Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძეგლები, როგორც ცოცხალი არსებები


შოთა რუსთაველის ძეგლი
შოთა რუსთაველის ძეგლი

როგორია თანამედროვე ქართული ქანდაკება და თბილისში ქანდაკებების განთავსების პოლიტიკა? ვის და რატომ უდგამენ ძეგლებს თბილისში?

იყო დრო, თბილისში თითო-ოროლა ძეგლი იდგა. დროთა განმავლობაში გაიზარდა ქალაქი და მასთან ერთად გაიზარდა მის ქუჩებსა და სკვერებში დადგმული ძეგლების რაოდენობაც. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, როგორც წესი, ძეგლებს უდგამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კარგად გამოხატეს კონკრეტული საზოგადოების ღირებულებები, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი:

„ასევე განმსაზღვრელია პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგია, ფაქტობრივად, კონკრეტული საზოგადოებების ღირებულებები და ძალაუფლების ტიპი განსაზღვრავს, თუ ვისი ძეგლი იქნება დადგმული. ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ კიდეც, თუ ვიცით საზოგადოების ღირებულება, ვისი ძეგლები შეიძლება დაიდგას“.

საბჭოთა კავშირის დროს დადგმული ქვისა და ლითონის ბელადები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აიღეს. ძეგლების დადგმის ახალი ტალღა დაიწყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განსაკუთრებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, როცა გადაწვეტილებას, დიდწილად, კვლავ ხელისუფლება იღებდა, თუმცა უკვე განსხვავებული პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.

მზარ ჯგერენაია
მზარ ჯგერენაია

„ჩვენ ნაციონალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. თანამედროვე სახელმწიფოები ეს ერი-სახელმწიფოები არიან, ფაქტობრივად, და ამიტომ ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომლებიც კონკრეტულმა საზოგადოებამ მიიჩნია თავისთვის მნიშვნელოვან ადამიანებად, იმ ადამიანებად, რომლებმაც ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად გამოთქვეს ნაციონალური იდეა, აზრი ან რომლებიც კონკრეტულმა საზოგადოებამ გმირებად შერაცხა, ანუ ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შეიძლება პირდაპირ არ არიან დაკავშირებული ბრძოლასთან ან ომთან, მაგრამ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი ღვაწლი აქვთ საზოგადოების წინაშე: დიდი მსახიობები არიან ან დიდი მწერლები და ა.შ.“ – უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

ერთი სიტყვით, შეიცვალნენ ძეგლები, მაგრამ, როგორც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ამბობს, დიდად არ შეცვლილა ესთეტიკა. ქანდაკება ვერ გათავისუფლდა საბჭოთა ტრადიციისგან, როცა ძეგლს, დამოუკიდებელი ესთეტიკური ფუნქციის ნაცვლად, პროპაგანდისა და ვიღაცის განდიდების ფუნქცია აქვს.

„იშვიათ გამონაკლისებს და ინდივიდებს თუ არ შევეხებით, ტენდენცია არ შეცვლილა. ტენდენცია კი გულისხმობს რეალისტური პორტრეტების შექმნას და აქ ყველაზე მთავარია შინაარსი: რომელიმე ინდივიდის განდიდება. ეს არის ქანდაკების მთავარი მახასიათებელი. რა შეიცვალა საბჭოთა პერიოდის შემდეგ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქოს ერი, საზოგადოება ცდილობს ძველი კულტები, რომლებიც არაეროვნულად მიაჩნია, ჩაანაცვლოს სუფთა ეროვნული სახეებით. ამიტომ, იგივე ფორმისა და იგივე დამოკიდებულების კონტექსტში, ფარგლებში, ვდგამთ იმ კონკრეტული პიროვნებების ბიუსტებს და ქანდაკებებს, რომლებიც, დამსახურებით თუ დაუმსახურებლად, თავის სფეროში გარკვეულ მნიშვნელობას ატარებდნენ“.

გადაწყვეტილებას თბილისში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე იღებს თბილისის მერი, ე.წ. მიზანშეწონილობის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ნინო ნიშნიანიძე, თბილისის მერიის ქალაქგაფორმების ტექ. უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი განმარტავს:

„მერი მსჯელობს თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ, ამავდროულად, ეს თანხმდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და მხოლოდ მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ მოემართა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციისაკენ, რათა მოხდეს ტექნიკური პირობების შემუშავება სპეციალური კომისიის მიერ. ამის შემდეგ ცხადდება კონკურსი. კომისიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არიან დარგის სპეციალისტები: სამხატვრო აკადემიის, მხატვართა კავშირის, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მსჯელობენ შემოტანილ წინადადებებზე. მსჯელობა ასევე მიმდინარეობს წინადადებების ორი კრიტერიუმით: ერთი ეს გახლავთ ვიზუალური მხარე – ძირითადი კრიტერიუმი და მეორე, დამატებითი – წინადადების ფასი. ამის შემდეგ შეირჩევა საუკეთესო ესკიზი და საკონკურსო წინადადება, რის შემდეგაც წარედგინება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს“.

კულტურის სამინისტროში ძეგლის დადგმის მიზანშეწონილობაზე საექსპერტო საბჭო მსჯელობს, თუმცა, როგორც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა კიკვაძე ამბობს, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს რეკომენდაციასთან.

„ჩვენ განვიხილავთ უშუალოდ კონკრეტული სკულპტურის მხატვრულ-ესთეტიკურ დონეს და მის სივრცეში თავსებადობას. აი, ეს არის აუცილებელი პროფესიული დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ავტორმა, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ძეგლის დადგმის აკრძალვა. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ დაგვიდია კატეგორიულად უარყოფითი დასკვნა, გამართულა რამდენიმე განხილვა კონკრეტული დაწუნებული პროექტის გარშემო, ყოფილა გამოსწორებული რაღაცები, გათვალისწინებული და ამის შემდეგ განხორციელებულა ეს პროექტი“.

გარდა რეკომენდაციებისა, რამდენიმე თვეა, შემოღებული იქნა სხვა სახის შეზღუდვაც. აღარ შეიძლება ამა თუ იმ პირისთვის ძეგლის დადგმა, ვიდრე მისი გარდაცვალებიდან არ გავა, სულ ცოტა, ოცი წელი, მემორიალური დაფის შემთხვევაში, ეს ვადა ხუთი წლით შემოიფარგლება. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში თბილისში მასობრივად დაიდგა ახალგარდაცვლილი მსახიობებისა თუ პოლიტიკოსების ძეგლები, მემორიალურ დაფებზე კი ისეთი ადამიანების გვარ-სახელები იკითხება, რომლებსაც მხოლოდ უბნებსა და ვიწრო პროფესიულ წრეებში იცნობენ. მაინც, რა შეიძლება იყოს ახალგარდაცვლილი ადამიანის ნაჩქარევად ძეგლად ქცევის სურვილის მიზეზი? ამ კითხვის პასუხად სოფო კილოსანია ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების და ამა თუ იმ სოციუმის გარიგება:

სოფო კილოსანია
სოფო კილოსანია

„ვიღაცას რაღაც სჭირდება, ვიღაცას ამბიცია აქვს ანდა – ტკივილი აქვს და ამას ოჯახი ან რომელიმე სოციუმი იკმაყოფილებს და ხელისუფლება მას ამ სიამოვნებას ანიჭებს, ისევე, როგორც პოტენციურ ამომრჩეველს ან ელიტას, რომელიც მერე რამეში გამოადგება და იყენებს ამ რესურსს. საზოგადოებისთვის არაფერს ეს არ ნიშნავს. ხანდახან, საერთოდ, შეუმჩნეველი ხდება. აქ უკვე სხვა დიდ პრობლემამდე მივდივართ, როგორიც არის საზოგადოებრივი სივრცეებისადმი საზოგადოების გულგრილობა იმიტომ, რომ საზოგადოებას წაართვეს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ელიტებმა განცდა საკუთარი უფლებებისა, მათ შორის, საზოგადოებრივ სივრცეზე, სკვერზე, პარკზე და ქალაქზეც კი“.

არადა, ძეგლებით საზოგადოება უნდა ქმნიდეს მეხსიერების ადგილებს, რომლებთანაც დაკავშირებული იქნება საზოგადოების კოლექტიური ღირებულებები, შესაბამისად, როგორც სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, ძეგლებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოების მხარდაჭერა, ისინი არ უნდა იდგმებოდნენ პოლიტიკური სისტემების ძალადობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, საზოგადოება ძეგლებსაც ისე მოექცევა, როგორც ექცევა ცოცხალ არსებებს.

„მათ გადავასახლებთ, გავანადგურებთ, გავიტანთ, ზოგჯერ შემოვიტანთ, ამიტომ არიან ძეგლები, რომლებიც ადგილს არასოდეს არ შეიცვლიან, მაგრამ არიან ძეგლები და, განსაკუთრებით, ეს ეხება პოლიტიკის სფეროს, როცა ის ძეგლი, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემ თვალწინ „ტრიალებდა“ და ყოველდღე მიწევდა მისი ყურება, დღეს ეს ძეგლები აღარ არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცვლებით და, შესაბამისად, ვცვლით ძეგლებს, ვდგამთ ახლებს და ის, რაც პოლიტიკური კონიუნქტურის, იდეოლოგიის ან ძალაუფლების გამო გაჩნდა, ამ ძეგლებს ჩვენ ადვილად ვწირავთ ხოლმე“, – უთხრა ემზარ ჯგერენიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG