Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესამ გასულ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იტალიაში საპარლამენტო არჩევნებს, ასევე რომის პაპის გადადგომის თემას და ირანისა და სირიის საკითხებს.

რომში გამომავალი „რეპუბლიკა“ 27 თებერვალს წერდა: „ბერლუსკონის დაცემის შემდეგ პირველ არჩევნებში მემარცხენეებმა ვერ შეძლეს თავი წარმოეჩინათ მთავრობის ალტერნატიულ ძალად. ამის ნაცვლად, მათ უწევთ სხვებთან ერთად უყურონ, თუ როგორ ახერხებს საოცარ აღორძინებას ყოფილი პრემიერი, რაც მემარცხენეებს გამარჯვების დაკარგვად უჯდებათ. მემარცხენეები კი იმის მოწმეღა არიან, თუ როგორ ართმევს მათ ამომრჩევლებს გრილო და როგორ ვერ მოახერხა მონტიმ ჭიიდან ჭუპრად გადაქცევა, ტექნიკოსი ვერ გახდა მაღალი რანგის პოლიტიკოსი. ამან კი იქამდე მიგვიყვანა, დაასკვნის „რეპუბლიკა“, რომ იტალია ახლა უმართავია.

სხვა ხედვა აქვს, ბელგრადის გაზეთ „პოლიტიკას“, რომელსაც მანამდე უჭირდა პროგნოზირება. „პოპულისტ ბერლუსკონის აღორძინებისა და კომიკოს ბეპე გრილოს წარმატების გამო, არ არის იოლი პროგნოზების გაკეთება. ორი ძლიერი კანდიდატის არსებობა ფაქტია. ესენი არიან მარიო მონტი და პიერ ლუიჯი ბერსანი. ორივე ცენტრისტი პოლიტიკოსია, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი რეფორმების გასატარებლად საკმარისი ხმების მოპოვებას, არ არის ცხადი“, წერდა სერბული გაზეთი.

ამავე თემას გამოეხმაურა ჰოლანდიური „ტელეგრაფი. „პოპულისტ ბერლუსკონის გამარჯვებამ, ბრიუსელისა და ხარჯების შემცირების პროგრამის წინააღმდეგ მასობრივმა გამოსვლებმა, ასევე კრიზისების მოგვარების ოსტატის, მონტის ჩაძირვამ, ქვეყანა უმართავი გახადა. არჩევნების განმეორება შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს. იტალიელებმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეიგნონ, რომ საკუთარი ქვეყნის მოწესრიგება მხოლოდ მათი საქმეა“, რჩევას აძლევს იტალიელებს ამსტერდამში გამომავალი „ტელეგრაფი“.

რომის პაპის ბენედიქტე მე-16-ის გადადგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო უცხოეთის გაზეთებში. პეტრეს მოედანზე, რომში, მისი ბოლო გამოსვლის თაობაზე ასეთი შენიშვნა გააკეთა ესპანეთში, ვალენსიაში, გამომავალმა „პროვინსიასმა“: „ბენედიქტემ გამოაცხადა, რომ გადადგომა არ ნიშნავს, თითქოს ის კათოლიკური ეკლესიის დატოვებას აპირებდეს. ცხადია, ამით მას სურდა მისი გადადგომის გამო იქ მდგომთა უხერხულობა შეემსუბუქებინა, მაგრამ ამით მან კათოლიკური ეკლესიის კურიას დაანახვა, რომ მისი იმედი კვლავაც უნდა ჰქონდეთ“.

პაპის გადადგომის გამო კრიტიკულადაა განწყობილი ფრანგული „კურიერ პიკარი“, რომელიც ფიქრობს, რომ „ბენედიქტე მე-16 ცდილობს, სასულიერო და თეოლოგიური მემკვიდრეობა დატოვოს. მაგრამ პაპი, თავისი ამ წინადადებით, წინ ვერ მიდის. ბენედიქტემ ვერ გაიგო სამყაროს რეალობა, მისი კომპლექსურობა, მრავალშრიანობა და მზაკვრობა. საფინანსო აფერისა და ბავშვების გარყვნის სკანდალის გამოვლენის შემდეგ, საიდუმლო აღარაა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის“.

რომში „სირიის ხალხის მეგობართა“ ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მთავრობამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის პირველი სიგნალი გაავრცელა. შვედეთის გაზეთი „დაგენს ნიჰეტერი“ წერს, რომ „ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ასეთი განცხადებები ისმის. მაგრამ ამჯერად სირიის მთავრობა შეიარაღებულ ჯგუფებთან საუბრისთვის მზადყოფნას აცხადებს. ამავე დროს, მეამბოხეები არ აპირებენ უარი თქვან თავიანთ მოთხოვნაზე, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს. მოლაპარაკებაზე მიპატიჟება რეაქცია უნდა იყოს იმაზე, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა რეჟიმზე ზეწოლა გაზარდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხაზგასმით თქვა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით აღარ შემოიფარგლებოდა. აშშ-ის მხრიდან პირდაპირი სამხედრო ჩარევა, ჩანს, გამორიცხული აღარ არის“, თვლის შვედეთის გაზეთი.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ ამავე თემაზე წერს და თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს: „აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ მოახერხეს სირიის ეროვნული კოალიციისთვის იარაღის მიწოდების ან სხვაგვარი სამხედრო დახმარების დაპირება მიეცათ. მხოლოდ ყურება ძალადობას არ აჩერებს და რადიკალების რიგებს კიდევ უფრო ავსებს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სირიაში ეს საშინელება, მით უფრო გაძლიერდება ქაოსი და მით უფრო რთული გახდება სამოქალაქო წესრიგის დამყარება. და ეს სადღაც ჰინდუკუშში კი არ ხდება, არამედ ევროპის კაპრიბჭესთან“.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებს მიუძღვნა წერილი „ვაშინგტონ პოსტმა“, რომელიც აფრთხილებს ბარაკ ობამას, მეტისმეტად დიდ დათმობებზე არ წავიდეს თეირანის მიმართ: „ირანის მთავარმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე, ჯალილიმ, აშშ-ისა და მისი პარტნიორების წინადადება შეაფასა, როგორც შემობრუნების წერტილი მოლაპარაკებაში, რომელიც ათი წელია გრძელდება. ეს სიხარულის სიტყვები და ირანის სწრაფი მზადყოფნა, მომავალი ორი შეხვედრა დაიგეგმოს, იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ რეჟიმი სანქციების სიმძიმის ქვეშაა და დათმობა შეუძლია. მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე სიმართლის შემცველი შეიძლება იყოს ახსნა, რომ დასავლეთის წარმომადგენლებმა თავიანთი წინადადება შეარბილეს. აშშ-ის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ირანს დაუთმეს. ამავე დროს, რეჟიმი ყოველგვარ თანამშრომლობას უარყოფს. არადა, საქმეს ხომ ასეთი პირი უჩანს“.

ფრანგული გაზეთი „კრუა“ თავისებურ დასკვნას აკეთებს: „ჩანს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში თავისი მიზნები ახლებურად გაანაწილა: მთავარი მიზანი ის შეიძლება იყოს, რომ ირანთან დაიწყოს დიალოგი, რომელიც ბირთვული პროგრამის გარშემო კამათს დაასრულებდა. ამასთან, ირანს უგზავნიან ასეთ სიგნალს: ვაშინგტონს შეეძლებოდა სირიაში ისეთი მთავრობის აღიარება, რომელიც ირანელების მიმართ შედარებით კეთილად იქნებოდა განწყობილი. ეს სარისკო თამაშია. მაგრამ ხშირად ასე ომები მთავრდება ხოლმე“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG