თუმცა პასუხად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მეშვიდე საპყრობილეში გადაყვანით ბაჩო ახალაია დაცული იქნება როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან.

როლანდ ახალაია და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები სოზარ სუბარის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ორთაჭალაში, საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათთან მივიდა საპყრობილიდან გამოსული ადვოკატი იოსებ ჯანაშია, რომელიც ბაჩო ახალაიას საგამოძიებო ოთახში შეხვდა:

„ბაჩო ახალაიას თქმით, მისი მოთავსება იქ, სადაც კრიმინალური ავტორიტეტები სხედან, არის ცინიზმი. ჩვენ მივმართავთ დეპარტამენტის უფროსს, რომ მოხდეს მისი გადაყვანა სხვაგან, თუნდაც "მატროსოვზე“.

თუმცა მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მეშვიდე საპყრობილე საგანგებოდ, უსაფრთხოების მაქსიმალურად კარგი პირობების გამო შეირჩა.

გასულ კვირაში აქტუალური იყო დაკავებების თემაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 მაღალჩინოსნის დაკავებისა და ბრალდების საფუძვლებზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 16 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც ისაუბრა. შსს-სა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომლებს ძირითადად ბრალი ედებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; რამდენიმე პირის საქმეში ფიგურირებს ეპიზოდი, სადაც საუბარია ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ასევე უკანონო და არასანქცირებულ მოსმენებზე. შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსანთა ნაწილს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა მას მხოლოდ დაკავებულთა ნაწილი აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტს - კერძოდ, შოთა ხიზანიშვილის დაკავებას - გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მან მომხდარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათი გუნდის დაშინების მცდელობად შეაფასა:

”შოთა ხიზანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი. ის ყოველთვის ჩემთან ერთად იყო, ბოლო თვეებში ის გახდა ვიცე-მერი. მე მესმის და ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისთვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა, იმიტომ რომ ის არის პირადად ჩემი ძალიან უახლოესი მეგობარი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფითებას შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების”.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 13 ნოემბრის ღამე ადმინისტრაციული კორპუსის წინ გაშლილ კარვებში გაათენეს. ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები” იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, სტუდენტები ერთი წლის წინ რექტორის მისაღებიდან გაიტაცეს. მოთხოვნებს შორისაა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ასევე სასწავლო პირობების გაუმჯობესება.

პირველ ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს. ინციდენტის შესახებ, რომელიც, ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის თქმით, გასული წლის 26 ოქტომბერს მოხდა, სტუდენტები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ:

”სამწუხაროდ, ვინც ჩვენს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა, ისინი დღესაც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ”.

გასულ კვირაში საქართველოს ტელესივრცეში ორი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ნიკა გვარამია, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილისა და იუსტიციისა და განათლების მინისტრების პოსტებს იკავებდა. ახალი მფლობელი ჰყავს ტელეკომპანია ”პიკის” მმართველ კომპანიასაც. შპს ტელეკომპანია „პიკის” 60 პროცენტი შპს ”შვიესას” გადაეცა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG