Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ახალი საცხოვრებლები გადასცეს


დევნილთა საცხოვრებლები ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებლები ზუგდიდში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ გადასცეს. დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესაკუთრეებისგან 300 000 ლარად გამოისყიდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „თი ემ“-მა, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

რეკონსტრუქციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა.

„ტენდერის გზით მოხდა რეაბილიტაცია. მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯა. ბინები გარემონტდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. ამ შენობაში 32 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა მძიმე საცხოვრებელ პირობებში და დღეს უკვე ისინი თანამედროვედ გარემონტებულ ბინებში იცხოვრებენ. გარდა ამ შენობაში მცხოვრები ოჯახებისა, 15 ბინა გავანაწილეთ კონკურსის წესით, ქულების სისტემით. მათ უკვე დღეიდან შეუძლიათ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ახალ სახლებში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 27 - ოროთახიანი და 6 -სამოთახიანი.

„მივიღეთ სამოთახიანი ბინა. მანამდე ერთი წელი ქირით ვცხოვრობდით. ქირის ფულს სახელმწიფო იხდიდა. როგორც იქნა, ვეღირსეთ ბინას. ყველა დევნილს ვუსურვებ ასეთ საჩუქარს, იმიტომ რომ ვიცი, ბევრი ელოდება ჯერ კიდევ ბინას“, - ამბობს დევნილი ეკა ქაჯაია.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში გარემონტებულ შენობებში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 343 დევნილ ოჯახს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი შეუსყიდა 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, უახლოეს მომავალში 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 4 კორპუსის მშენებლობა 288 დევნილი ოჯახისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG