Accessibility links

ახალი ბინის მიმღებთა სიის გამოქვეყნებას ზუგდიდში დევნილთა პროტესტი მოჰყვა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას მიიღებენ. სიების გამოქვეყნებას, რომელსაც თან ახლავს ახალი ბინის მიმღებთა სარეიტინგო ქულები, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებთა უკმაყოფილება მოჰყვა. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ქულათა შეფასების სისტების მიხედვით სიაში ვერ მოხვდნენ. სპეციალური კომისიის მიერ დადებული შედეგით უკმაყოფილო იძულებით გადაადგილებული პირები სამინისტროს ტერიტორიული სამმართველოს ზუგდიდის ოფისში შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

გალელი ვალენტინა აბაკელია ამბობს, რომ ის ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ახალი საცხოვრებელი ბინის მისაღად. მიუხედავად ამისა, სიაში საკუთარი სახელი და გვარი ვერ იპოვა:

„სადაა სამართალი, ვერ გავიგე. შარშან მითხრეს, რომ მომავალ წელს პირველი აუცილებლად თქვენ იქნებითო. პირველად სია რომ გამოქვეყნდა, სიაში მეოთხე ვიყავი. მეორედ, რომ გაასაჩივრეს და გამოაქვეყნეს, მეთექვსმეტე ვიყავი. ყველა იყო ჩემთან. ნახეს, რა მდომარეობაში ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავედი“.

„მეორე წელია, ამათ დავდევ და პასუხი ვერაფერი ვერ მივიღე. ყველამ იცის ჩემი პირობები. ჩემთან ყველანი ისხდნენ, სიებს წერდნენ. არც ერთ სიაში მე არ ვარ, რა მოხდა ჩემს მიმართ“, -ამბობს ასევე გალიდან დევნილი თამარ ოყუჯავა.

სამმართველოში შეკრებილ უკმაყოფილო მოქალაქეებს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა. გრიგოლ გიორგაძე მათ დაჰპირდა, რომ დეტალურად განიხილავენ პრეტენზიის მქონე თითოეული მოქალაქის მონაცემებს, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში კი გამოასწორებენ:

„ჩვენ სამინისტროდან ჩამოსული ვართ დიდი ჯგუფი იმისთვის, რომ შევხვდეთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ მიიღო ბინა. თუ რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, გამოსწორდება. ინდივიდუალურად ვხვდებით ყველა ადამიანს და დეტალურად იქნება ყველაფერი განხილული. ჩვენ ორი დღის განმავლობაში აქ ვართ და რომც გათენებამ მოგვიწიოს, მზად ვართ ამისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ყველაფერი სრულდება. ჩვენ ზუგდიდში კიდევ ვაშენებთ და იგეგმება ახალი კორპუსების მშენებლობაც. ასე რომ, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ადამიანებმა, ვისაც ბინა არ აქვს, მიიღონ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს გადასცემს საცხოვრებელ ფართს.
სამინისტროს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია იმ ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინებს მიიღებენ. შედეგად ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი იხურება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნებისმიერ დევნილს, რომელსაც აქვს შეკითხვები ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან. დევნილების მიღება ზუგდიდში, სამინისტროს ტერიტორიულ სამმართველოში, გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG