Accessibility links

ზუგდიდში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დასრულდა


ზუგდიდში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16-დღიანი კამპანია დასრულდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. გამოწვევების პარალელურად საუბარი ვითარების შეცვლის გზებსაც შეეხო. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად აუცილებელია კონკრეტული ქმედებებიც, სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტიური მოქალაქეების ჩართვით, რათა მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც დანაშაულის, გაცნობიერებაც და, ამასთანავე, პრევენციისთვის გადაიდგას სხვა ნაბიჯებიც.

„წარმოვადგინეთ პრეზენტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ძალადობები არსებობს. მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე. ვღებულობ მონაწილეობას პერფორმანსში. დღეს ვცდილობთ ცნობიერების დონე ავამაღლოთ იმაზე, თუ რა არის, ზოგადად, ოჯახში ძალადობა და რა სახის შეიძლება ის იყოს“, - განაცხადა კოჩა ჩანგელიამ.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელ ციცინო შენგელიას განცხადებით, აღნიშნული კამპანიით პრობლემა ვერ გადაიჭრება, საჭიროა თემის ხშირად აქტუალიზება, გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან, პერმამენტული საუბრები:

„ამ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა ათზე მეტი შეხვედრა. ამ შეხვედრების შედეგი იყო ის გამოხმაურება, რაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ დაგვიკავშირდა რამდენიმე ქალბატონი, რომელიც იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ისინი პარტნიორ ორგანიზაციებთან გადავამისამართეთ. შესაბამისად, მგონია, რომ მიზანი, რაც არის ამ 16-დღიანი კამპანიის, მიღწეულია“.

თავის მხრივ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელ ნათია ბჟალავას თქმით, ხშირად აქცენტირება ხდება მსხვერპლზე, თუმცა ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობენ მოძალადის რეაბილიტაციაზე, მის დახმარებაზე:

„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე, მაგრამ ნაკლებად ვსაუბრობთ, რა ინტერვენციები უნდა გავატაროთ ამ კუთხით, რა სარეაბილიტაციო პროგრამები უნდა შევთავაზოთ მოძალადეს, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული და მოძალადის უფლებაც დაცული იყოს შესაბამისად ქვეყანაში. უნდა მოვახდინოთ მისი რეაბილიტაცია, რეინტეგრაცია საზოგადოებაში, და არა, პირიქით, გარიყვა“.

კამპანია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით 1991 წლიდან იმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს მისი სლოგანია „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“. კამპანიის მიზანია ქალებზე ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და პრობლემის გადასაჭრელად მისი მობილიზება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG