Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადიანების მუზეუმისთვის გაყიდული მიწის დაბრუნებას კულტურის მინისტრი შეეცდება


დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დადიანების ეზოს ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებული დეტალების შესასწავლად ზუგდიდში მუზეუმის დირექტორსა და გამგეობის წარმომადგენლებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია შეხვდა. მან მიწის ნაკვეთების კერძო პირისთვის მიყიდვას „გაუგონარი მოვლენა“ უწოდა:

„უკვე როდესაც გავეცანი საკითხს, რამდენიმე კითხვის ნიშანი გამიჩნდა და არსებობს ეს კითხვის ნიშნები. მე როდესაც ჩავალ თბილისში, შევიკრიბებით, მანდ იქნებიან სპეციალისტები და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მუზეუმს და ქალაქს კანონის ფარგლებში დაუბრუნდეს ეს მშვენიერება. რაც მთავარია, თუ საჭირო გახდა, შესაბამისი ორგანოები გამოიკვლევენ ამ ვითარებას“.

მინისტრის განმარტებითვე, მას დადიანების ეზო მუზეუმის საკუთრება ეგონა და მისი გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა:

„ჩვენ ახლა მუზეუმის ტერიტორიაზე ვდგავართ და მეც მეგონა ადრე, რომ ეს ტერიტორია იყო მუზეუმის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ნაწილი გასხვისებულია, გაფორმებულია კერძო პირზე“.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, მან მინისტრს დღეს ერთადერთი თხოვნით მიმართა:

„ვთხოვე, რაც ადრე ჰქონდა დადიანების სასახლეს, იმ ტერიტორიების დაკანონება და მე ვიცი, რომ ეს ასეც იქნება“.

ლილი ბერაია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.

თავად დადიანების ეზოს ნაწილის მფლობელის, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან ქარდავას განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია - დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრი - 2007 წელს, კანონის დაცვით, აუქციონის წესით შეიძინა და მასში გადაიხადა, დაახლოებით, 135 ათასი ლარი. ქარდავა ამბობს, რომ ეს არ არის მუზეუმის კუთვნილი ტერიტორია და ეს იყო სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწა და რომ ამ ტერიტორიაზე მას სასტუმროს აშენება სურდა, რომელიც უკრაინაში დადიანების სახლის ანალოგი იქნებოდა. ბიზნესმენთან ინტერვიუ დღეს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

ქარდავა ასევე აცხადებს, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა ქალაქის განვითარების გეგმაში და მან ეკონომიკის სამინისტროსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, რომ მიწაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მიწას კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნებდა.

ლევან ქარდავას თქმით, ხუთი წლის განმავლობაში მას შეეძლო ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აეშენებინა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს საზოგადოებასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიას განცხადებებს, ქარდავა აღნიშნავს, რომ ლილი ბერაიამ 2007 წელსვე იცოდა, რომ ეს მიწა იყიდებოდა. ქარდავა აცხადებს, რომ ეს არ არის მუზეუმის კუთვნილი ტერიტორია - ეს იყო სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწა. ლევან ქარდავას თქმით, თუკი საზოგადოება ამ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობის წინააღმდეგი იქნება, მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შემდეგ, იგი მიწას სახელმწიფოს დაუბრუნებს.
XS
SM
MD
LG