Accessibility links

ზუგდიდის თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და ძირითადად პირადი კომფორტისთვის იყენებს. პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ლევან თორიამ ჟურნალისტებს წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტისა და ქალაქის თვითმმართველობების მიერ სარესტორნო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ტენდერების შედეგები გააცნო.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, საერთო ჯამში, მოცემულ პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებში 70 821, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებისთვის 1 699 434 ლარი დაიხარჯა.

„წელიწადსა და ექვსი თვის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიირთვეს 25 ათასი გრამი ყველი, 28 ათასი გრამი ელარჯი, თითქმის 500 ცალი ხაჭაპური, 20 ათას გრამზე მეტი გებჟალია, 159 ათასი გრამი მწვადი. ანუ „ქართული ოცნება“, რომელიც მოვიდა დაპირებებით ხალხისთვის და ხალხის სასიკეთოდ, გამოვიდა ისე, რომ ეს ხელისუფლება ფიქრობს მხოლოდ პირად სიამოვნებაზე და პირად კომფორტზე“, - განაცხადა ლევან თორიამ.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი მონაცემები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ხარჯებისა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისთვის იყენებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბრიფინგზე მოყვანილი ციფრები თვითმმართველობებში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია. მამუკა წოწერიას სიტყვებით, აშკარად ციფრების მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. მისი მტკიცებით, საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯები 2016 წელს შეადგენდა 259 ათას ლარს.

როგორც გამგებლის მოადგილე განმარტავს, სარესტორნო მომსახურების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სტუმრად იმყოფებიან ოფიციალური პირები. მამუკა წოწერიას სიტყვებით, ის, რომ ბიუჯეტში მსგავსი ხარჯებითვის თანხებია გათვალისწინებული, არის ნორმალური და მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც.

„რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ჩვენ წლის განმავლობაში საკრებულოს და გამგეობას, ორივეს ერთად, გვქონდა 5 949 ლარი. შედარებისთვის მინდა მოგიყვანოთ 2012 წლის მონაცემები იგივე სახის ხარჯებთან დაკავშირებით. 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯებისთვის დახარჯული აქვს 480 ათას ლარზე მეტი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 45 ათას ლარამდე. ეს მაშინ, როცა არც ერთ 48 ადმინისტრაციულ ერთეულს არ ემსახურებოდა არც დასუფთავების სამსახური და არც კეთილმოწყობის სამსახური“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ბრალდებებს უარყოფენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს მაია ღუბელძის სიტყვებით, „პარტიის მიერ წარმოდგენილი ციფრები რეალობას აცდენილია, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და მიიღოს დადასტურებული პასუხი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG