Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

#10yearschallenge - რა შეიცვალა მსოფლიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში [განახლებადი]


2019 წლის პირველი პოპულარული ჰეშთეგის - #10yearschallenge თავდაპირველი მიზანი 10 წლის მანძილზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა გარეგნული ცვლილებების ჩვენება იყო. თუმცა იგივე ჰეშთეგი სხვადასხვა ორგანიზაციამ იმის საჩვენებლად გამოიყენა, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო.

კლიმატის ცვლილება

პოპულარული ჰეშთეგი გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და აქტივისტებმა კლიმატურ ცვლილებებზე მეტი ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეს.

ტყეების გაჩეხვის პრობლემას გაუსვა ხაზი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პაკისტანის ოფისმა. მათ სოციალურ ქსელში ერთი და იგივე ტერიტორიის სხვადასხვა დროს გადაღებული ორი ფოტო გამოაქვეყნეს. 2009 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს ტყე, რომელიც 2019 წელს უკვე გაჩეხილია. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „Germanwatch"-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პაკისტანი მსოფლიოში მერვე ადგილზეა ბოლო ოცი წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ზიანით.

პაკისტანის ოფისს არც ფილიპინები ჩამორჩა. მათ ფეისბუკის მომხმარებლებს შეახსენეს პლასტმასის უარყოფითი გავლენა მსოფლიო ოკეანეებზე და ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ზღვაში 2008 წელს გადაგდებული პლასტმასის ბოთლი დაშლილი არც 2018 წელს იქნებოდა, რადგან მის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.

და ისევ ოკეანეები. დიდი ორგანიზაციების გარდა, სოციალურ ქსელებში კლიმატურ ცვლილებებს პოსტები მოყვარულებმაც მიუძღვნეს. ბოლო ინსტაგრამპოსტში ჩანს თუ როგორ გავლენას ახდენს ოკეანეების დაბინძურება მარჯნის რიფებზე.

თუმცა რამდენიმე მომხმარებელმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის პოზიტიურ დინამიკას გაუსვა ხაზი. ორანგუტანგების გადარჩენის საზოგადოებამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც ჩანს ტყის აღდგენის პროგრამის 10-წლიანი შედეგი.

ევროპის მზის ენერგიის ორგანიზაციამ „10 წლის გამოწვევის" პოსტი მზის ენერგიის მოხმარების მზარდ დინამიკას მიუძღვნა. 2009 წელს მსოფლიოს მზის ენერგიის მოცულობა 16 გიგავატზე ნაკლები იყო. 2019 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 500 გიგავატზე მეტია. მზის ენერგია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგორესურსია.

კონფლიქტები

„10 წლის გამოწვევის" ფარგლებში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხული შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველი შედეგებიც გაიხსენეს.

შეიარაღებული დაპირისპირება სირიაში 2011 წელს დაიწყო. სირიის ომი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტია, რომელმაც ჰუმანიტარული კრიზისი, ადამინების იძულებითი მიგრაცია, მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ფოტოებზე ჩანს, როგორ გამოიყურებოდა სირიის ყველაზე დიდი ქალაქი - ალეპო 2009 და 2019 წლებში.

სამოქალაქო ომის შედეგები იემენის დედაქალაქ სანაში.

შეიარაღებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში.

პოლიტიკა

​10 წლის გამოწვევაში მონაწილეობა მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. მან საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ორი ფოტო: 2009 წლის - აშშ-ის საელჩო თელავივში და 2019 წლის - აშშ-ის ახალი საელჩო იერუსალიმში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით გაიხსნა.

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თეთრი სახლის სასადილო ოთახის 10 წლის წინანდელი და დღევანდელი ფოტოები შეადარა ერთმანეთს. მარჯვენა ფოტოზე ჩანს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის გუნდს ჰამბურგერებით გაუმასპინძლდა, რადგან აშშ-ის მთავრობის „შათდაუნმა" თეთრი სახლი მომსახურე პერსონალის გარეშე დატოვა.

სპორტი

​ტრენდს არც სპორტული ორგნიზაციები და სპორტის გულშემატკივრები ჩამორჩნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 10 წლის წინანდელი ფორმა ახალს შეადარა და გულშემატკივარს ახალი მაისურების შეძენისკენ მოუწოდა.

დაპირისპირებული გუნდების გულშემატკივრებმა ერთმანეთს მიუძღვნეს ირონიული შინაარსის პოსტები. ამ ფოტოში ჩანს ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ლივერპულის" ბოლო ათი წლის მოღვაწეობის „შედეგი" - თასებისთვის განკუთვნილი ცარიელი თარო.

დორტმუნდის „ბორუსიამ" საფეხბურთო კლუბს, „რედ-ბულ ლაიფციგს", მასთან თამაშის წინ, დაარსების თარიღი #10yearschallenge-ის საშუალებით ტვიტერზე შეახსენა.

საქართველო

პოპულარული ჰეშთეგის გამოყენებით მნიშვნელოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება სცადეს სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმაც.

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 1979 წელს და ახლა.

მართალია, ამ ორი ფოტოს გადაღების თარიღებს შორის 10-ის ნაცვლად 40-წლიანი სხვაობაა, მაგრამ პოსტის ავტორის მთავარი სათქმელი ამ მცირე განსხვავებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეს პოსტი კი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროს 10 წლის წინანდელი მდგომარეობის გახსენებას ეძღვნება.

ამ დროისთვის სულ ეს იყო. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პოსტი გამოგვრჩა, შეგიძლიათ ამ სტატიის კომენტარებში გაგვიზიაროთ. სტატია განახლებადია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG