Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდაპოლიტიკური ცვლილებების კვირა


თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას ორშაბათიდან შევუდგეთ. 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო იმ სასულიერო პირების სასამართლო პროცესი, რომლებიც 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, დაგეგმილი ფლეშ-მობის ხელის შეშლის გამო არიან ბრალდებულები.

აქვე ვთქვათ, რომ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 17 მაისის მოვლენების თაობაზე დასკვნაც გამოაქვეყნა. დასკვნაში დაგმობილია ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა, დადებითად არის შეფასებული პოლიციის ქმედება და სახელმწიფოს უმაღლესი პირების გამოხმაურებები; ნათქვამია, რომ ეკლესიას ძალადობის წამახალისებელი განცხადებები არ გაუკეთებია. კომიტეტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ 17 მაისთან დაკავშირებულ შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან განსხვავებით, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 17 მაისს სათანადოდ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები, ხოლო ეკლესიამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, თუმცა ეს დეტალები დასკვნაში არ ჩაწერილა. შენიშვნები დასკვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის“ ხელმძღვანელს ეკა აღდგომელაშვილსაც ჰქონდა.
ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

„არაფერია ნათქვამი 17 მაისის აქციის შინაარსზე, ორიოდე სიტყვით რომ მიენიშნებინათ როგორი ტიპის აქცია იყო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელდა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ხშირია სპეკულირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო გარყვნილების პროპაგანდა და ა.შ. რაც შეეხება კონტრდემონსტრაციის ორგანიზებას, ერთია რელიგიური ორგანიზაციების ოფიციალური განცხადებები, რომლებიც გაკეთდა და რომლებიც დასკვნაში მოყვანილია ამონარიდების სახით და მეორეა, რომ მობილიზაცია ამ კონტრდემონსტრანტების დიდწილად სწორედ ეკლესიამ მოახდინა. თუ წინასწარი განცხადებები არ შეიცავდა ძალადობრივ მოწოდებებს, არაერთი დამამტკიცებელი მასალა არსებობს, რომელიც ასახავს ასეთ მოქმედებებს სწორედ აქციის მიმდინარეობისას“.

გასულ კვირას პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულეს ევროპარლემენტარებმა. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი კშიშტოფ ლისეკი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს უკვე მეორედ სტუმრობდა საპატიმროში. ამჯერად ლისეკმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი წონაშია დაკლებული და ხაზი გაუსვა განსასჯელთან ოჯახის წევრებისა და ექიმის შეშვების აუცილებლობას. ლისეკის განცხადებით, პირადად ის პოლიტიკურის გარდა, ვერცერთ სხვა მიზეზს ვერ ხედავს მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნისათვის.
ვფიქრობთ, რომ მათი ინფორმირებულობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სრულად იქნა დაკმაყოფილებული...
არჩილ კბილაშვილი

შერჩევითი სამართლის შთაბეჭდილების გასაქარწყლებლად ვაშინგტონში 16 ივლისიდან მყოფ საქართველოს დელეგაციას თან მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც ახლდა. კითხვები შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით ქართულ დელეგაციას ამერიკაშიც დაუსვეს და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მთავარმა პროკურორმა ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და განაცხადა, რომ კანონი თანასწორად ეხება ყველას – ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამის შესახებ თავად არჩილ კბილაშვილმაც აღნიშნა:

”ვფიქრობთ, რომ მათი ინფორმირებულობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.”

გასულ კვირაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლაში სდებდნენ ბრალს. მათი განცხადებით, მმართველი კოალიციის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო, ჩაიშალა 18 პარტიასთან მიღწეული შეთანხმება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადებით, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის გარეშე შეუძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რადგან დღეს მოქმედებს ნაციონალური მოძრაობის დროინდელი „დრაკონული საარჩევნო კოდექსი“, რომლის შეცვლის გარეშეც ნორმალურ არჩევნებზე საუბარი ზედმეტი იქნება. ამასთან, ოპოზიციურად განწყობილ არასაპარლამენტო პარტიებს აკვირვებთ ის, რომ „ქართული ოცნება“ არ ცდილობს შეცვალოს ნაციონალური მოძრაობის სტატუსკვო საარჩევნო ადმინისტრაციებში, ამის შესახებ გასულ კვირას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე საუბრობდა:
ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე

„შვიდი არის მათი, ექვსი – „ოცნების“. ჩემთვის სრულიად საოცარი აღმოჩენაა ის, რომ „ქართული ოცნება“ იბრძვის კომისიებში სტატუსკვოს შენარჩუნებისათვის, ანუ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდეს კომისიებში უმრავლესობა“.

ოპონენტების ამგვარ კრიტიკას არ იღებს მმართველი კოალიცია, რომლის ლიდერთა მტკიცებით, მოახლოებული არჩევნები გამორჩეული იქნება გამჭვირვალობითა და სამართლიანობით, რაც, გარკვეულწილად, კანონებში ცვლილებების შეტანითაც მიიღწევა.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძიან ივანიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ლიტვასა და პოლონეთში. ვილნიუსის სამიტი, რომელსაც საქართველო განსაკუთრებულ იმედს უკავშირებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ თემას ლიტვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის - დედაქალაქი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ნოემბრის მიწურულს უმასპინძლებს. ლიტვა საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა ყველაფერი მაინც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც:
ბიძიან ივანიშვილი ლიტვაში ვიზიტისას
ბიძიან ივანიშვილი ლიტვაში ვიზიტისას

”რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები მოახდენს ამაზე გავლენას, მაგრამ მე გარწმუნებთ, დავარწმუნე ჩემი კოლეგაც და გაფართოებულ შეხვედრაზეც გავუსვით ამას ხაზი, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სანიმუშო საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და, საერთოდ, ვფიქრობთ, რომ ყველაზე ტიპიური ევროპული არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში საქართველოში და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეთანხმების ხელმოწერას და შეიძლება უფრო მეტიც მივიღოთ, არჩევნებიდან გამომდინარე”.

კვირის ბოლოს, პარასკევს თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიამართა. თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები, - ყოველივე ეს კი შესაძლებელი გახდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს რამდენიმე წევრის გასვლისა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შედეგად. თბილისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ დაკარგა, როცა ფრაქციის
ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ არანაირი უფლება იმისა, რომ კანონიერად სხდომა მოწვეულიყო, მაგრამ გამოყენებულ იქნა ძალისმიერი მეთოდი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში...
მამუკა ახვლედიანი
რიგები კოკი იონათამიშვილმა დატოვა. საკრებულოს ახალმა, ინტერპარტიულმა უმრავლესობამ კი რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის თანხმობის გარეშე მოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა.

„ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ არანაირი უფლება იმისა, რომ კანონიერად სხდომა მოწვეულიყო, მაგრამ გამოყენებულ იქნა ძალისმიერი მეთოდი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება შემდგომ თანაცხოვრებას საკრებულოში, მზად ვართ ნებისმიერ თემაზე განვაგრძოთ კონსულტაციები, მხოლოდ ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას კატეგორიულად არ დავუჭერთ მხარს!“

26 ივლისისათვის დანიშნულ სხდომაზე საკრებულოს წევრები თავმჯდომარის გადარჩევასა და ახლის არჩევას აპირებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG