Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდის თემის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება. გამგებელ ლაშა გოგიას მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა. ცვლილების თანახმად, გამგეობის სამსახურების ნაწილი გაუქმდება ან გაიყოფა, ზოგიერთი კი სხვა სამსახურს შეერწყმება. საბოლოო ჯამში, როგორც თემის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ დეპუტატებს უთხრა, სამსახურების რაოდენობა არ იცვლება:

„სამსახური იგივე რჩება, რა რაოდენობაც იყო, ანუ გვეყოლება ისევ 13 თანამდებობის პირი - გამგებელი, მისი ორი მოადგილე და, რა თქმა უნდა, სამსახურების ხელმძღვანელები“.

რეორგანიზაციის შედეგად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური რჩება უცვლელი. რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, მისგან გამოიყოფა შესყიდვების განყოფილება და ორად გაიყოფა. გამგებელმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია ქვეყნის მასშტაბით ტენდერების გამოცხადების კუთხით, ამიტომ მხოლოდ ერთი განყოფილება ვერ უზრუნველყოფს ყველა სამუშაოს შესრულებას. ამ მიზეზით, ცალ-ცალკე იქნება სამშენებლო სამუშოებისა და პროექტების განყოფილება და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება.

„ფაქტიურად, რეორგანიზაცია კადრებს არ ეხება. გადანაწილება მოხდება ერთი სამსახურიდან მეორეში. უბრალოდ, სოფლებს ემატება 15 შტატი - სპეციალისტების შტატები. აქედან გამომდინარე ადმინისტრაციული ხარჯი არ იზრდება, პირიქით, შემცირდება. რეორგანიზაცია გამოიწვია იმან, რომ გამგეობის სტრუქტურებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ“.

ეკონომიკური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურს მხოლოდ სახელწოდება შეეცვლება და იქნება მუნიციპალური ქონებისა და სერვისების სამსახური.

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური ორად გაიყოფა - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის და სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურებად.

გამგეობის რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. ამ პროცესს წინ უძღოდა ატესტაციის პროცესი, რომლის შედეგად, საერთო ჯამში, გამგეობიდან 27 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 11-მა მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG