Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი - საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკეთესი გარემოა


ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მისამართით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება თუ კანონდარღვევები სააგიტაციო პროცესში -
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ამ თუ სხვა ტიპის დარღვევები ასახულია ანგარიშში, რომელიც 9 აგვისტოს გამოაქვეყნა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”. თუმცა, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, და ამას საარჩევნო კოდექსში 27 ივლისს დამტკიცებული ცვლილებებიც შეუწყობს ხელს.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გამოქვეყნებული მეორე ანგარიში 20 ივლისიდან 4 აგვისტომდე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა ძალადობრივი ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რაც, ანგარიშის თანახმად, ორგანიზებული იყო ”რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ”. მაგრამ, აგრესიის მიუხედავად, ”სამართლიანი არჩევნების” მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდსა და ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმატებით უზრუნველყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერში მონაწილეთა უსაფრთხოება.

„სამართლიანი არჩევნები“ თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ”საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების პრობლემაზე და მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ”მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის რამდენიმე ფაქტი. როგორც ორგანიზაციის იურისტმა ნინო რიჟამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთი ასეთი შემთხვევა ოზურგეთში მოხდა:

”საქველმოქმედო ორგანიზაციამ პრესკონფერენცია პოლიტიკური პარტიის ოფისში გამართა და იქ მოახდინა თავისი ერთ-ერთი საქველმოქმედო პროექტის პრეზენტაცია. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს”.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” თავის ანგარიშში ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებსაც აღრიცხავს. მაგალითად, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტი გამოყო ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა.

ის რამდენიმე შემთხვევაში იმყოფებოდა ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების პრეზენტაციისას. მაგალითად, მახსენდება თუშეთობის დღესასწაული, როდესაც იგი იმყოფებოდა მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად და მიიღო მონაწილეობა ამ სახალხო დღესასწაულში...
ნინო რიჟამაძე
აქვეა სხვა მაგალითებიც. თუკი ”სამართლიანი არჩევნების” წინა ანგარიშში დადებითად იყო შეფასებული ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ეჭვების გასაქრობად თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების ფაქტი, ”სამართლიანი არჩევნების” უკვე მეორე ანგარიშში საუბარია დარღვევებზე იმავე საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ, ნინო რიჟამაძის თქმით, ჯერ ისევ დაურეგისტრირებელი კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში ფორმალურად კანონი არ დარღვეულა:

”ის რამდენიმე შემთხვევაში იმყოფებოდა ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების პრეზენტაციისას. მაგალითად, მახსენდება თუშეთობის დღესასწაული, როდესაც იგი იმყოფებოდა მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად და მიიღო მონაწილეობა ამ სახალხო დღესასწაულში. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, ანუ ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ერთმნიშვნელოვნად გამიჯნული უნდა იყოს სახელმწიფოს აქტივობა კანდიდატის აქტივობისგან”.

ზოგადად ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე პირდაპირ ჩაიწერა, რომ აკრძალულია აგიტაციის გაწევა ორგანიზატორის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა...
ლევან ნატროშვილი
ანგარიშში ასახული დარღვევების მიუხედავად, ”სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ, მთლიანობაში, ამჟამად არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია საპარლემენტო არჩევნების წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილიც ადასტურებს და ის ასევე ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს ხელისუფლების ნება წარმოადგენს. ამასთან, ლევან ნატროშვილის თქმით, წინასაარჩევნო გარემოს, ალბათ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ახლად ამოქმედებული ცვლილებები, რომლებიც ”საარჩევნო კოდექსში” პარლამენტმა 27 ივლისს დაამტკიცა, რადგან ეს ცვლილებები, ვთქვათ, სამეთვალყურეო ორგანიზაციებს გაუადვილებს კანონდარღვევების დანახვას. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი თვალსაჩინო მაგალითსაც ასახელებს:

”ზოგადად ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე პირდაპირ ჩაიწერა, რომ აკრძალულია აგიტაციის გაწევა ორგანიზატორის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგანაც, თუკი გადავხედავთ წინა არჩევნებს, ვხედავდით, რომ, მაგალითად, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მინისტრს ძალიან ხშირად თან ახლდა, ვთქვათ, დეპუტატობის კანდიდატი და, შესაბამისად, ეს ასოცირდებოდა იმასთან, რომ ეს კანდიდატი აწვდიდა ამ კონკრეტულ სიკეთეს საზოგადოებას. ეს დარეგულირდა”.

ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის ფარგლებში შემუშავებული, პარლამენტის მიერ დამტკიცებული და უკვე ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, ასევე იკრძალება, მაგალითად, სამსახურებრივი ავტომანქანების აგიტაციის დროს გამოყენება თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მიერ და საჯარო მოხელეებს აგიტაციის განხორციელება ეკრძალებათ სამუშაო საათებში და ასევე მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზურაბ ფუტკარაძე, წარმომადგენელი კოალიციისა „სამოქალაქო განვითარებისთვის", თუმცა ის თვლის, რომ ყურადღების მიღმა დარჩა ასევე მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები. მისი აზრი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის სხვა არაერთი წარმომადგენლის აზრთან, რომ აუცილებლად უფრო ფართო უნდა იყოს იმ პოლიტიკურ თანამდებობის პირთა წრე, რომლებსაც ეკრძალებათ აგიტაციის წარმოება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

არასამთავრობო სექტორი თანხმდება, რომ, გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობა აუცილებლად საჭიროებს შემდგომ დახვეწას და რომ პარლამენტი ამ საკითხს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე უნდა დაუბრუნდეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG