Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაფკასია


დიდი ხანია, კაფკა ჩემი ცხოვრების სპეციფიკურ თანამგზავრად იქცა. ან მე ვაქციე. ზუსტად აღარ მახსოვს. თუმცა აქ და ახლა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კაფკას ლანდისთვის ხშირად სრულიად მოულოდნელ ადგილებში და სიტუაციებში მომიკრავს თვალი. იყო დრო, როცა კაფკაზე დისერტაციის დაცვასაც კი ვფიქრობდი. მაშინ ბევრს ვკითხულობდი და ვაგროვებდი კაფკაზე მასალას. ასე აღმოჩნდა ჩემს ბიბლიოთეკაში ვალტერ ბენიამინის, მორის ბლანშოს, ბორხესის, ბატაის, კამიუს, მაქს ბროდის, კლოდ დავიდის და სხვათა წიგნები, სტატიები თუ წერილები კაფკაზე. კაფკას ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან 1993 წელს გამოსული დევიდ ჯონსის „პროცესი“ თუღა ვარგა – კაელ მაკლაჰლენის, დევიდ ტიულისის და ალფრედ მოლინას მონაწილეობით. სამწუხაროდ, სხვა რეჟისორთა ფილმებში კაფკა ცუდად ან სრულიად ვერგაგებულია. მოკლედ, ის დისერტაცია საბოლოოდ არ დაიწერა. სამაგიეროდ, როგორც უკვე ვთქვი, კაფკა იქცა ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების თანამგზავრად, რომელსაც ამასობაში როგორღაც დავუმეგობრდი კიდეც. მეტიც, მისი ლანდი ჩემს ამა თუ იმ ტექსტში ისე გაიელვებს ხოლმე, თითქოს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი კი არაა, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს და თავისი ნებით მოგზაურობს წიგნიდან წიგნში, მოთხრობიდან მოთხრობაში, წინადადებიდან წინადადებაში. თან ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ დისტანცირებას ვერ ვასწრებ. იმის გარდა, რომ ჩემს ერთ ძველ მოთხრობას „ხსნადი კაფკა“ ქვია, ოდესღაც მე თვითონ კაფკას მოთხრობის, „მეტამორფოზის“ მთავარი პერსონაჟის ფსევდონიმით ვწერდი და ვაქვეყნებდი ჩემს ნაცოდვილარს. კაფკასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ, სანამ საბოლოოდ მარაზმში გადავვარდნილვარ, ამ სენტიმენტალურ შესავალს შევეშვები და ბარემ მთავარ სათქმელზე გადავალ. მით უფრო, რომ სათქმელი კიდევ უფრო სენტიმენტალური მგონია.

მაშ ასე, კაფკას და ჩემს შორის ოდესღაც რაღაც ძაფივით გაიბა. რომელიც, როგორც ახლა ვხვდები, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მოკლდებოდა, თითქოს წვრილ, მაგრამ მტკიცე საცეცივით მექაჩებოდა და მეც თითქმის უნებურად სულ უფრო ვუახლოვდებოდი კაფკას მშობლიურ ქალაქს. სწორედ ამ ძაფმა ჩამომიყვანა საბოლოოდ პრაღაში და ოლშანსკას სასაფლაომდეც მიმიყვანა. დაკვირვებულმა თვალმა ამ მომლოცველობაში ინფანტილიზმზე უფრო, შეიძლება ნეკროფილია ამოიკითხოს. შეიძლება, ორივე ერთადაც. პირველი ხომ ხშირად მეორის სათავეა.

მთავარი შესასვლელიდან კაფკას საფლავამდე 250 მეტრია. ამ მანძილის გავლისას ნახავ, რომ სხვათა საფლავებზე სულ რამდენიმე კენჭი დევს – მაქსიმუმ ათამდე – ისიც უკეთეს შემთხვევაში. ხშირად საფლავთა უმეტესობა მოვლილი, მაგრამ „ცარიელია“ ანუ სრულიად უკენჭოა. კაფკას პატარა საფლავი კი – სადაც მთელი მისი ჯალაბობა მარხია – მთლად კენჭებითაა სავსე. ამა თუ იმ თანამედროვე შენობის დეკორატიული ფრაგმენტი გეგონება. ისე, თვითონ კაფკა დღეს პრაღაში ერთ-ერთ მთავარ დეკორაციად და მასობრივი მოხმარების საგნადაა ქცეული. პრაღის ბაზარზე კაფკა სრულიად უკონკურენტო საქონელია. სიმართლე ითქვას, ცოტა გულის ამრევიც კია ამდენი კაფკა, რომელიც ხან ჭიქიდან გიყურებს, ხან – პლაკატიდან, ხან – კეპიდან, მაისურიდან, ბლოკნოტიდან, კონვერტიდან, თერმოსიდან, ბროშიდან, კალმისტრიდან, კალენდრიდან, სტიკერიდან, ბარათიდან, წიგნის სანიშნიდან, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტიდან, ასანთის კოლოფიდან, ბოთლის გასახსნელიდან, და ა.შ., და ა.შ. გუშინ მაღაზიაში კაფკას სახე მამაკაცის საცვალზეც კი ვნახე. ასეთივე საცვლებზე იქვე ჰომეროს სიმფსონი და სუპერმენი იყო გამოსახული. არ ვიცი, თვითონ კაფკას რა რეაქცია ექნებოდა, საკუთარი ფოტო რომ ენახა მამა სიმფსონსა და სუპერმენს შორის, ისიც საცვალზე. ვინ იცის, შეიძლება, გულიანადაც ეცინა. მით უფრო, რომ საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, იუმორთან მწყრალად კაფკა არასდროს ყოფილა. ეს ხომ ის კაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხრობის პერსონაჟი იღვიძებს რა ერთ შაბათ დილით, აღმოაჩენს, რომ საშინელ მწერად გადაქცეულა. მოკლედ, პრაღაში თითქმის ყველაფერი კაფკათია გაჟღენთილი, ინფიცირებული, შეწამლული... მართლაც, გეგონება, ამ ქალაქში ოდესღაც ახირებულმა მებაღემ ჩაიარა, რომელმაც საგნები და ნივთები უცნაური შემადგენლობის, კაფკასგამოსახულებიანი ქიმიკატით შეწამლა. დღევანდელი პრაღა ქრონოტოპოსია – დრო-სივრცე, სადაც კაფკა ნებისმიერ როკ-, კინო- თუ რელიგიურ ვარსკვლავსა და ტოპ მოდელს აჭარბებს ცნობადობით. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, ეს ადგილი ერთგვარ კაფკასიადაც კი წარმოვიდგინოთ.

თუმცა, ამდენი კაფკა ოლშანსკას მონახულების შემდეგ ვნახე. მანამდე კი, როგორც ჩანს, კაფკას საფლავისთვის არა მარტო ცნობიერად, ქვეცნობიერადაც არ მიმინიჭებია გამაღიზიანებლის ფუნქცია, არ წარმომიდგენია იგი ერთგვარ ემოციურ სტიმულატორად. შესაბამისად, არც გამკვირვებია, იმ მომენტში ჩემს ტვინში ქიმიური რეაქცია რომ არ მომხდარა, და სრულიად მშვიდად, აუღელვებად მოვინახულე ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე უპრეტენზიო და კომფორტული თანამგზავრი, შეიძლება ითქვას, თავისებური პარტნიორიც კი, მარხია. მივედი ისე, ყოველგვარი ზეამოცანის გარეშე. ასე რომ, ამას ვერც განჯადოებას დავარქმევ, ვერც ჭიპლარის გადაჭრას. აქ მაინცდამაინც ვერც რამე თერაპიის მსგავსს ვხედავ. ამ მშვიდ ვიზიტს ერთადერთი ფრაზით შევაჯამებდი: „მივედი, ვნახე, წამოვედი“.
XS
SM
MD
LG