Accessibility links

სოფელ ჭალეში მოსახლეობა ელექტროენერგიის ალტერნატიული ხაზის გაყვანის წინააღმდეგია


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში შპს „კავკასენერგოს“ წინააღმდეგ გამოდიან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, კომპანია აპირებს ჭალეში ხუთი ელექტროგადამცემი ბოძი განათავსოს, რომელზეც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უნდა გაიყვანონ, რაც, ადგილობრივების აზრით, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება. სოფლის მცხოვრებლები კომპანიისგან ან უსაფრთხო ადგილას შესაბამისი პირობებით განსახლებას, ან ადგილზე უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვენ. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სწორედ მათი პროტესტის შედეგია ის, რომ ორი წლის განმავლობაში კომპანიამ ვერ მოახერხა დაგეგმილი სამუშაოების დასრულება.

ჭალეში მცხოვრები როზა ჩხაპელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის არავის გაუფრთხილებია და არანაირი შეთავაზება არ ჰქონია, მიმდინარე სამუშაოებით ხდება მისი თხილნარისა და ეზოს ნაწილის ათვისება:

„თუ სხვა გამოსავალს არ მიტოვებს, მაშინ გაგვიშვან აყრაზე, მომცეს ჩემი კუთვნილი თანხა და გადავსახლდები სხვაგან. ეს არ უნდათ, ეს სამუშაოები შენ არ გეხებაო. თუ არ მეხება, მაშინ მოვიდეს კომისია, შეამოწმონ, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი“.

„500 ვოლტი მოდის ერთ მხარეზე, იგივე ოდენობის ბრუნდება უკან. ეს უკვე 1000 ვოლტზეა ამ სადენებზე საუბარი“, - ამბობს ასევე ჭალეში მცხოვრები მანანა აქუბარდია.

უკმაყოფილო მოქალაქეების პასუხად შპს „კავკასენერგოში“ აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ყველა შესაბამისი სამსახურების დასკვნისა და ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. სოფელში მცხოვრებთა შიშებს კი უსაფუძვლოს უწოდებს „კავკასენერგოს“ წარმომადგენელი თემურ ჭანტურია. მისი სიტყვებით, მოსახლეობას ყველა საჭირო დოკუმენტაციის დართვით დეტალური ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა, შედგა შეთანხმება, რომლითაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კმაყოფილია:

„ეს არის უსაფუძვლო შიშები. ეს აქვს მოსახლეობის მცირე ჯგუფს, თორემ სხვა იქ კმაყოფილია. 70 %-ისთვის გაფორმებულია ხელშეკრულება და კომპენსაციებიც გადახდილია. ისინი კომპენსაციის ოდენობით კმაყოფილი არიან. ამ ჯგუფს სწორედ ამ კომპენსაციის რაოდენობა არ აწყობს. ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ან მოვუმატოთ და ან დავუკლოთ ამ თანხას, რასაც სამხარაულის საექსპერტო ბიურო, საერთაშორისო ექსპერტები და აუდიტები აფასებენ“, - განაცხადა თემურ ჭანტურიამ. მანვე დასძინა, რომ არ აქვს უფლება დაასახელოს კომპენსაციის თანხა, თუმცა ირწმუნება, რომ ის სოლიდურია.

„კავკასენერგოს” ინფორმაციით, სახელმწიფო ენერგოსისტემის დაკვეთით შენდება ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზი. პროექტი დაფინანსებულია ევრობანკის, მსოფლიო ბანკისა და აზიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ. გარკვეული თანხები საამისოდ გაღებულია ქვეყნის ბიუჯეტიდანაც.

„კავკასენერგოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი. კერძოდ კი, შენდება სარეზერვო ხაზი, რომელიც ქვეყანას ცენტრალურ სადენებზე ავარიის შემთხვევაში მოემსახურება და უზრუნველყოფს უწყვეტ ენერგომომარაგებას.

თავის მხრივ, მოსახლეობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მოთხოვნის შეუსრულებლობამდე პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG