Wildberries-ის გაყიდვების პლატფორმა, ათეულობით გატანის ცენტრით, 2024 წლიდან საქართველოშიც მუშაობს. 2025 წლიდან კი - ამ ონლიანმაღაზიას საქართველოში წარმოებული პროდუქტების ნუსხაც დაემატა.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა - სარისკოა თუ არა ქართული ბანკებისთვის, ამ პლატფორმაზე მათი ბარათებით ვაჭრობა.
Wildberry [რომელსაც ხშირად ამერიკულ Amazon-ს ადარებენ] – რუსეთში 2004 წელს მილიარდერმა ცოლ-ქმრმა, ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკებმა დააფუძნეს. გასულ წელს ისინი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ, მათ შორის, სისხლიანი გარჩევებით მოსკოვის ცენტრში. საბოლოოდ, მთელი კომპანია დარჩა ცოლს - ტატიანა ბაკალჩუკს, რომელსაც რუსული წყაროები ახალი გვარით მოიხსენიებენ - ტატიანა კიმი.
ხშირად „კიმის ბანკს“ უწოდებენ Wildberriese Bank-საც, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. 2026 წლის აპრილში ბანკი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტშიც მოხვდა- უკრაინაში კრემლის ომის ხელშეწყობისთვის.
70 ახალი სანქცირებულის სია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 16 ივნისს გამოაქვეყნა. ამ სიაშია არაერთი რუსული საფინანსო კომპანიაა და მათ შორის - Вайлдберрис Банк [Wildberriese Bank].
ოფიციალურ ტექსტში ხაზგასმულია გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "WILDBERRIES BANK"-ი "იღებს ან იღებდა სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორში - კერძოდ, რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში საქმიანობის განხორციელების გზით".
- აქტივების გაყინვას, დირექტორის [ხელმძღვანელის] დისკვალიფიკაციას
- საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობებისა და გადახდების დამუშავების აკრძალვა
- სატრასტო მომსახურების სანქციები
დიდი ბრიტანეთის სანქციები, პირველ რიგში, შესრულების ვალდებულებას უწესებს ბრიტანელებს - იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ; თუმცა, როგორც წესი - რისკავს ყველა, ვინც გააგრძელებს თანამშრომლობას დასანქცირებულ უცხოურ კომპანიასთან, მონათესავე კომპანიებთან ან მათ ხელმძღვანელობასთან.
საერთო მფლობელი
ეს კომერციული ბანკი უნივერსალური ლიცენზიის მფლობელია - ყველა შესაბამისი სერვისით. 2026 წლის მაისში, ბანკის 5%-იანი წილი დასავლეთის მიერ სანქცირებულმა რუსულმა ВТБ ბანკმა შეისყიდა - ტექნოლოგიური ინტეგრირებისა და გადახდის ინფრასტრუქტურის გაერთიანების მიზნით. საკონტროლო პაკეტი ტატიანა კიმის ხელშია:
- ტატიანა კიმი [ადრე - ბაკალჩუკი] - 95%;
- ვითიბი [ВТБ] ბანკი - 5%.
Wildberries, რომლის სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდ დოლარზე მეტია, ამჟამად მთლიანად ტატიანა კიმის საკუთრებაშია. თავდაპირველად ტატიანა 99%-ს ფლობდა, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე, ვლადისლავ ბაკალჩუკი - მხოლოდ 1%-ს. ხმაურიანი განქორწინებისა და სასამართლო დავების შემდეგ, 2025 წელს, ტატიანამ ყოფილი ქმრის წილიც გამოისყიდა.
2024 წელს გავრცელდა ცნობა Wildberries-ისა და გარე რეკლამის უმსხვილესი ოპერატორის - Russ Group-ის შერწყმის შესახებ. ეს შერწყმა პირადად მოიწონა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. გაერთიანების შედეგად შეიქმნა Russ & Wildberries, რომელსაც ასევე ტატიანა კიმი ხელმძღვანელობს და უმსხვილეს წილსაც ფლობს.
ტატიანა კიმი [ბაკალჩუკი], ისევე როგორც მისი ონლაინ-გაყიდვების კომპანია სანქცირებულია უკრაინისა და პოლონეთის მიერ.
რა კავშირია სანქცირებულ ბანკსა და ონლაინ-გაყიდვებს შორის?
როგორც ირკვევა, Wildberries-ის სავაჭრო პლატფორმასა და Wildberries-ის სანქცირებულ ბანკს შორის პირდაპირი კავშირია - ამ ბანკს Wildberriese ციფრული ეკოსისტემის ნაწილად განიხილავენ და მის “ჯიბის ბანკსაც” უწოდებენ; ხოლო, 2021 წელს, ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკების მიერ ძველი საბანკო ინფრასტრუქტურის ყიდვის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სწორედ Wildberries-ის სავაჭრო პლატფორმის გადახდების მომსახურების ორგანიზება დასახელდა.
საჯარო რუსული წყაროების თანახმად:
- Wildberries საფულე - ამ ბანკის მიერ გახსნილი ვირტუალური გადახდის ბარათია სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ამ საფულით გადახდისას შეთავაზებულია ფასდაკლებები.
- რეალიზატორებთან ანგარიშსწორება - ამ ბანკის გავლით ხდება ანგარიშსწორება, სწრაფი გადახდები და მიღებული თანხების გადარიცხვები პლატფორმაზე მოვაჭრე მეწარმეებისთვის.
- სავაჭრო პლატფორმის ბანკი - საშუალებას იძლევა, არ გადაუხადოს უზარმაზარი საკომისიო თანხები სხვა ბანკებს - ყოველდღიურად განხორციელებული მილიონობით ტრანზაქციისთვის.
რას მოელიან - რუსეთში და რას საქართველოში?
რუსეთში შიშობენ, რომ სანქცირების ეფექტი „დომინოს პრინციპით“ გადაეცემა ონლაინ-გაყიდვების ქსელსაც და რომ მონათესავე ბანკის სანქცირების შედეგად - უახლოეს კვირებში და თვეებში - Wildberries-ს აპლიკაცია App Store-სა და Google Play-ის შეთავაზებებიდან წაიშლება - რადგან Apple და Google იცავენ საერთაშორისო სანქციებს; ხოლო სანქცირებული ბანკის ცალკე აპლიკაცია არა აქვს და ინტეგრირებულია პირდაპირ ონლაინ-სავაჭრო პლატფორმაში.
ცალკე აპლიკაცია არც Wildberries-ის ქართული გაყიდვების ნაწილს აქვს. მომხმარებელი შედის რუსული ონლაინ-მაღაზიის აპლიკაციაში და შემდეგ მიუთითებს, რომ გამოწერა საქართველოში სურს.
თუმცა ვაჭრობის ერთადერთი გზა აპლიკაცია არ არის - პროდუქციის ყიდვა ვებსაიტიდანაც არის შესაძლებელი. საქართველოს ცალკე ვებსაიტი აქვს, თუმცა კლიენტების მომსახურება და ძირითადი წესები - რუსულის იდენტურია.
პლატფორმა ასევე მუშაობს - სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა თუ ისრაელში. მათგან განსხვავებით, საქართველოში ონლაინ-ვაჭრობას, საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია - ფრანჩიზის სისტემით წარმართავს.
დგება თუ არა რისკის ქვეშ Wildberriese-ის სავაჭრო პლატფორმა, რომელმაც საქართველოში მუშაობა 2024 წელს დაიწყო? სარისკოა თუ არა ქართული ბარათების გამოყენება სანქცირებული ბანკის მიერ მხარდაჭერილ სივრცეში?
რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით ეროვნულ ბანკს მიმართა.
"საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან ქართული კანონმდებლობა და სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები.
შესაბამისი რეჟიმების მოთხოვნების გავრცელების საკითხის შესაფასებლად, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ამა თუ იმ სანქცირებული სუბიექტისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასებას უზრუნველყოფს თავად ფინანსური ინსტიტუტი", - სებ-ში რადიო თავისუფლებას ზოგადად უპასუხეს.
ამასთან, ეროვნული ბანკი, აღნიშნავს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში, განაგრძობს "ფინანსური სექტორის მიერ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების პროცესის ზედამხედველობას".
კომერციული ბანკები, როგორც წესი, არ გასცემენ ინფორმაციას კონკრეტულ კლიენტებთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა ბანკების ასოციაციასაც. პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც რუსული VTB [ВТБ] ბანკი სანქცირებულთა სიაში მოხვდა, სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ მის ფილიალზეც - "ვითიბი ბანკი ჯორჯიაზეც" და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები მასაც შეეზღუდა. "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ფიზიკური პირების, მეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება "ბაზისბანკის" ხელში გადავიდა; ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესმეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება - „ლიბერთი ბანკმა" გადაიბარა. 2026 წლის აპრილში „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ იყიდა.
როგორ მუშაობს wildberries-ი საქართველოში
wildberries.ge-ზე, რომელიც ონლაინ-გაყიდვების რუსული გიგანტის ადგილობრივ პლატფორმას წარმოადგენს, იყიდება ყველაფერი - სურსათი, კოსმეტიკა, წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა. არჩევანი მრავალფეროვანია, ძირითადად - რუსეთში დამზადებული პროდუქციის.
ქართული ვებსაიტის თანახმად:
- შეკვეთა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს:
- შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა პირადი ნომერი ან ბინადრობის ნებართვის ნომერი.
- გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. თუკი ბარათს აპლიკაციას მიაბამენ - გარკვეულ პროდუქციაზე გადახდა მიღების დროსა არის შესაძლებელი.
ქართული ბანკების პლასტიკური ბარათები (Visa, Mastercard) ჩართული არიან საერთაშორისო ქსელებში. Visa-სა და Mastercard-ს აქვთ ვალდებულება დაიცვან ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ - wildberries.ge-ზე რუსული რუბლით გადახდა შეეძლოთ.
18 ივნისის მდგომარეობით, wildberries-ის სავაჭრო პლატფორმის პუნქტები საქართველოში ჩვეულებრივად მუშაობენ.
ონლაინ-გაყიდვების ქართულ პორტალზე მითითებულია, რომ საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი გასაცემი პუნქტი აქვს გახსნილი; რუსული წყაროების თანახმად კი, 2025 წელს - ცენტრების რიცხვი უკვე 90 იყო - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა თუ გორში.
სავაჭრო პლატფორმის [wildberries.ge] მფლობელად მითითებულია შპს „ტრანსკომ გრუპი“ (Transcom Group LLC), რომელიც 2022 წლის ივლისშია რეგისტრირებული და "საქმიანობას ეწევა სავაჭრო ნიშნით „Wildberries“. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „ტრანსკომ გრუპის" 100%-იან წილს სერგი თვალჭრელიძე ფლობს. ის ასევე არაერთი სხვა კომპანიის მფლობელია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თანახმად, 2025 წლის აგვისტოში სერგი თვალჭრელიძეს "ქართული ოცნებისთვის" 30 ათასი ლარი აქვს შეწირული.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ონლაინ-გაყიდვების კომპანია Wildberries-მა საქართველოში საქონლის გაყიდვა და მიწოდება, ფრანჩიზის მქონე ქართული პარტნიორი კომპანიის მეშვეობით, 2024 წელს დაიწყო. ხოლო 2025 წლიდან პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მწარმოებლებსაც მიეცათ.
სპეციალისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ - საერთაშორისო სანქციების ფონზე, ვითარება საკმაოდ სარისკო და დასაფიქრებელია. დასავლური სანქციების ეფექტი, ხშირად, ზეგავლენას ახდენს სანქცირებული კომპანიის პარტნიორებზე და მათთან საქმიან ურთიერთობებში მყოფ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე.
ფრანჩიზა [ფრანშიზა] წარმოადგენს ბიზნესმოდელს, როდესაც ერთი კომპანია მეორე კომპანიას, საფასურის სანაცვლოდ, აძლევს უფლებას, გამოიყენოს მისი ბრენდის სახელი, ლოგო და მზა ბიზნესმოდელიც, ტექნოლოგიების ჩათვლით. ფრანჩიზის მიმღები ვალდებულია დაიცვას ძირითადი კომპანიის სტანდარტები, მის მიერ დამკვიდრებული წესები, მათ შორის - თანამშრომლების მომზადების კუთხით.
2026 წლის მაისში, როდესაც Wildberriese Bank-ს ევროკავშირის სანქციები დაეკისრა, ბანკში განაცხადეს, რომ - რუსეთის ფარგლებში კლიენტებისთვის არაფერი შეიცვლება და საფინანსო ინსტიტუტი ძველებურად განაგრძობს ფუნქციონირებას, სერვისების მიწოდებას. იგივე გაიმეორეს - ბრიტანეთის სანქციების შემდეგაც. თუმცა არ განუმარტავთ - რის შეცვლა მოუწევთ სხვა ქვეყნებთან ბიზნეს-ურთიერთობებში.
ფორუმი