Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უქმნის თუ არა ძლიერი ყინვა საფრთხეს სოფლის მეურნეობას


წუხელ გორში ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაეცა. ძლიერი ყინვა განსაკუთრებულ პრობლემებს იმ კორპუსებში მცხოვრებლებს უქმნის, სადაც წყალი თვითდინებით არ ადის - ამ დროს წყალი იყინება და მოსახლეობის ერთი ნაწილი უწყლოდ რჩება. დღეს გორის სკოლებშიც მოსწავლეთა სიმცირეა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები მშობლებმა სკოლაში ძლიერი ყინვის გამო არ გაუშვეს. ქალაქის დასუფთავებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები კი საგანგებო რეჟიმით მუშაობენ და ღამის განმავლობაში ქუჩებში ტექნიკურ მარილს ყრიან. ქალაქის მთავარი ქუჩები გაწმენდილია და მძღოლებს გადაადგილების პრობლემა არა აქვთ.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით გორგიშელი აცხადებს, რომ ქალაქის სამსახურები მზად არიან უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებზე რეაგირება სწრაფად მოახდინონ.

უამინდობით შეწუხებულმა ახალი აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა კი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესებას სთხოვენ. გადახურულ დახლებზე ქარს თოვლი მაინც შეაქვს და იქ პროდუქტის დალაგება შეუძლებელია. გარდა ამისა, მოვაჭრეები მომხმარებლის სიმცირესაც უჩივიან.

ბაზრის დირექტორი გოგი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად დახლებზე დროებით გადახურვას გააკეთებენ, ამინდების გამოსვლისთანავე კი არსებული ხარვეზები გამოსწორდება. მისი თქმით, მალე ბაზართან ავტოსადგურიც გადავა და მყიდველის რაოდენობაც გაიზრდება.

რა ზიანის მოტანა შეუძლია ძლიერ ყინვას სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის? გორის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ხუროშვილი კიევიდან დღეს დაბრუნდა. მისი აზრით, მრავალწლიან ნარგავებს 20 გრადუსამდე ყინვაში საფრთხე არ ემუქრება. ამ ტემპერატურამ პრობლემა შეიძლება ყურძენს შეუქმნას, ხოლო ხორბლის ნათესები თუ თოვლის ქვეშაა მოქცეული, მცირე ალბათობაა, რომ მოსავალი განადგურდეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ყინვა კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება და კვირის ბოლოს ტემპერატურა მოიმატებს.
XS
SM
MD
LG