Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო-ს წევრი რუსეთი საქართველოს წინაშე


მას შემდეგ, რაც მოსკოვში შესაბამისი დოკუმენტების დამტკიცებიდან მათ ამოქმედებამდე განსაზღვრული 30-დღიანი ვადა ამოიწურა, 22 აგვისტოს რუსეთი ოფიციალურად შეუერთდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) და მისი 156-ე წევრი გახდა. დარგის ექსპერტები კვლავაც ანგარიშობენ და გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რით ისარგებლებს და იზარალებს რუსეთი ვმო-ს წევრის სტატუსში; რას მიიღებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შედეგად საქართველო და რა მოელის ცალმხრივად დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოს.

ამ დრომდე რუსეთი წარმოადგენდა მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკას, რომელიც გლობალური სავაჭრო გაერთიანების საზღვრებს მიღმა რჩებოდა. სწორედ ამიტომ ვმო-ში მისი გაწევრიანება მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვან გაწევრიანებად - დახლოებით 10 წლის წინ ამავე ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანების შემდეგ. ისევე როგორც ჩინეთს, ექსპერტები რუსეთსაც უწინასწარმეტყველებენ ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას. კეთდება სასიკეთო პროგნოზები, იქნება ეს ექსპორტის მასშტაბების გაზრდა და უცხო ინვესტიციების მოზიდვა თუ მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ მცირე, 3%-იანი ზრდა და სახელფასო ანაზღაურების მნიშვნელოვანი მატება, მაგალითად, მეტალურგიის სფეროში. როგორც რუსი ეკონომისტი ალექსეი პორტანსკი აღნიშნავს, საერთაშორისო თამაშის წესების გაზიარებით რუსეთი მნიშვნელოვან ზარალს აირიდებს თავიდან:

”გაწევრიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ დისკრიმინაციული შეზღუდვების მოხსნა ექსპორტიორებსა და მეწარმეებთან მიმართებით. აქამდე არ ვმონაწილეობთ საერთაშორისო ვაჭრობის წესების შემუშავებაში და ამით გამოწვეული ზარალი სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. დაბოლოს, არ შეიძლება მოდერნიზაციის გეგმები დასახო, საქონლის, სერვისისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თავისუფალი გაცვლის გარეშე, ანუ ვმო-ს წევრობის გარეშე.“

თუმცა ექსპერტები ლაპარაკობენ უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელ მწვავე პრობლემებზეც. თუკი ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს მოვუსმენთ, ისინი არათანაბარი კონკურენციის საფრთხეს, მწარმოებელთა შემოსავლების კლებასა და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდასაც ვარაუდობენ.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებით, დაუშვებელია, რომ მისმა წევრმა ერთმა ქვეყანამ მეორეს ემბარგო დაუწესოს დასაბუთებული პრეტენზიების გარეშე. ანუ ის ფაქტი, რომ რუსეთს ჰქონდა ცალმხრივად დაწესებული ემბარგო, პრაქტიკულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს...
რევაზ საყევარიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ, ვმო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, აზრი ყოველთვის ორად იყო გაყოფილი, მოსკოვი 17 წლის განმავლობაში გულმოდგინედ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ესწრაფოდა. ამ პროცესის ბოლო პრობლემურ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოსთან მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარეობდა და წარმატებით 2011 წლის შემოდგომაზე დასრულდა. განცხადებაში, რომელსაც ოფიციალურ ვებსაიტზე ვხვდებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული ”შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის იძლევა რუსეთსა და საქართველოს მთლიან ტერიტორიას, მათ შორის აფხაზეთს, საქართველო, და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, შორის სასაქონლო ბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას. შეთანხმება ასახავს მონიტორინგის ყველა იმ ელემენტს, რომელსაც საქართველო ითხოვდა მოლაპარაკებათა დასაწყისიდანვე.”

რას მოუტანს საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება? და მოუწევს თუ არა აწ უკვე ვმო-ს წევრ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ცალმხრივად დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნა?
იტყვის, ვთქვათ, ძალიან ბევრი მინერალია ”ბორჯომში” და ჩემს მოსახლეობაზე ცუდად მოქმედებსო... ვერაფერსაც ვერ უზამ...
პაატა შეშელიძე

ზუსტ ვადებზე, ცხადია, ვერაფერს ამბობს, მაგრამ ვმო-ს ფარგლებში ხსენებული ემბარგოს საკითხი რომ აუცილებლად გადაიხედება, ეჭვი არ ეპარება ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილს:

”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებით, დაუშვებელია, რომ მისმა წევრმა ერთმა ქვეყანამ მეორეს ემბარგო დაუწესოს დასაბუთებული პრეტენზიების გარეშე. ანუ ის ფაქტი, რომ რუსეთს ჰქონდა ცალმხრივად დაწესებული ემბარგო, პრაქტიკულად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვმო-ს სხვა წევრ ქვეყნებში უპრობლემოდ გადის ის ქართული პროდუქცია, რომელიც რუსეთმა დაუშვებლად ცნო თავისი ბაზრისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარკვეული ტიპის ქართული პროდუქცია - იგივე ლიმონათი ”ზედაზენი” - გამოჩნდა რუსეთის ბაზარზე, ამ ბლოკადის პირველი გარღვევა უკვე მოხდა - უმნიშვნელო მოცულობით, მაგრამ მაინც.”

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების კონტექსტში გამოკვეთილ გარკვეულ გარღვევად საყევარიშვილი ასევე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სექტემბრიდან, რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის ბაზარზე თამბაქოსა და ალკოჰოლური ნაწარმის შეტანა იქნება ნებადართული.
პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

მართალია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია დისკრიმინაციულ მიდგომებსა და დაუსაბუთებელ ემბარგოებს გამორიცხავს, მაგრამ, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთმა ნებისმიერ დროს აკრძალოს არადამაკმაყოფილებელი ხარისხის მიზეზით, ისევე როგორც ეს, მაგალითად, ქართული ღვინისა და ბორჯომის შემთხვევაში გააკეთა:

”იტყვის, ვთქვათ, ძალიან ბევრი მინერალია ”ბორჯომში” და ჩემს მოსახლეობაზე ცუდად მოქმედებსო... ვერაფერსაც ვერ უზამ.”

ამგვარ მოსაზრებას იზიარებს არაერთი სხვა ექსპერტი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან დავისას სიმართლის დადგენაში, რაც არცთუ იოლი იქნება, შესაძლოა საკმაოდ დიდ დროც დაიკარგოს. ამ აზრზეა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძეც, თუმცა, მისი აზრით, უკვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში საქართველო მარტო არ იქნება რუსეთის პირისპირ და რომ მოსკოვის დაუსაბუთებელი პრეტენზიები 160-მდე ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცევა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG